„ზოგადად ვერაფერს ვიგებ და არ ვიცი ტელევიზიიდან რა ტექნიკა გავიდა. ამ სიტუაციაში, საბოლოო ჯამში, „იბერიას" დახურვის შემდეგ დეზორიენტირებული აღმოვჩნდი. ამიტომაც ძნელია განვსაზღვრო, რა მიზნით შეიძლება მომხდარიყო ესა თუ ის აქტი, ან ვისთან მიმართებაში," - ტელეკომპანია „იბერიადან" ტექნიკის გატანასათან დაკავშირებით „რეზონანსი" არხის ჟურნალისტს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.
ცნობისათვის, გუშინ ტელევიზიიდან ტექნიკის გატანა მოხდა, - ამის შესახებ „იბერიას" თანამშრომლებმა განაცხადეს. მათი თქმით, ტელეკომპანიის შენობასთან „რუსთავი 2"-ის მანქანა შენიშნეს, სადაც სწორედ „იბერიის" ტექნიკა ჩააწყვეს. თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საარჩევნოდ ტექნიკის მიქირავება ან თხოვება მოხდა.
„გუშინ ტელევიზიის შენობასთან დავინახეთ „რუსთავი 2"-ის მანქანა, რომელშიც ტექნიკა ჩააწყვეს. ეს იყო შტატივები, „ლაივის" აპარატი და კიდევ რაღაცეები. ალბათ, ათხოვეს ან მიაქირავეს არჩევნებისთვის, არ ვიცი. ფაქტი დავინახე, რომ წაიღეს აპარატი," - აცხადებს ტელევიზიის ოპერატორი თემო დეკანოიძე „მარშალპრესთან" საუბრისას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არჩილ გამზარდიას ინფორმაცია არ აქვს, რადგან თავად ტელეკომპანიაში არ ყოფილა და საკითხის ირგვლივ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებს.
„ტელევიზიის ადმინისტრაციას არ წარმოვადგენ. ვარ ისეთივე თანამშრომელი, როგორიც ნებისმიერი ჟურნალისტი და ოპერატორი. თავად ეს ინფორმაცია გავიგე ინტერნეტით. რაც ტელეკომპანიის მუშაობა შეჩერდა, არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს და შესაბამისად, არ ვფლობ ინოფრმაციას რა ხდება ტელევიზიაში.
„პროცესებს თვალს გარედან ვადევნებ, როგორც რიგითი მაყურებელი. ვხედავ იმას, რომ თანამშრომლები ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას. აქციაზე არ ვყოფილვარ, რადგან აქციის შესახებ ინფორმირებული არ ვყოფილვარ," - აცხადებს გამზარდია.
ცნობისათვის, დღეს ტელეკომპანია „იბერიას" შენობასთან აქცია მიმდინარეობდა, რომელიც ამ დროისთვის დასრულებულია. ტელევიზიის თანამშრომლები სახელფასო დავალიანეის ანაზღაურებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა არხის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამზარდიამ განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დავალიანების გადახდას შეპირდა, მაგრამ მათი მხრიდან, ამ დრომდე, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მისი თქმით, პროცესი „უხერხულ მდგომარეობამდეა მისული."
„თანამშრომლები ცდილობენ ის დარჩენილი უფლებები, რაც აქვთ, დაიცვან. ადმინისტრაციას რაიმე ახალი პოზიცია, როგორც ვხედავთ, საჯაროდ არ გამოუხატავს. როდესაც ბოლო საუბარი გვქონდა, სანამ ჯერ კიდევ ტელეკომპანია დაიხურებოდა, სიტყვიერი შეპირება მოგვცეს, თუმცა რამდენიმე დღე გავიდა და ახალ პროცესებთან დაკავშირებით ადმინისტარციას ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს.
„რა მხრივ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი არ ვიცი. რამდენი დღის წინ სწორედ „რეზონანსთან" ინტერვიუში იმედი გამოვთქვი, რომ პროცესი უხერხულ მდგომარეობამდე არ მივა-მეთქი, მაგრამ უხერხულია უკვე ეს პროცესი. ერთი მხრივ ტელევიზია არის რთულ მდგომარეობაში, მეორე მხრივ კი, თანამშრომლებს უფლებები არსებობს და მათ შორის სოციალური უფლებებიც.
„თითოეული მათგანი იძულებით აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში, ამიტომ ამ ეტაპზე ძნელია გადაწყვეტილებებზე საუბარი. მე შემიძლა მხოლოდ იგივე პოზიცია მქონდეს, რაც ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.