ტრადიციისამებრ, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ მისი თავგადაკლული მომხრეები აღტაცებით განაწყო, განსხვავებით კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან, რომელთაც გაუჩნდათ კითხვა, თუკი გამოვრთავთ „რუსთავი 2“-ს, რას დავინახავთ?!
რით იყო ამ ინტერვიუს მოსმენა საინტერესო, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.
ზოგიერთისთვის ამ ინტერვიუმ წარმოაჩინა წმინდა ადამიანური დრამა, რადგან, „როგორც ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დასრულდა“; ზოგისთვის ეს იყო არშემდგარი პოლიტიკოსის „გედის სიმღერა“. პირადად თქვენთვის რა იყო ამ ინტერვიუს არსი?
- ვისთვის როგორ, მაგრამ უცნაურია მავანთა შეფასება, თითქოს ეს ინტერვიუ გედის სიმღერა იყო. მე პირიქით დავინახე. აქ გამოჩნდა ე.წ. ჟურნალისტიკა, უტიფრობა, პირველ რიგში, კვესიტაძეს ვგულისხმობ. ფაქტობრივად, შეტევა „ქართულ ოცნებაზე“ ფარულ ჩანაწერებთან, ვითომ კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით უსუსური აღმოჩნდა. ან რას ნიშნავდა ოთხი თითის ჩვენება და სხვა... ასეთი თემების აპელირებით, პირიქით, იქით მიიღეს დიდი კომპრომატები. ძალიან საწყენია, მაგრამ პაატა ბურჭულაძეზე, მსოფლიო ბანზე რაც გავიგეთ, მძიმე მოსასმენია. ასე რომ, თავად აქვთ მძიმე მდგომარეობა.
პაატა ბურჭულაძე მუდამ უარყოფდა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან თანადგომის სანაცვლოდ ფულს ითხოვდა. ფონდ „იავნანაშიც“ აცხადებენ, რომ ბურჭულაძის მეგობარი უცხოელი არტისტების მგზავრობის საზღაური არა შემოწირულობით, არამედ მიზნობრივი თანხებით ფინანსდებოდა.
- უარყოფს თუ არ უარყოფს, ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ტელევიზიაში რაც გავიდა. შთაბეჭდილება და ფონი ისეთია, ხალხი დაიჯერებს ამას. გამაოგნებლად უტიფარი იყო შეკითხვა, თქვენ სად იყავით გირგვლიანის დროს? კვესიტაძე რომ ვინმეს ჰკითხავს, შენ გირგვლიანის დროს სად იყავიო, ეს არათუ უტიფრობის მწვერვალია, არამედ იმბეცილობის ნიმუშიც.
„სად იყავი გირგვლიანის დროს?!“- ეს შეკითხვა შეიძლება ნებისმიერს გაუჩნდეს, მაგრამ აქ კითხვის დამსმელის მორალურ მხარეს გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა, კვესიტაძის მორალზე ვლაპარაკობ, ანუ შენ არ უნდა იყო იმ მხარეს, რომელმაც გირგვლიანი მოკლა. ისიც მოვისმინეთ, თითქოს სალომე ზურაბიშვილის ციტატები გამოიყენეს ჰააგაში. ხაზგასამით უნდა ითქვას, რუსეთი სალომეს ციტატებს კი არ იყენებდა და იყენებს, არამედ რუსეთმა გამოიყენა სააკაშვილის უგუნურობა და ღალატი, რაც მან ჩაიდინა 7 აგვისტოს და ამით მწვანე აუნთო რუსეთის აგრესიას. ამას მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თავად ეს ფაქტია ღალატი. სწორედ ამას იყენებს რუსეთი 8 აგვისტოდან მოყოლებული, როცა შემოვიდა რუსული ჯარი. ჰააგაშიც გამოიყენებს და იტყვის, ეს გააკეთა სააკაშვილმაო.
ეს მართლაც მოხდა ასე, სააკაშვილმა რაც გააკეთა, რომ კონფლიქტის ზონაში წამოიწყო შეტევითი სამხედრო ოპერაცია, ეს იყო თავდასხმა ცხინვალზე. ეს მარტო სალომეს წიგნებსა და სადმე სხვაგან კერძო ავტორებთან კი არ წერია, არამედ ეს ოფიციალურად დოკუმენტირებული ბეჭედდასმული დასკვნაა, რომელიც გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. ასეთივეა ფაქტების დამდგენი მისიის დასკვნაც. სწორედ ეს გამოიყენა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის „გასაპრავებლად“.
ფაქტი ჯიუტია, რომელიმე სასამართლოში რომ დავიწყოთ იმის მტკიცება, თითქოს ეს ტყუილია, სასამართლო არ მოტყუვდება. სალომესკენ თითს იმიტომ იშვერენ, რომ იციან, ღალატი თავად აქვთ ჩადენილი და სიმართლის შიში აქვთ. მათი მტერი სალომე კი არ არის, არამედ თვითონ სიმართლეა მათი მტერი.
ისევ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს დავუბრუნდეთ. ინტერნეტსივრცეში ცინიკურ შეფასებებსაც ნახავდით, „გამოვრთე რუსთავი 2“ და გამისკდა თავი ქარხნების გუგუნით“... „რუსთავი 2“ რომ გამოვრიცხოთ, სოციალური ფონი ხომ არის თვალხილულად დასანახი რეალური პრობლემა?
- რასაკვირველია, ეს რეალური პრობლებია. განა ბიძინამ ეგ თქვა, რომ რეალური პრობლემები არ არის. ბიძინამ ის თქვა, რომ „რუსთავი 2“ ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ხალხის გაბოროტება პირდაპირ მოდის „რუსთავი 2“-დან. მათი მიზანიც ხალხის გაბოროტებაა. შეიძლება, ქვეყანაში უფრო მძიმე მდგომარეობაცაა, ახლანდელი ეკონომიკური ზრდა არ არის საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო.
სხვათა შორის, დიანა ტრაპაიძე უფრო ტაქტიანად შეეცადა, ბიძინა ივანიშვილისთვის აეხსნა, რომ 2012 წელზე, ანუ „ნაციონალებსა“ და „რუსთავი 2“-ზე მუდმივი სწორება მოსაბეზრებელია და უკვე გავიარეთ ეს პერიოდი. ალბათ, ამაშიც არის ლოგიკა.
- აქ „ნაციონალების“ მმართველობის 9-წლიან პერიოდზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რაც ამ წუთას ხდება. ეს არის ის, რაც „რუსთავი 2“-დან ხდება და, რაც მათ საარჩევნო კამპანიაშია. ეს არის სწორედ ის, რომ საქართველომ სიმართლეზე თქვას უარი და ისევ სიცრუე დაიბრუნოს.
ანალიტიკოს გია ხუხაშვილს შთაბეჭდილება რჩება, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალის ცენტრის დემონსტრირება და შიშზე დამყარებული მოქმედება. თქვენ თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი ერის გადასარჩენად კონკრეტულ გზას გვთავაზობს?
- ამ ინტერვიუთი ბიძინა ივანიშვილი არავითარ გზას არ გვთავაზობდა. ეს იყო საინფორმაციო შეტევა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ადეკვატური პასუხი გასცა. თუ როგორი უნდა იყოს მომავალი, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ გაკვრით თქვა, რომ ის შეეცდება, „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს, რათა იგი ჩამოყალიბდეს და გახდეს ევროპული პარტია.
ბიძინა ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ „ოცნების“ ყველა წევრის მიმართ მკაცრი მოთხოვნები ექნება. მართლაც „ოცნებაში“ შემავალი ცალკეული ადამიანების მიმართ არის კითხვები არა მარტო ინტელექტის, არამედ კორუფციული გარიგებების შესახებაც. დღემდე ბიძინა ივანიშვილს ამის აცილება არ შეეძლო?
- ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური გუნდის შემადგენლობა უფრო მაღალკვალიფიციური იქნება. აქეთკენაა მიმართული ივანიშვილის ძალისხმევა. პარტიას დასჭირდება გარკვეული ინსტიტუტები, რათა გაძლიერდეს და კვალიფიკაციაც მეტი ჰქონდეს. რაც შეეხება კორუფციას, ამ ინტერვიუთი ზუსტად ეგ გამოჩნდა, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს „რუსთავი 2“-დან. რასაკვირველია, არის კორუფციის ფაქტები. ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ფარცხალაძის ისტორია. ბიძინამ თქვა კიდეც, რომ ჩამოსულები არიან საერთაშორისო პროკურორები და ეს საქმე გამოძიებაშია. ცხადია, ამ საქმეში ყველაფერი წესრიგში არ არის. ამაზე მყარი შთაბეჭილება მაქვს მეც, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ მომხრე ვარ. პროკურატურაში ვითარება მძიმეა, ამას ადასტურებს მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერებიც. ყველაფერი რომ ტყუილი იყოს (და ამ ჩანაწერების დიდი ნაწილი ტყუილია), თვითონ ასეთი ტიპის ადამიანი რომ იყო ძალიან მაღალ თანამდებობაზე, ეს ამ პროკურატურის უდიდესი სირცხვილია. ბევრი რამ გასასწორებელია. ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად შეტევა დაიწყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაჟღერდა კიდეც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბრალდება. საუბარია სახელმწიფოს მიტაცებაზე. სინამდვილეში, 2012 წელს განა სხვა რამ მოხდა? განა ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფო არ დაიბრუნა და არ გამოსტაცა „ნაცებს“ ხელიდან? ახლა ცდილობენ და გასდით კიდეც „ნაციონალებს“ პოლიტიკური ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორის დახმარებით, რომ საერთაშორისო მასშტაბითაც გაიტანონ დეზინფორმაცია. ეს არის რევანში. ამ ინტერვიუთი გამოჩნდა, რომ უსაფუძვლოა ის დეზინფორმაციული შეტევა, რაც „რუსთავი 2“-მა წამოიწყო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ამ საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არის, მაგრამ ეს არ არის იმ მასშტაბის პრობლემები და ქვეყანა არ იქცევა, როგორც უნდათ დაგვანახონ „რუსთავი 2“-დან.
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ხელმეორედ შემოსვლის შემდეგ რა შეიცვალა, როცა დღემდე საუბარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების ხარჯზე ხდება სახელმწიფოს მართვა?
- სახელმწიფო ინსტიტუტები არ დაკნინებულა. პირიქით, ჩვენ იმ მდგომარეობაში შევდივართ, რომ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია. ეს ძალიან ბევრ სისტემურ რეფორმას დაუდებს სათავეს. უწინარეს ყოვლისა, პროკურატურის თემაა აქტუალური. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურაში სისტემური გარდაქმნა დაიწყება. იგი გავა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, პოლიტიკური ტვირთი მოშორდება და შეიქმნება საპროკურორო საბჭო. პროკურატურა იქნება მთლიანად დეპოლიტიზირებული, აღარ იქნება პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი, არამედ იქნება საპარლამენტო კონტროლის ქვეშ.
აქამდე რა უშლიდა ხელს ამის განხორციელებას, ეს ხომ სამართლიანობის აღდგენის დაბრკოლებაზეც აისახებოდა?
- ასეთი სისტემა დაგვიტოვეს „ნაცებმა“, რაც თავიდან ბოლომდე დეფორმირებული იყო. კონსტიტუციიდან დაწყებული, კანონმდებლობით დამთავრებული, ყველაფერი სისტემურად გამოსასწორებელი იყო. „ოცნებამ“ აირჩია სწორი გზა და დაიწყო კონსტიტუციიდან. ის, რომ პროკურატურა ასეთ დღეშია, ეს დაიწყო მაშინ, როცა მთავარი პროკურორი იყო იუსტიციის მინისტრი, ანუ პოლიტიკური გუნდის წევრი იყო სახელმწიფო ბრალმდებელი. ეს ყველაფერი კონსტიტუციურ რანგში ჰყავდათ „ნაცებს“ აყვანილი. ამას გასწორება სჭირდებოდა, რაც 2012 წლიდან დაიწყო, მაგრამ უსუფაშვილი როცა იყო პარლამენტის თავმჯდომარე და კოალიციური როცა იყო „ოცნება“, ეს არ გამოვიდა. კონსტიტუციის შეცვლა ვერ მოხერხდა.
უსუფაშვილი ბლოკავდა?
- უსუფაშვილი არ ბლოკავდა, მაგრამ კონსტიტუციის შეცვლა მან ვერ შეძლო, კონსენსუსი ვერ გამონახა. შემდეგ მოხდა ისე, რომ კოალიცია დაიშალა, ახლა უკვე ერთპარტიული მმართველობაა და ეს პროცესი გაიოლდა, კონსტიტუცია მიყვანილია ბოლომდე, ახალი კონსტიტუცია, ახალი სისტემა გვაქვს. ეს საკმარისი მაინც არ არის, კონსტიტუციით ხომ ვერ მართავ ქვეყანას? ამას სჭირდება კანონმდებლობის არსებითი ცვლილებები, რასაც აკეთებს კიდეც პარლამენტი. უახლოეს პერიოდში ეს დასრულდება და დაიწყება სრულიად ახალი პროკურატურის ჩამოყალიბება.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ?
- ბიძინას დაბრუნებამ გააკეთა ის, რომ ის პრობლემები, რაც შეიქმნა თუნდაც კონსტიტუციის მიღების პროცესში, აღარ არის. გაიხსენეთ, ოპოზიცია პრაქტიკულად როგორ ებრძოდა ამ პროცესს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამ პროცესს ბლოკავდნენ, მარგველაშვილიც იყო ამაში ჩართული. ცხადია, ამან გამოიწვია რყევები პარტიის შიგნითაც, საამისოდ ჭიჭინაძის მაგალითიც კმარა. იმისთვის, რომ ეს არ დარღვეულიყო, ივანიშვილი დაბრუნდა. ამით პარტია უნდა შენარჩუნებულიყო და პარტია გარდაქმნილიყო კლიენტელიდან ევროპული ტიპის ინსტიტუციად. კარგად ცხოვრებისთვის მარტო სურვილი არ არის საკმარისი, ამას ძალისხმევაც სჭირდება.