კიევის ყოფილი მერი, ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალური ქსელის პირად გვერდზე პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე კანონპროექტი პედოფილების ქიმიური კასტრაციის - თანამედროვე საზოგადოების საშინელი პრობლემის შესახებ!
როგორც საქართველოს მოქალაქეს, მსურს, რომ ხელი შევუწყო კანონმდებლობის გამკაცრებას ამ საშინელი დანაშაულის შესახებ.
ამ საკანონმდებლო წინადადების შეთავაზება განპირობებულია ბავშვების უფლებების და ქვეყნის მომავლის დაცვის აუცილებლობით, ასევე მსგავსი კანონის მიღებით მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში!
პედოფილია დანაშაული არ არის, ეს სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა. და სასჯელის ვერანაირი ვადა ამ პრობლემას ძირეულად ვერ გადაჭრის. ციხიდან გამოსული პედოფილი ასჯერ უფრო მეტად სახიფათო ხდება. ეს ფაქტია.
სამწუხაროდ, დღეს ამგვარი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ასეთი ფაქტები ხშირად ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს დამნაშავეთა ლინჩის წესით გასამართლებას და მათ სახლების გადაწვით იმუქრებიან.
მე მჯერა, რომ ღმერთი დაგვეხმარება და შევძლებთ ამ ინიციატივით ასობით და ათასობით უბედური ბავშვის სიცოცხლე და მომავალი გადავარჩინოთ!"- წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
ქიმიური კასტრაცია წარმოადგენს მედიკამენტების გამოყენებით ლიბიდოს და სექსუალური აქტივობის დაქვეითებას.
ქიმიური კასტრაცია არ არის იგივე სტერილიზაცია, ვინაიდან ამ დროს ანატომიური ორგანოები შენარჩუნებულია. მიიჩნევა, რომ ქიმიური კასტრაცია შექცევადია თუ მკურნალობა შეწყდება.
რუსეთში 2011 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც პედოფილებისთვის შესაძლებელია ქიმიური კასტრაციის გამოყენება. დაახლოებით იგივე კანონია სამხრეთ კორეაში, ოღონდ ამ შემთხვევაში კასტრაცია უტარდებთ იმ ადამიანებს ვინც გააუპატიურებს ადამიანს 16 წლამდე ასაკისას.
2012 წელს ესტონეთმა დაუშვა ქიმიური კასტრაციის გამოყენება სექს-დამნაშავეებთან დაკავშირებით. ცოტა ადრე იგივე მოხდა პოლონეთში, გაერთიანებულ სამეფოში, მოლდოვაში და ა.შ.
აშშ-ში მართალია იყენებენ ქიმიურ კასტრაციას, თუმცა FDA -ის მიერ არ არის დამოწმებული, როგორც სექს-დამნაშავეების მკურნალობა.