მსახიობი და პოეტი გივი სიხარულიძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუ იმედის მომცემი იყო, რომელიც გულისხმოდა სამომავლო სამოქმედო გეგმასა და თვითრეალიზებას.
„მე მჯერა, რომ რაღაც ჩაფიქრებულია აქვს ბიძინას, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი ავტორიტეტი არ დაეცეს, რომელიც შელახულია იმით, რომ ასეთი მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. იმისთვის, რომ ხალხის იმედები გაამართლოს, არ მგონია, ამ კაცმა კიდევ უღალატოს ქვეყანას. ის არ უღალატებს და აუცლებლად ეცდება, რომ შეასრულოს დანაპირები", - განაცხადა გივი სიხარულიძემ „რეზონანსთან" საუბრისას..
მისივე შეფასებით, გუშინდელ ინტერვიუში შეძლებისდაგვარად გაეცა კითხვებს პასუხი, თუმცა ყველას ვერა, რადგან ყველა კითხვაზე პასუხი ამ ქვეყანაზე არავის აქვს.
„არავინ არის ისეთი კაცი ამ ქვეყანაზე, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. ყველა კითხვაზე ვინც პასუხს სცემს, ის უკვე იტყება. ამიტომ რჩება ხოლმე ისეთი რაღაცები, რასაც პასუხს არ სცემენ, იმიტომ, რომ თვითონ ეჭვი ეპარებათ თავიანთ თავში", - აცხადებს სიხარულიძე.
მისი შეფასებით, ივანიშვილი არასწორად მოიქცა, როდესაც ისეთ ჟურნალისტებთან დათანხმდა ინტერვიუს, რომლებიც მის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი.
„ისეთი ტელე-არხების ჟურნალისტებს, რომელბსაც შენ არ უყვარხარ და არ არიან შენს მიმართ კეთილად განწობილნი, მე პირადად არ დავუჯდებოდი და კითხვებზე პასუხს არ გავცემდი. არც მოვიწვევდი იმის გამო, რომ ვიცი უკვე - თავიდანვე მოდის მტრულად განწყობილი ჩემს მიმართ, - აცხადებს სიხარულიძე.
გივი სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას ასევე აფასებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ბრძენ კაცს.
„ბიძინას თავის ჭკუა აქვს, თავის გონება, უდაოდ მაგარი კაცია, ფული ციდან არ მოდის, ფულის შოვნას უნდა ძალიან დიდი რისკი, ძალიან დიდი ჭკუა, ბრძენი კაცი უნდა იყო. ეს მან შეძლო და არ მგონია, რომ ამ კაცმა ახლა არ შეძლოს ის, რომ ამ ერთ წელიწადში რაც თქვა მთელი მსოფლიოს წინაშე არ შეასრულოს", - განაცხადა სიხარულიძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ „TV პირველის", „რუსთავი 2"-ისა და „იმედის" ჟურნალისტებთან გუშინ შედგა.