ქართველი მოხელეები ტრაბახში სპეციალურად ვარჯიშობენ?!

ქართველი მოხელეები ტრაბახში სპეციალურად ვარჯიშობენ?!

ქართველი მოხელეები ვერადავერ გადაეჩვივნენ, რომ უშედეგო ტრაბახს თავი ანებონ და თავი საქმით გამოიჩინონ. მაგრამ, როცა მათთვის მაგალითის მიმცემი პრეზიდენტია, ძნელია ზემოაღნიშნული თავი მოთოკო და უცხოელ კოლეგებთან ან დონორებთან არ დაიკვეხნო.

ამჯერად საქართველო ფინანსური კრიზისი დაძლევის მხრივ ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად დასახელდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ჩვენი ჩინოვნიკები ტრაბახში სპეციალურად ვარჯიშობენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საომარი მოქმედებებისა და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და რაც ყველაზე მთავარია, კრიზისის დაძლევის მხრივ იგი რეგიონის ლიდერიცაა. ასეთი თავმოსაწონი განცხადება ქადაგიძეს იმისათვის დასჭირდა, რომ “თბილისი მარიოტში” მსოფლიო ბანკისა და ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე უცხოელ კოლეგებთან თავი მოეწონებინა.

”განვლილმა კრიზისებმა რისკების ეფექტურად მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აჩვენა. საქართველომ ბოლო წლებში როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით არაერთი შოკი გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემების მოგვარება შევძელით და ეკონომიკა კვლავ ზრდას განაგრძობს”, - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ამის მიღწევა კრიზისებისა და რისკების ეფექტურად მართვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

”არა მხოლოდ ფინანსური სექტორი, ზოგადად, ეკონომიკა დაუბრუნდა ზრდის მაჩვენებელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძელით სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რისკების მართვის ეფექტური პოლიტიკის გარეშე.

აღსანიშნათია, რომ ექსპერტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე ინფორმირებულნი აღმოჩნდნენ. მათი მონაცემებით ჩვენ ქვეყანას ლიდერობამდე ბევრი უკლია. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა მურღულია გადაჭარბებულ ოპტიმიზმად მიიჩნევს იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველო ფინანსური კრიზისის მძლეველთა შორის რეგიონში ლიდერია.

მურღულიას თქმით, კრიზისის პერიოდში ეკონომიკის დაფინანსებაში სახელმწიფო დროებით საკმაოდ ეფექტურად ჩაერია. მან ერთგვარი ინვესტორის როლი შეასრულა და ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი თანხა დააბანდა. მაგალითად, იმავე თბილისის ბიუჯეტიდან მშენებლობების დასაფინანსებლად სერიოზული თანხა გამოიყო. თუმცა, ეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ხარჯზე მოხდა.

”ეკონომიკა კი ასე დიდხანს ვერ იმუშავებს. მას კერძო ინვესტიციების მოცულობის გაზრდა სჭირდება. თუ მოზიდული ინვესტიციების მაჩვენებელი 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გაუტოლდება, იმის თქმა შეგვეძლება, რომ წინ მივდივართ. კარგია, რომ სახელმწიფო აღებული ვალით ახდენს ინვესტირებას, მაგრამ დიდხანს ვერ გაგრძელდება”, - აღნიშნა მურღულიამ.

მისივე შეფასებით, კრიზისის შემდეგ ეკონომიკური ვარდნიდან ზრდის პროცესზე გადავედით, თუმცა ანალოგიური მდგომარეობაა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, სომხეთში 2009 წელს ეკონომიკის ზრდის სერიოზული ვარდნა იყო, თუმცა ამჟამად ეკონომიკის ზრდის იმაზე მაღალი მაჩვენებელია ნავარაუდევი, ვიდრე საქართველოში.

”აქედან გამომდინარე, თუ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას გავეცნობით, ვერ ვიტყვით, რომ რეგიონში ლიდერი ქვეყანა ვართ”, - აღნიშნა შოთა მურღულიამ.