[თეონა ხარაბაძე]
4 წლიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი, როგორც იქნა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსს დაუბრუნდა და პირველი მოსმენით მიიღო კიდეც. მაგრამ, 2007 წელს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ და პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტებს შორის არსებითი სხვაობა აღმოჩნდა.
კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში სანქციები გაზრდილი იყო ყველა პარამეტრით. პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში კი სანქციების ნაწილი უცვლელად არის დარჩენილი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს მოქმედებს. ამასთან, ამ ნაწილიდან ძალიან ბევრი მუხლიც ამოღებულია. თუმცა, ზოგადი დებულებები თავიდან ბოლომდე შეცვლილია და ცვლილებები საკმაოდ არსებით ხასიათს ატარებს.
ზოგად დებულებებში იცვლება ფუნდამენტური საკითხები. ამათგან კი ოპოზიცია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცვლილებად ადმინისტრაციული დაკავების ვადის გაორმაგებას მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 27 აპრილამდე ადმინისტრაციული დაკავება 3 საათით იყო განსაზღვრული. შარშან კი გახდა 12 საათი და ახლა, კანონპროექტის თანახმად, უკვე 24 საათი ხდება.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ „ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს და ამ ვადის დენა იწყება პირისთვის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან“.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება დაუსაბუთებელია და მისი განხორციელება არ შეიძლება.
„მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ჩანაწერი. თქვენ იცით, რომ ადმინისტრაციულ დაკავებას არანაირი სანქცია არ სჭირდება, არც პროკურორის, არც სასამართლოსი. ამ 24 საათში პოლიცია რას გააკეთებს, კაცმა არ იცის. მე ვფიქრობ, რომ იმ პირობების დადგენა, რაც 12 საათში იყო შესაძლებელი, შესაძლებელია უფრო ნაკლებ დროშიც, მაგრამ კი ბატონო, იყოს 12 საათი, რადგან ეს უკვე ძალაშია შესული. მაგრამ რისთვის არის აქ 24 საათი საჭირო, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
ამასთან, კანონპროექტს საერთოდ ახალი თავი ემატება, რომელიც ადმინისტრაციულ დარღვევებთან დაკავშირებით საპროცესო გარიგების შემოტანას ითვალისწინებს. ოღონდ, სისხლის სამართლის საპროცესო გარიგებისგან ცოტა განსხვავებული ფორმით.
„ადმინისტრაციული შეთანხმება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებას. ამის საფუძველია სამართალდამრღვევი პირის მიერ დანაშაულის აღიარება. ადმინისტრაციული შეთანხმების სახდელად შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ჯარიმა“, - ნათქვამია კანონპროექტში.
სწორედ ამიტომ ცაგარეიშვილი შიშობს, რომ „ეს პირდაპირ გადაიქცევა ფულის საბეჭდ მანქანად ხელისუფლების ხელში“.
„აქ მხოლოდ ფულზეა საუბარი. ეს ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერი სახდელი შეცვალოს ჯარიმით. ეს პირდაპირ შემოსავლის ახალ წყაროდ გადაიქცევა და დაიწყება გაცხარებული ვაჭრობა ყველა ადმინისტრაციულ ფაქტთან დაკავშირებით ისე, რომ სასამართლომდე არ მივიდეს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
კანონპროექტის თანახმად, საერთოდ უნდა გაუქმდეს „ადმინისტრაციული გაფრთხილების“ ნორმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ადმინისტრაციული სახდელის ერთ-ერთი სახე არის გაფრთხილება. კანონპროექტში კი გაფრთხილება ამოღებულია და ადმინისტრაციული სახდელების სახეობები პირდაპირ ჯარიმიდან იწყება.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი ორგანოებიდან ამოდის რამდენიმე. მათ შორის სახალხო დამცველის ოფისი და ცესკო.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველს შეუძლია, მისი კანონიერი განკარგულებების შეუსრულებლობაზე დააჯარიმოს თანამდებობის პირები. ეს ჯარიმები 800-2000 ლარის ფარგლებში არის განსაზღვრული. კანონპროექტის თანახმად კი, პარალელული ჩამონათვალის გაკეთება საქართველოს პრეზიდენტს გადააკისრეს, რომელსაც ის ცალკე ბრძანებით განსაზღვრავს.
ეს ნორმა ოპოზიციის კრიტიკის საგანი უკვე გახდა, რადგან მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება, ცესკო და სახალხო დამცველის ოფისი პრეზიდენტის ნებაზე იყოს დამოკიდებული. რაც მთავარია, მათი თქმით, ეს აგრეთვე არის პრეზიდენტის უფლების გაზრდა და არ შეიძლება, ეს საკითხი კანონმდებლობით წყდებოდეს, ვინაიდან პრეზიდენტის უფლებებს კონსტიტუცია განსაზღვრავს.
კანონპროექტში სხვა ცვლილებებიც არის გათვალისწინებული, მაგრამ ექსპერტები ყველაზე არსებითად დასახელებულ ცვლილებებს მიიჩნევენ. როგორც ჩანს, სამუშაო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და გამორიცხული არ არის, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს.
ყოველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული დაკავების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის არგუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კახა ანჯაფარიძეც იზიარებს და იმედოვნებს, რომ ეს ვადა ისევ ძველი ნორმით დარჩება.
„მე ახლა ჩემს პოზიციას გამოვხატავ და არ ვიცი, იურიდიულ კომიტეტს რა პოზიცია ექნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ის რეგულაცია, რაც დღეს არის“, - აცხადებს კახა ანჯაფარიძე.
გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ კანონპროექტის თანახმად შემოდის „საფუძვლიანი ეჭვის“ ცნება. როდესაც „პოლიციის შესახებ“ კანონში შემოვიდა ტერმინი „გონივრული ეჭვი“, ეს იურისტების ერთი ნაწილის კრიტიკის საგნად იქცა. როგორც ისინი ამბობდნენ, ტერმინი, საიდანაც ითარგმნა, ნიშნავს როგორც „გონივრულს“, ასევე „საფუძვლიანს“ და მიიჩნევდნენ, რომ კანონში სწორედ „საფუძვლიანი“ უნდა ჩაწერილიყო. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ „გონივრული“ არ მოითხოვს ფაქტობრივი მტკიცებულების წარდგენას, „საფუძვლიანი“ კი მოითხოვს.
ამ კანონპროექტში ეს ტერმინი უკვე არსებობს და საინტერესოა, ეს რა მიზანს ემსახურება და ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შეიცვლება „პოლიციის შესახებ“ კანონშიც.
მაგრამ, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი კახა ანჯაფარიძე განმარტავს,
„თუკი ქუჩაში მოდის ადამიანი და ხელში უჭირავს ჩაქუჩი, შესაძლოა, ეს არც არაფერს ნიშნავდეს და არანაირი ეჭვი არ გამიჩნდეს, მაგრამ მე რამდენიმე ნაბიჯით უკან ვნახე თავგატეხილი ადამიანი, ჩაქუჩიანი კაცი შეიძლება იყოს უკვე საეჭვო და მე მექნება გონივრული ეჭვი, რომელიც ემყარება არა რაიმე დოკუმენტაციას, არამედ რაღაც სხვა ფაქტორებს. ამიტომაც, ამ შემთხვევაში ტერმინი „გონივრული ეჭვი“ დარჩება. რაც შეეხება „საფუძვლიან ეჭვს“, ეს ტერმინი გამოიყენება ადმინისტრაციულ დანაშაულთან მიმართებაში და ეს დარჩება. ამ შემთხვევაში მტკიცებულება უნდა იყოს საფუძვლიანი. სწორედ ამიტომ არის, რომ გონივრული ეჭვის დროს მტკიცებულების ფიქსაცია არ ხდება. ამ შემთხვევაში კი ხდება. ის არის პრევენცია და აქ საქმე გვაქვს მომხდართან. ის პირისთვის სამართლებრივ შედეგს არ აყენებს ამისგან განსხვავებით“.