მეღვინეებმა ახლის მოძიებას ძველის შენარჩუნება ამჯობინეს

მეღვინეებმა ახლის მოძიებას ძველის შენარჩუნება ამჯობინეს

[გიორგი ბექაური]

ქართველმა მეღვინეებმა ახალი ბაზრის ათვისებაზე, დროებით, ხელი ჩაიქნიეს. შარშანდელმა შედარებითმა წარმატებამ ღვინის კომპანიები ძველი ბაზრების შენარჩუნებაზე შეაჩერა. ღვინის რეალიზაციის მაჩვენებელი წელსაც მზარდია, თუმცა შარშანდელის მსგავსი ნახტომი, ალბათ, არ დაიფქსირდება.

თითქმის ყველა კომპანის წარმომადგენელი საუბრობს რეალიზაციის ზრდაზე და აცხადებს, რომ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვამ 15-20 პროცენტით მოიმატა.

„ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის მოადგილის ლაშა სულაძის ინფორმაციით, 2011 წლის პირველი ნახევარი, 2010 წლის იგივე პერიოდს სჯობს. თავის მხრივ, ბევრად უკეთესი იყო 2010 წელი 2009 წელთან შედარებით. კომპანიას საკუთარი ღვინოები გააქვს როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე აზიაში, მათ შორის ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც ჩინეთია.

„წლის პირველი ნახევარი, შეიძლება ითქვას, სტაბილური იყო. ცოტა ზრდაც გვაქვს, თუმცა რეალური ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენი ნაწარმი, ძირითადად, უცხოეთში გაგვქვს. ახალი ბაზარი არ აგვითვისებია, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.  მოლაპარაკებებს მინიმუმ 7 თვე მაინც უნდა. აქცენტს ევროპულ ქვეყნებზე გავაკეთებთ.

„ქინძმარაულის მარანი“ კარგად იყიდება პოლონეთსა და უკრაინაში. ჩინეთში შარშან დავიწყეთ რეალიზაცია, ჯერჯერობით აქტივობა მცირეა, მაგრამ პერსპექტიულია და ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები იდგმება. მეტ-ნაკლებად მაინც კარგი წელია. შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით, 15-20 პროცენტით მეტი გაიყიდა.

შარშან დავიწყეთ ახალი ბაზრებზე შესვლა, რომელიც მეტ-ნაკლენად წარმატებული გამოდგა.  წლის ბოლომდე, ჩვენი ვარაუდით, 20-25%-იანი ზრდა გვექნება“, - აღნიშნა ლაშა სულაძემ.

„თელიანი ველის“ გენერალური დირექტორის შოთა ხობელიას განცხადებით, წლეულს რეალიზაციის ზრდა ფიქსირდება. აქცენტი კომპანიამ ძველ ბაზრებზე გააკეთაა, ახლის ათვისება კი არ მომხდარა.

„ისედაც დიდი არეალი გვაქვს. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება. კომპანია ექსპორტს ახორციელებს 25-ზე მეტ ქვეყანაში: ბელორუსი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ფინეთი, ამერიკა, სინგაპური, თურქეთი და სხვა ქვეყნები. გაყიდვების მხრივ ყველაზე აქტიური პერიოდი მაინც ოქტომბერ-ნოემბერი და დეკემბერია. წლის ბოლომდე რეალიზაციის მნიშვნელოვან ზრდას ვვარაუდობთ.

პირველ 6 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია, ძირითადად, ექსპორტის ხარჯზე და არა ადგილობრივ ბაზარზე. ახალ ბაზრებზეც არის მოთხოვნა, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას მომავალი წლიდან გავააქტიურებთ. ყველაზე კარგი ჩვენთვის ტრადიციულად პოლონეთის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზრებია. ამ ბოლო დროს ჩინეთიც, სადაც არის შეკვეთებიც და გადატვირთვებიც“, - ამბობს შოთა ხობელია.

წლის პირველი ნახევრის მდგომარეობას დადებითად აფასებენ „წინანდლის ძველ მარანშიც“, მაგრამ ციფრებს არც აქ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ სიტუაცია ამ პერიოდში, გასულ სეზონთან შედარებით, უკეთესია.

„ნორმალური მდგომარეობაა. რეალიზაციის თვალსაზრისით, ზრდა გვაქვს და წლის ბოლომდე კიდევ უფრო მოიმატებს. ძირითადად, ძველ ბაზრებზე ვმუშაობთ, მაგრამ ახლის ათვისებასაც ვგეგმავთ.  მოლაპარაკებებს სულ მცირე 6-7 თვე მაინც უნდა. ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ, სიახლეებს მომავალი წლისთვის ვვარაუდობთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

2005 წელს საექსპორტოდ 72 მილიონი დოლარის ღვინო გავიტანეთ.  2006 წელს კი მხოლოდ 38,8 მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. მას შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო აღარ მოხვედრილა.