[გვანცა გიორგობიანი]
პოლიტიკოსებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ მედიას აშკარად პოლიტიკურად ცხელი ზაფხული დაუდგა. ჯერ იყო და ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ზაფხულის თაკარა მზეში მოუხდათ აქციების გამართვა, რამაც შედეგი გამოიღო. ახლა კი ჟურნალისტებს ტელეანძა გაუხდათ დასაცავი.
დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან ჟურნალისტების აქციას პოლიტიკოსები და საზოგადოების ნაწილი შუერთდა. აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსფარანტები ეკავათ - „ნუ ებრძვით მედიას“, თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სამინისტროს კარი შიგნიდან საგულდაგულოდ დაეგმანათ.
აქციის მონაწილეეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან სატელეკომუნიკაციო ანძასთან დაკავშირებული აუქციონის გაუქმებას და აუქციონის პირობების დაკონკრეტებას მოითხოვენ.
ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმღვანელი ნინო ჯანგირაშვილი უკმაყოფილოა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოტანილი მწირი ინფორმაციით, რამაც აიძულა წერილით მიემართა ეკონომიკის სამინისტროსთვის. ჯანგირაშვილის თქმით, ქონების დახასიათების გრაფაში არსად არის მოცემული ქონების ძირითადი მახასიათებლები, ნახაზი, კაპიტალური მდგომარეობა და მინიშნებულ მიწებზე და შენობებში განთავსებული ფასეულობების შესახებ ინფორმაცია. ასევე, არასაკმარიაია საპრივატიზაციო ობიექტის მდგომარების შესახებ გამოქვეყნებული ფინანსური ინფორმაცია და სრულიად ბუნდოვანია ინფორმაცია საინვესტიცო ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია.
გარდა ამისა, ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნების თაობაზე განაცხადში მითითებული ვალდებულების მიუხედავად, არაფერია ნათქვამი საპრივატიზაციო ობიექტის საქმიანობისა და პროფილის შესახებ.
„ყოველივე ეს კი, არ იძლევა საშულებას პოტენცურმა ინვესტორმა შეძლოს პროექტის ღირებულების გაანგარიშება და ფინანსური გათვლების გაკეთება, რაც თავისთავად გამორიცხავს კვალიფიციური საინვესტიციო პროექტის შექმნას“, - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი და სამინისტროს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ასეთი ტიპის ინფორმაცია საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს.
„კავკასიის“ გენერალური დირექტორი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში ამბობს, რომ თუ სამინისტრო არ გააუქმებს აუქციონს, გადაწყვეტილი აქვს თავად მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. თუმცა, მანამდე, სამინისტროში შეტანილი წერილით ითხოვს:
„გთხოვთ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოთ ინფორმაციის საჯაროობა და მე ნინო ჯანგირაშვილს, როგორც აუქციონით დაინტერესებულ პირს დაუყოვნებლივ მომცეთ უფლება წინასწარ გავეცნო აღნიშნულ აუქციონზე გამოტანილ ქონებას, მასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას, რათა ადეკვატუად შევაფასო საინვესტიციო ობიექტის შესაძლებლობები და პოტენციალი, მივიღო რეალურ გათვლებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება აუქციონში მონაწილეობის შესახებ“, - ნათქვამია სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში.
როგორ ხედავთ, მედიას წინ სერიოზული ბრძოლები ელის, რადგან არც იმის ილუზია აქვს ვინმეს, რომ ხელისუფლება საჯაროდ გამოიტანს საკუთარ ზრახვებს და მითუმეტეს, ხელიდან გაუშვებს მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტს. თუმცა, მეორეა, ბრძოლის რა ბერკეტებს მოიპოვებს მედიის ის ნაწილი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, ქუჩაში თავისუფალი სიტყვის დასაცავად არის გამოსული.