გუშინ, გამთენიისას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზებზე განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც კოდორის ხეობის მიმართულებით სამხედრო კოლონების გადაადგილება დაიწყო. სულ კოდორის ხეობაში გადასროლილია 1500 რუსი სამხედრო მოსამსახურე და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა.
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, ეს აფხაზეთში მიმდინარე მასშტაბური წვრთნების დასკვნითი ნაწილია და რუსი სამხედროები მარშით გაივლიან 200 კილომეტრს. წვრთნებში მოტომსროლელი, სატანკო, თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო ტექნიკა "რის"-ი და სატვირთო მანქანები კამაზ 3 "მუსტანგი" მონაწილეობდა. აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროების მზადყოფნას სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცრები აკონტროლებდნენ.
აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის - ლევან კიკნაძის თქმით, კოდორის ხეობაში სამხედრო ტექნიკით ასეთი მასშტაბური წვრთნების ჩატარებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ამის საშუალებას რელიეფი არ იძლევა და ეს გაზვიადებული ციფრებია.
„მე ძალიან კარგად ვიცნობ კოდორის ხეობას და სამხედრო ტექნიკით ასეთი მასშტაბური წვრთნების ჩატარებას ვერ შეძლებდნენ, ამის საშუალებას რელიეფი არ იძლევა. ასეთ მთიან ადგილებში ასეთი წვრთნები ვერ ჩატარდება. ძალიან გაზვიადებული მონაცემებია, რომ ასეთი წვრთნები ჩაატარეს და ეს ძირითადად იმ პოლიტიკის ნაწილია, რომ რუსეთი აკონტროლებს კოდორის ხეობას. წვრთნებიც იმის მანიშნებელია, რომ ეს აზრი განამტკიცონ - კოდორის ხეობა ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებთ.
„არის თუ არა საფრთხის შემცველი გახშირებული წვრთნები ჩვენი ქვეყნისთვის? არ მგონია, რომ ამ ეტაპზე რაიმე საფრთხის შექმნას უკავშირდებოდეს. არც მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება. როგორც გითხარით, ეს არის რუსეთის პოლიტიკის ნაწილი, რომ აფხაზეთის ტერიტორიას ისინი აკონტროლებენ და ჩვენ რაიმე არ გავბედოთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლევან კიკნაძემ.