საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი მედიისა და საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. ივანიშვილმა გადაწყვიტა, ჟურნალისტებისთვის ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ მიეცა.
ეს მისი პირველი ინტერვიუა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. იგი რამდენიმე თემას შეეხო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მან საზოგადოებას ერთწლიანი ვადა სთხოვა, რათა ქვეყანაში და მის გუნდში სიტუაციის დალაგება მოახერხოს.
"ერთ წელიწადში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ყოფილი პრემიერი საზოგადოებისგან ერთწლიან ვადას ითხოვს და ამბობს, რომ ამ პერიოდში თავის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს თანაგუნდელების გაფრთხილებას უფრო ჰგავდა. საუბრისას ივანიშვილს საკმაოდ მკაცრი ტონი ჰქონდა და აშკარაა, რომ არ არის კმაყოფილი მმართველი ძალის მუშაობით, თუმცა მის ადვოკატირებას აგრძელებს და საზოგადოებისგან დროსაც კი ითხოვს.
"მე მოვახერხებ, რომ ვერტიკალი გუნდში გავამყარო... რომ ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება "ქართული ოცნების" ყველა წევრის მიმართ. მაქსიმუმ, ერთ წელიწადში ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავის ადგილი ექნება", - თქვა ივანიშვილმა.
იგი განმარტავს, რომ მისი გააქტიურება არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე არ მიუთითებს და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში პარტიის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე ჩაერთო. თუმცა თანაგუნდელებს, რომლებიც ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ, "კეკლუცობის შეწყვეტისა" და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის მუქარანარევი განცხადება და რას აპირებს ის ერთ წელიწადში? მან ასევე აღნიშნა, რომ "ვპირდები საზოგადოებას, პირველ რიგში, იმას, რომ საკუთარ გუნდს გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი ძლიერი მხარე, ამაში დავეხმარები გუნდს და ამისთვის შემოვბრუნდი. მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი და მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ამოცანა სახელმწიფოებრიობა აღარ არის და მისი ეს განცხადებები სისტემის შესანარჩუნებლად ბრძოლას ნიშნავს. ივანიშვილის ბოლომდე მოსასმენად კი ნერვებიც აღარ ჰქონდა, რადგანაც ეს არაჯანსაღი გამოსვლა რეალობას იყო აცდენილი.
ანალიტიკოსი გაკვირვებულია, რაში ითხოვს ის ამ ერთ წელს, რადგანაც ამ დროის განმავლობაში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ხუხაშვილი სვამს კითხვას - ივანიშვილს ეს ერთი წელი იმისთვის ხომ არ უნდა, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეას დაამსგავსოს? მისი აზრით, იგი ამ საუბრით სააკაშვილსა და შევარდნაძეს დაემსგავსა და მათ მსგავსად კარგად არ დაასრულებს.
"მისი საუბრიდან რა შინაარსიც გამოვიტანე, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ლიდერი აღარ არის. ის ახლა თავისი სისტემის ადვოკატობით არის დაკავებული, ამ საქციელით კი თავს იკნინებს და როგორი ადვოკატია, ეს უკვე კლიენტის გემოვნების საკითხია, რასაც ვერ შევაფასებ.
"ახლა ამ თემაზე ჩემთვის საუბარი ყველაზე რთულია, რადგან მისი განცხადებებიდან სერიოზული პრობლემები გამოჩნდა. მისი მთავარი მიზანი სახელმწიფოებრიობა აღარ არის, არამედ ეს არის სისტემის შესანარჩუნებლად ბრძოლა და ამაზე ისაუბრა კიდეც, სხვათა შორის.
"შესაბამისად, ეს გამოიხატება იმაში, რომ აღარ ზრუნავს საზოგადოებაში პატივისცემაზე, არამედ უფრო შიშსა და დათრგუნვაზე აგებს თავის მოღვაწეობას, რაც ძალიან, ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის გაუგებარია, ეს ერთი წელი რაში სჭირდება, რადგანაც ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება", - განმარტავს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთწლიანი ვადა, სავარუდოდ, ივანიშვილმა იმიტომ ითხოვა, რომ ხვდება, ქვეყანაში სიტუაცია მთლად კარგად არ არის, თუმცა არცთუ ისეთი მძიმე ჰგონია.
პოლიტოლოგის აზრით, დაუშვებელია, რასაც ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მისი გუნდის ცუდი მენეჯმენტის ბრალია. აქ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მენეჯმენტის შეცვლა ვერ უშველის. ამას საკმაოდ რადიკალური მოქმედება და ცვლილებები სჭირდება.
ძაბირაძე გამოსავალს მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს და ფიქრობს, რომ ერთ წელში, პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და გუნდში მენეჯმენტის ცვლილება ივანიშვილს ვეღარ უშველის.
"ახლა დრო "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამიტომ სრულიად გაუგებარია, ივანიშვილი რა ერთ წელს ითხოვს. პოლიტიკური პროცესი უკვე დაწყებულია და იგი გუნდში მენეჯმენტის ცვლილებით ვერაფერს უშველის. "ოცნება" ერთ წელში რეიტინგის კიდევ უფრო დაკარგვას დაიწყებს, ვიდრე აქამდე აქვს.
"ამას გარე და შიდა პრობლემებიც დაემატება და ივანიშვილმა მთავარი პრობლემის გენეზისი თუ ვერ მოძებნა, მისი ინტერვიუდან კი გამოჩნდა, რომ რეალობას აცდენილია, პირიქით, ეს ერთი წელი მის წინააღმდეგ იმუშავებს.
"ჩემში ყველაზე დიდი შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ მისთვის მთავარი პრობლემა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კი არა, არამედ მედია ყოფილა. სიტუაცია ისე დახატა, რამდენიმე ტელევიზია რომ არ იყოს, ყველაფერი კარგად იქნება.
"თუ სააკაშვილისდროინდელ სისტემას ტოვებ, ან ისე უნდა მართო, როგორც ის მართავდა, ან უნდა შეცვალო. ივანიშვილი შედეგებს ებრძვის და ღრმად არ ჩადის. მან სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს და მთლიანად სისტემის მოდერნიზება უნდა მოახდინოს, სხვაგვარად ამ ერთ წელს, როგორც თავად ამბობს, ქვეყნის სასიკეთოდ ვერ გამოიყენებს და ყველაფერი თავზე დაენგრევა", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".