რუსთაველზე აქციები არ შეწყდება, ზაზა სარალიძეს კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

რუსთაველზე აქციები არ შეწყდება, ზაზა სარალიძეს კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აქციები, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მართავდნენ, არ შეწყდება. ზაზა სარალიძის დედა მარინა ბეგაძე შიმშილობას იწყებს - ამის შესახებ თავად სარალიძის დედამ განაცხადა, რომელიც სარალიძის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან მივიდა.

„მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე", - აცხადებს ზაზა სარალიძის დედა.

„ზაზამ მითხრა, დედა არ წამოხვიდე, შენ იქ ვერ გაუძლებო, მაგრამ მე მაინც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. დაკავების მიზეზი არ ვიცი. მე აქციას ვუერთდები. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები, მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს.

„მე ბევრჯერ მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს," - აღნიშნა მან.

მარინა ბეგაძემ ასევე დასძინა, რომ სარალიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

„ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა ისე, რომ მთელი ღამე და მთელი დღე პარლამენტთან 24-საათიანი მორიგეობა ჩაეტარებინა, ამიტომ მოდიოდა სახლში, 2-3 საათი ისვენებდა და მერე უკან ბრუნდებოდა. მეც სულ აქ ვიქნები, მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვივლი," - განაცხადა მარინა ბეგაძემ.

ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. სარალიძემ კლინიკაში მიყვანის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიციელებმა ზეწოლა განახორციელეს.

„ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან ზეწოლა", - აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სარალიძის დაკავების შემდეგ, მისი შეყვანის პროცედურები შსს-ს უკვე დაწყებული ჰქონდა და მასზე დასწრების საშუალება ადვოკატს არ მიეცა.

„თავად ზაზა სარალიძის თქმით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურებს, თუმცა მე არ დამასწრეს, ჩემთვის არ დაუძახიათ.

„სარალიძეს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა რამდენად საფუძვლიანია ბრალდება, ამას ჩვენ გავარკვევთ და შესაბამისი პასუხი გვექნება," - დასძინა ნესტან ლონდარიძემ.

ცნობისათვის, დღეს რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დააკავეს. შსს-მ სარალიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარალიძესთან ერთად ორი თანხლები პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მულხით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.