გუდაური უგულავას მარწუხებში მოექცა

გუდაური უგულავას მარწუხებში მოექცა

[თეონა ხარაბაძე]

თბილისიდან სახელმწიფო სტრუქტურების რეგიონებში გადატანის ერთ-ერთ არგუმენტად დედაქალაქის განტვირთვა სახელდება. ამის ფონზე კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თბილისის ხელმძღვანელობის კომპეტენციები იზრდება. თანაც იმ დონეზე, რომ თბილისს მხოლოდ მოსაზღვრე სოფლებს კი არა, ლამის ქვეყნის საზღვრისპირა ტერიტორიებს უერთებენ.

ამჯერად საუბარია გუდაურის თბილისის კომპეტენციაში მოქცევაზე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გუდაურის დასუფთავების საკითხს თბილისის მერია აგვარებს. ამან თავის დროზე საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია და ცალსახად მერის უფლებების გადაჭარბებად შეფასდა. მოვლენების შემდგომ განვითარებასაც თუ გავითვალისწინებთ, როდესაც თბილისში ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიას მიება, ლოგიკურად გამოდის, რომ ეს პრინციპი გუდაურშიც ამოქმედდება.

საინტერესოა, რომ ამ თემაზე ყურადღება არ გამახვილებულა. მაგრამ ფაქტია, რომ დედაქალაქის მერია აკონტროლებს, დაახლოებით, ასი კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიას. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში მომხდარიყო, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის პრინციპი ხომ „პირველად საქართველოშია“ და ამიტომაც გასაკვირი, წესით, აღარაფერი უნდა იყოს.

მაგრამ, როგორც ჩანს, უგულავას სურვილები მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და გადაწყვიტეს, რომ მას გუდაურის ხელში მთლიანად ჩასაგდებად დამატებითი უფლებები მიანიჭონ. გუდაურზე თბილისის უფლება კი იმაში გამოიხატება, რომ გუდაურის მიწების განკარგვა თბილისის უფლება იქნება. ეს გადაწყვეტილება კი პრეზიდენტმა მიიღო.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულებაში პრეზიდენტმა შესაბამისი ცვლილება შეიტანა. 

პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისია. 

მუდმივმოქმედი კომისიები თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ბაზაზე იქმნება ხოლმე. ასეთი კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადით და დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე.

ფაქტია, რომ გუდაურის მიწები თბილისის თვითმმართველობამ უნდა განკარგოს. თავი რომ დავანებოთ იმ პრობლემას, რომ გუდაურის მოსახლეობას ნებისმიერი წვრილმანისთვის თბილისში მოუწევთ სირბილი, რაც, ცხადია, გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, მთავარი ის არის, პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენად კანონიერია. იურისტებს მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირ იურიდიულ ნორმებში არ ჯდება.

როგორც ორგანიზაცია „კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელი, ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, თვითმმართველობის კომპეტენცია გამოიხატება იმაში, რომ საკუთარი პრობლემები თავად მოაგვაროს და როდესაც ერთი თვითმმართველობის საქმიანობაში ერევე მეორე თვითმმართველობა, არ შეიძლება, კანონიერი იყოს.

ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. გასაგებია, რომ უგულავა ახლავე ემზადება ქვეყნის მართვისთვის და ნელ-ნელა უფლებებს თბილისის გარეთ არსებულ ტერიტორიებზეც იფართოებს.

მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, თუ რატომ მაინცდმაინც გუდაური და თანაც რატომ მაინცდამაინც მიწების განკარგვის უფლება. ამ კითხვებს კი ლოგიკურად იქამდე მივყავართ, რომ ხელისუფლებას და კონკრეტულად უგულავას გუდაურის მიწების ხელში ჩაგდება სურს. ამიტომაც საჭიროა, რომ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდეს განმარტება, თუ ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო და ასევე გააკეთოს განმარტება როგორც იურისტმა, არის თუ არა კანონიერი მისი ბრძანებულება.

პრესაგე.ტვ შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოეპოვებინა, მაგრამ მის პრესსამსახურს ჩვენთან საუბარი არ სურს.