[გიორგი ბექაური]
პედაგოგთა ნაწილისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის წლევანდელი ცხელი ზაფხული კიდევ უფრო „ცხელი“ აღმოჩნდა. ე.წ. ოპტიმიზაციის შედეგად ბევრი საჯარო სკოლა დაიხურა. მოსწავლეებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, მასწავლებლები კი საერთოდ ჰაერში დარჩნენ გამოკიდებულნი. გარდა ამისა, მათ პოლიტიკური ნიშნითაც ათავისუფლებენ.
რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, სოფელ დიღმის საჯარო სკოლიდან პედაგოგები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. როგორც ხიდაშელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის წევრი, სოფელ დიღმის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი მარინა ბროლაძეც ესწრებოდა, პარტიამ განათლების სამინისტროს მიმართა და მოითხოვა, აღნიშნულ სკოლაში პედაგოგების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების საქმე შეისწავლოს, წინააღმდეგ შემთვევაში, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
„რესპუბლიკური პარტია სოფელ დიღმის საჯარო სკოლაში პედაგოგებთან მიმართებაში ადმინისტრაციის მოქმედებას ორი თვის მანძილზე აკვირდებოდა, რადგან გვქონდა ინფორმაცია არაჯანსაღი პროცესის შესახებ. იმედი გვქონდა, რომ სკოლის ადმინისტრაცია უკანონო ბრძანებებს გადახედავდა, მაგრამ განათლების სამინისტრომ და საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ უკანონო გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მარინა ბროლაძე დიღმის საჯარო სკოლაში 28 წელია, მუშაობს და სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრიც იყო. თუმცა, აბა, სკოლიდან მასწარვლებლების გათავისუფლებაა რაა იმასთან შედარებით, რასაც მთელი ივლისი შაშკინის უწყება აკეთებს. მთელი საქართველოს მასშტაბით ე.წ. ოპტიმიზაციის მომიზეზებით უამრავი სკოლა დაიხურა, შესაბამისად, უმუშევარი დარჩა უამრავი პედაგოგი, ხოლო მოსაწვლეებს და მათ მშობლებს კოშმარული ზაფხული უდგათ.
ოპტიმიზაციის დაწყებიდან არსებობს წესი, რომ მცირეკონტიგენტიან სკოლას რაიონში არ დახურავდნენ თუ მას სკოლას დაწყებით საფეხურზე ჰყავს სამი, საბაზოზე - 6 და საშუალოზე - 21 მოსწავლე. თუმცა, თუკი ასეთი სკოლის გვერდით სხვა სკოლა მდებარეობს, შესაძლოა, მაინც დაიხუროს.
დაწყებითი განათლების მისაღები დაწესებულებები იხურება თბილისშიც და რეგიონებშიც. სოფლებში, სადაც საკმაოდ ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ეს პროცესი უფრო მასიურია. უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე სოფელში მხოლოდ ერთი სკოლა რჩება და მოსწავლეებსაც გაკვეთილზე მისასვლელად ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. წლევანდელი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ბევრ მშობელს გაუჩნდა საფიქრალი რომელ სკოლაში გადაიყვანონ შვილები.
„ის სკოლაში, სადაც წლების განმავლობაში ჩემი შვილი დამყავდა, დაიხურა. ამ ცხელ ზაფხულში პრობლემაა გამიჩნდა ის, რომ არ ვიცი რომელ სკოლაში გადავიყვანო ბავშვი. ჩვენს უბანში კი არის ორი საჯარო სკოლა, მაგრამ არც ერთს არ აქებენ. შორს რომ იაროს, ისიც არ მინდა. საშინელებაა, სკოლაში რომ ტრანსპორტით მიდიხარ. ისედაც არ უნდათ ამ ბავშვებს სწავლა და ეს კიდევ უფრო ამცირებს მოტივაციას.
მალე თუ არ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბავშვი დარჩება სკოლის გარეშე. ამ დღეებში უკვე უნდა შევიტანოთ საბუთები. ამ დასვენების წინ ნამდვილად კარგი საზრუნავი გაგვიჩინეს“, - აღნიშნავს თბილისელი თამარ გეგუჩაძე.
კიდევ უფრო რთული ვითარებაა რეგიონებში. მაგალითად, სექტემბრიდან ზუგდიდში 2 სკოლით ნაკლები იქნება. ოდიშისა და ხეცერას საბაზო სკოლების დახურვის მიზეზად განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აზა ჯოჯუა სკოლების მოსწავლეთა მცირე კონტინგენტს ასახელებს. ოდიშის სკოლაში 30 მოსწავლე სწავლობდა და 12 პედაგოგი მუშაობდა, ხეცერაში კი 14 მოსწავლე კლასკომპლექტებში სწავლობდა და სკოლაში 4 მასწავლებელი იყო დასაქმებული.
განათლების სამინისტროსავე გადაწყვეტილებით, ოდიშისა და ხეცერას სკოლების მასწავლებლებს სხვა სკოლებში დასაქმების შანსი სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ ოდიშის საბაზო სკოლის მოსწავლეებს უახლოეს სკოლამდე 4-6 კილომეტრის გავლა მოუწევთ, იმავე მანძილს დაფარავენ ხეცერას სკოლის ყოფილი მოსწავლეებიც. სკოლის სიშორის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს არც მთავრობის მიერ თავის დროზე გაპიარებული სასკოლო ავტობუსი დაუნიშნა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ აცხადებდა, რომ საქართველოში არცერთი სკოლა არ დაიხურებოდა და მას სახლში გასაშვები არცერთი მასწავლებელი არ ჰყავდა. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ბევრ სხვა დაპირებასთან ერთად ესეც დაივიწყა.