8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის გორელი იაგო ნებიერიძე სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის საღამოსვე დააკავეს. იგი იმავე უბანში მდებარე სახლში სხვა მუშებთან ერთად სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
ბრალდებული შერაცხადია და ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით 8 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა არ დასტურდება, თუმცა ბრალდებულს ჰქონდა ამის მცდელობა. გოგონა, დიდი ალბათობით, გაგუდულია, დანარჩენს კი უკვე ექსპერტიზა გაარკვევს. გამოძიების მტკიცებით, ნებიერიძემ მარტომ ჩაიდინა ეს საზარელი დანაშაული.
"კვირის პალიტრის" ცნობით, ერთ-ერთმა მუშამ, რომელმაც მის ქცევაში ეჭვი შეიტანა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და უთხრა, რომ "საეჭვოდ იქცეოდა და რაღაცას "ჩალიჩობდა". გარდა ამისა, ნებიერიძეს ტელეფონში, მოკლული მოზარდის გარდა, არაერთი სხვა მოზარდი გოგონას ფოტო აღმოჩნდა - როგორც გორელების, ასევე ინტერნეტიდან ამოღებული უცნობი გოგონების.
34 წლის იაგო ნებიერიძე მძიმე დანაშაულის გამო რამდენჯერმე ნასამართლევია. პირველად ის პოლიციამ 11 წლის მოზარდის გატაცების საქმეზე 2004 წელს დააკავა. გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ 20 წლის ნებიერიძე ბავშვის მშობლებს გამოსასყიდს - 20 000 ლარს სთხოვდა. ოჯახი ფულის გადახდას დათანხმდა, თუმცა ამის მიუხედავად, 14 წლის წინ გატაცებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია.
იაგო ნებიერიძე 2004 წელს მამასთან ერთად გატაცებული ბავშვის ოჯახში მუშაობდა. დაკავების დროს ახალგაზრდას ბრალი ორი მძიმე მუხლით წაუყენეს. საბოლოოდ ის მოსამართლემ გამოძალვის ნაწილში დამნაშავედ ცნო, თუმცა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში გაამართლა.
ნებიერიძის ადვოკატი წლების წინ ზურაბ ნეფარიძე იყო, რომელიც საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრია. იგი ქრთამის აღების ბრალდებით შარშან დააკავეს.
კიდევ ერთი მძიმე დანაშაული, რომელსაც ნებიერიძეს ედავებიან, ახალგაზრდა ქალზე ძალადობაა. ბრალდებულის მეზობლები "კურიერთან" ყვებიან, რომ 25 წლის მამაკაცმა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად გოგონა გაიტაცა, გადამალა და ოჯახს ამ შემთხვევაშიც გამოსასყიდი მოსთხოვა.
ნებიერიძემ ციხე ცხრა თვის წინ დატოვა. ის სასჯელს ყაჩაღობის მუხლით იხდიდა. მას ყაჩაღობის ბრალდებით სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი პრეზიდენტის შეწყალების აქტით შეუმცირდა. "აიპრესის" ინფორმაციით, ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის თებერვალში შეიწყალა. ოფიციალური ონფორმაციით, 2018 წლის 19 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში და 2018 წლის 26 თებერვალს შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნ - მოხსენდა ინფორმაციის სახით 858 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2018 წლის 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 116 მსჯავრდებული: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს.