სპეციალისტები ვალებთან დაკავშირებით ექსპრემიერის მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმებიან
ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლარზე და ჭარბვალიანობაზე კრიტიკის საბაბი გახდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის არსებული პრობლემის არასათანადოდ წარმოჩენას შეეცადა" რაც რეალურად არ ასახავს იმ ვითარებას, რაშიც ქვეყანა თავის მოსახლეობასთან ერთად ლარის დევალვაციისა და ვალების გამო აღმოჩნდა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, რაშიც მას ექსპერტები არ ეთანხმებიან.
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებით ამბობს, რომ სესხის მიღება უნდა შეეზღუდოს ყველას, ვისაც მისი გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
"ვისაც ფული არ აქვს, რომ გადაიხადოს ვალი, არ უნდა აიღოს. ვალს ვერ იხდიან და კვების რაციონს ცვლიან. ეს არასწორია, ბავშვები სწორად ვეღარ იკვებებიან, რაც "იუნისეფის" კვლევაშიც აისახა", - განაცხადა მან.
ივანიშვილის შეფასებით, დღეს მთავარი საფრთხე ჭარბვალიანობაა, რომლის რეგულირებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ერთადერთი, რაც ვთხოვე მამუკა ბახტაძეს, სანამ კითხვებია, შეხვედრები არ შეწყვიტოთ... რეგლამენტაცია რომ ლიბერალურ ბიზნესს აზიანებს, დღემდე გიორგი კვირიკაშვილის მთავარი არგუმენტია", - თქვა მან და დასძინა, რომ კურსის გაუფასურებაშიც საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
"ნორმალურია, მცურავი კურსი ნორმალურია. ნახეთ საერთაშორისო შეფასებები. ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და ეროვნული ბანკი სწორად იქცევა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
სპეციალისტების შეფასებით კი, რეგულაცია არ არის გამოსავალი, რითაც შეიძლება ჭარბვალიანობას ეშველოს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით, ამ მომენტში სებ-ის გადაწყვეტილება მსესხებელთა კატეგორიას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
"არ ვფიქრობ, რომ სებ-ის რეგულაცია დადებით შედეგს მოიტანს. ვისაც ფული უნდა, მაინც ისესხებს უფრო მაღალი პროცენტით, მაგრამ სხვა ფინანსური არხებით - როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისგან. ამ თვალსაზრისით, რეგულაცია კითხვის ნიშნებს ბადებს. საზოგადოება აწყობილი იყო ისე, რომ რეგულაციის ფარგლებშიც სესხის აღების შესაძლებლობა ექნებოდათ.
შესაბამისად, ამ მომენტში რეგულაცია მსესხებელთა კატეგორიას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ჯერ ერთი, სანამ მიმდინარე დავალიანებებს არ დაფარავენ, ვერ ისარგებლებენ სესხით, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური მხარეა. სინამდვილეში მაინც მოახერხებენ ვალის აღებას და შესაძლოა, უფრო მეტადაც ჩაეფლონ. ცხადია, ეს მიდგომა ჭარბვალიანობის შემცირებას რეალურად ვერ გამოიწვევს", - ამბობს "რეზონანსთან გერლიანი და დასძენს, რომ ივანიშვილის პოზიცია სრულად ვერ ასახავს სავალუტო რყევით გამოწვეული პრობლემის სიმძიმეს, თუმცა მის მოსაზრებას ეკონომისტი ნაწილობრივ ეთანხმება.
"ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობამ ძალიან იზარალა, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს. მოქალაქეებმა საკმაოდ სერიოზული დანაკარგი განიცადეს. ვისაც კი პირდაპირი თუ ირიბი რაიმე სახის ვალდებულება ჰქონდა კონვერტირებად ვალუტაში, შესაბამისად, მეტის გადახდა უწევს. საბოლოოდ კი ნაკლები თანხა დარჩათ სხვა ხარჯის გასამკლავებლად.
შეიძლება დავეთანხმო ივანიშვილს, რომ საგანგაშო ნიშნულზე ლარი ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ ნამდვილად ცუდი ტენდენციაა. ამჟამინდელი კურსი ვერ ჩამოშლის ეკონომიკას, არც სავაჭრო ურთიერთობაზე იმოქმედებს მძიმედ, თუმცა მისი გავლენა უდავოდ უარყოფითია. კეთილდღეობას არ აუმჯობესებს, პირიქით, ლარი უამრავი ჩვენი მოქალაქის მდგომარეობას ამძიმებს", - ამბობს გერლიანი.
ეროვნული ვალუტის მიმართ ივანიშვილის პოზიციას არ ეთანხმება საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი.
"ბიძინა ივანიშვილის შეფასებაში ჩანს, რომ მან ამ შემთხვევაში პრობლემა სწორად ვერ დაინახა. წარმოიდგინეთ, რომ მისი მთავარი მიზანი იყო არა პრობლემის აღიარება, არამედ არჩევნებში "ოცნების" კანდიდატის ღირსეულად წარმოჩენა, რის დასაბუთებასაც იგი ცდილობდა. შესაბამისად, სერიოზულად ვერ აღვიქვამ მის შეფასებებს ლარზე, მას არ უთქვამს ან არ აღიარა სპეციალურად, რომ ლარის გაუფასურება ქვეყანას პრობლემას უქმნის.
ეროვნულმა ბანკმა წინ წამოწია გადაუხდელი ვალების პრობლემა. ამით სურს, რომ ყურადღება გაამახვილოს განსაკუთრებით იმ სესხებზე, რომლებიც ადამიანებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ჩემი აზრით, სებ-ის რეგულაცია დროებითი მოვლენაა, მუდმივად ვერ იმუშავებს იგი და გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭირო გახდება მეტი ლიბერალიზაცია.
ცხადია, რეგულაცია ნამდვილად არ არის მიმართული ბანკების მდგრადობაზე და დროთა განმავლობაში, როდესაც მსესხებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რეგულაციის საჭიროება აღარ იარსებებს. ამის შემდეგ საფინანსო ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხი წინა პლანზე წამოიწევს", - განუცხადა "რეზონანსს" თოქმაზიშვილმა.