გავზარდო–არ გავზარდო...

გავზარდო–არ გავზარდო...

[თეონა ხარაბაძე]

ხელისუფლება, დაპირების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარმოდგენას არ ჩქარობს. არადა, საარჩევნო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ითქვა, რომ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხზე კანონპროექტის მომზადება პრობლემას არ წარმოადგენდა და ეს იქნებოდა ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა იგივე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის პავლე კუბაშვილის მხრიდან, რომელიც საარჩევნო შეთანხმების იმპლიმენტაციისთვის შექმნილ სარედაქციო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

შეხვედრა, სადაც მომზადებული კანონპროექტი იქნებოდა წარმოდგენილი, ჯერ კიდევ წინა კვირას უნდა გამართულიყო. მაგრამ დანიშნული სხდომა გადაიდო და ითქვა, რომ ამ კვირის ოთხშაბათს ჩატარდებოდა. თუმცა, ეს დაპირებაც ტყუილი აღმოჩნდა. სხდომის არჩატარების მიზეზი ოპოზიციამ არ იცის. ხელისუფლებას კი კომენტარის გაკეთება არ სურს.

საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით მოულოდნელად პრეზიდენტის უარყოფითი პოზიცია დაფიქსირდა.

„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სააკაშვილის თქმით, პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. 

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის, რომ რამდენიმე კვირის წინ ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება მოხდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმირების თაობაზე. 

„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნი სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს.  სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით...  ამიტომ თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის იდეა სწორედ ხელისუფლების მხრიდან წამოვიდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის სხვადასხვა ვარიანტი იყო წარმოდგენილი ხელისუფლების პრეზენტაციაში, რომელიც 9 მარტს გახდა ცნობილი. ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ კი, ხელისუფლების მხრიდან სწორედ 190 კაციანი პარლამენტის ვარიანტი იქნა წარმოდგენილი.

მაშინ სამთავრობო კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის შემცირება არ მომხდარიყო. როგორც ამბობდნენ, თვეების განმავლობაში ცდილობდა პავლე კუბლაშვილი სააკაშვილის გადარწმუნებას, რომ ეს საკითხი გარკვეულწილად დაეთმო, მაგრამ ამაოდ.

საერთაშორისო რეკომენდაციები კი ხმების თანაბრობის აუცილებლობას ითვალისწინებდა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი იყო საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. ხელისუფლებამ კი გამოსავალი იმაში ნახა, რომ სისტემა კი არ შეცვალა, პარლამენტართა რაოდენობა გაზარდა.

სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის ოპოზიციის ნაწილის ის რეაქცია, რაც პრეზიდენტის ამ განცხადებას მოჰყვა.

„როგორც ჩანს, მეფე არა მხოლოდ შიშველია, არამედ ტყუის კიდეც“, - თქვა დავით უსუფაშვილმა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დასჩემდა თვისება, რომ სჭირდება თუ არა, მაინც იტყუება. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 8 ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი ხელისუფლებასთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია. 

„პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი თავად ხელისუფლებამ დასვა ჩვენს წინაშე მარტის თვეში, როდესაც მათ საპასუხო წინადადებები მოგვიტანეს. ჩვენ ამ წინადადებებზე უარი ვთქვით ბევრი მიზეზის გამო. ბოლო ერთი თვის თუ თვენახევრის განმავლობაში ვის რაზე შეუთანხმდა სააკაშვილი, ამაზე მე ვეღარ ვისაუბრებ“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

მისი თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას ცდილობს. 

„ეს არ არის პირველი და არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების არასრულფასოვან წინადადებებს დათანხმდა, სახელისუფლო პიარის მეშვეობით ასეთი თემები უკან შემოუბრუნდება. რაოდენობის გაზრდაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო სჭირდება, რადგან მათი გაზრდილი მადა მანდატების იმ რაოდენობაში ვერ ეტევა, რომელიც დღესაა განსაზღვრული“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებითაც, იმ პარტიებს, რომლებიც თავის დროზე გაერთიანებული იყვნენ „ოპოზიციურ რვიანში“, არასდროს არ დაუყენებიათ და არ განუხილიათ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის საკითხი. 

როგორც ჩიქოვანი განმარტავს, ვინაიდან პარლამენტში არსებული  შემადგენლობა არის საქართველოს მოსახლეობის მიერ დადგენილი რეფერენდუმის წესით, არც ერთ დროს და არც ერთ ეტაპზე „რვიანს“ ამ საკითხის განხილვა, მით უმეტეს მოთხოვნა არც უფიქრია. 

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ „პრეზიდენტს ოპოზიცია თავისი უმრავლესობისგან ვერ გაურჩევია“.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი ვინმეს რამეზე გაურიგდა, ეს მართველი პარტიისა და ფსევდოოპოზიციის პრობლემაა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა ძირითადი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა იყო. 

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არასდროს „თავისუფალ დემოკრატებს“ მსგავს შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. იგივე შემიძლია გითხრათ „ექვსიანში“ შემავალ პარტიებზე. თუ ამგვარი რამ არსებობს, იქნებ ხელისუფლებამ ან გზააბნეულმა ოპოზიციამ წარმოადგინოს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. 

რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატებს“ და „ახალ მემარჯვენეებს“, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ისინი რაზე და რის ფასად გაურიგდნენ ხელისუფლებას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაიწყება. 

მისი თქმით, 40 მანდატი ერთგვარი ფეშქაშია იმ პარტიებისთვის, რომელთათვისაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე არსებობაც კი შეუძლებელია.

„მათი გათვლა საკმაოდ პრიმიტიულია. ჰგონიათ, რომ ჩაყრილი ხმების შედეგად მომავალ პარლამენტში რამდენიმე მანდატი შეხვდებათ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

საგულისხმო კი ის არის, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ უნდათ. გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტები თავიდან იმ არგუმენტით მოიშორა, ეს ძალიან რთული საკითხია და ვერ გაიგებთო. 

რატომ ვერ გავიგებთ ჟურნალისტები იმას, რაც ისედაც ძალიან კარგად ვიცით, ძნელი სათქმელია. მაგრამ ფაქტია, რომ თარგამაძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს. ამის მიზეზი კი რა არის, ძალიან მალე გამოჩნდება.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რითაც იგი პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხის ოპოზიციისთვის გადაბრალებას ცდილობს და ამავდროულად, თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ საკითხის განხილვის დაწყება ჭიანურდება, ადვილი სავარაუდოა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართოს სათანდო ინიციატივით. შემდეგ პარლამენტი ქმნის საკონსტიტუციო ცვლილების საზოგადოებრივი განხილვისთვის კომისიას, რომელმაც ცვლილების საზოგადოებრივი განხილვა ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ამის შემდეგ კი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში, მინიმუმ სამი კვირა მაინც სჭირდება.

თუკი ხელისუფლების დაპირებას გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო შეთანხმების საკითხები კანონმდებლობაში ოქტომბრისთვის უკვე ასახული უნდა იყოს, ამიტომაც ადვილი გამოსაანგარიშებელია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისთვის კომისია უკვე უნდა იქმნებოდეს. მაგრამ შეხვედრა, სადაც სათანადო კანონპროექტი უნდა იქნას წარმოდგენილი, უკვე ორჯერ გადაიდო.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას კანონპროექტი მზად არა აქვს. არადა, როგორც თავის დროზე პავლე კუბლაშვილი აცხადებდა, კანონპროექტში სულ ერთი ფრაზა იყო ჩასაწერი და ამას არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნა.

ამ ყველაფერს კი პრეზიდენტის განცხადებაც ემატება. ამიტომაც, ცხადია, გარკვეული ეჭვები ჩნდება. თუნდაც იმ თვალსაზრისით, ცვლილების ამ ფორმით გატარების მიზანშეწონილობა კითხვის ქვეშ საერთშორისო საზოგადოების მხრიდან ხომ არ დადგა.