„80-თეთრიანი მოლაპარაკების“ შედეგი იგვიანებს

„80-თეთრიანი მოლაპარაკების“ შედეგი იგვიანებს

[ეკა ბაქრაძე]

5-6 დღეში უკვე საბოლოოდ დადასტურდება თბილისში მგზავრობა 80 თეთრი ეღირება თუ უგულავა-შარანგიას ტანდემი მორიგ უკუმანევრს ჩაატარებს. მერია და მისი სატელიტი კერძო კომპანია მოსაფიქრებელ ვადას ითხოვს და ეს ვადა 1-ელ აგვისტოს იწურება.

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ლაღიძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ „თბილისის მიკროავტობუსის“ მფლობელებს ძველ სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ძველი ტარიფის დაბრუნების რეკომენდაცია მისცა. ეს პირად საუბარში აკაკი ჯოხაძემაც დაადასტურა.

„ჩვენ ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ. იმ შემთხვევაში, თუ 1-ელ აგვისტომდე ძველ „მარშრუტკებში“ მგზავრობის საფასური კვლავ 50 თეთრამდე არ შემცირდება, ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და არასამთავრობო ორგანიაზციას, გვერდში დაგვიდგნენ, რადგან ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა“, - განაცხადა ლაღიძემ.

მერიაში ადასტურებენ, რომ აკაკი ჯოხაძე ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს მძღოლებთან და რეკომენდაცია ტარიფის გაიაფების შესახებ ნამდვილად მისცა. ამ თემაზე საუბარი ასევე გაიმართა გამარჯვებულ გადამზიდავ კომპანიებთანაც.

„თუმცა, ეს იყო სიტყვიერი რეკომენდაცია, რამდენად ექნება შედეგი, ამას ვერ ვიტყვით. მერიას არ აქვს უფლება, ოფიციალურად ჩაერიოს ამ საკითხში“, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახური თეონა ნიორაძე აცხადებს, რომ მერიამ ნამდვილად მიმართა კომპანიას, დალაპარაკებოდნენ მიკროავტობუსების მძღოლებს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ძველი, ასევე ახალი სამარშუტო ტაქსების მძღოლებთან და ერთ კვირაში შედეგები უკვე ცნობილი იქნება, კერძოდ, გაიაფდება თუ არა მგზავრობა“, - ამბობს ნიორაძე.

როგორც ცნობილია, სადღეისოდ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება ხაზების უმრავლესობაზე 30 თეთრით - 80 თეთრამდეა გაზრდილი. რჩება რამდენიმე ხაზი, რომელთაგან ზოგიერთზე ტარიფი 10 თეთრით, 50 თეთრამდე გაიზარდა, ზოგიერთზე კი - ასევე 10 თეთრით, 60 თეთრამდე.

პირველად 80-თეთრიანი ტარიფი N4 სამარშრუტო ხაზზე გამოჩნდა, რომელზეც თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ შემოყვანილი ახალი, ყვითელი ფერის კომფორტული მარშრუტკები ამოძრავდა. 2-3 დღის განმავლობაში სხვა ხაზებზე კვლავინდებურად 50-თეთრიანი ტარიფი მოქმედებდა, თუმცა შემდეგ მგზავრობა მათაც გააძვირეს.

ძველი სამარშრუტო ხაზების მძღოლები ირწმუნებიან, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო და ტარიფის გაზრდა მათ ნიღბიანმა პირებმა აიძულეს, რომელთაც ფურცლები წარწერით „80 თეთრი“ დაურიგეს.  პრივატულ საუბრებში მძღოლები ამას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ იმ 2-3 დღის განმავლობაში, როდესაც მათ ხაზებზე კვლავ 50-თეთრიანი ტარიფი მოქმედებდა, N4 ხაზზე მგზავრთა ნაკლებობა იყო და ყველა ძველი „მარშრუტკებით“, მაგრამ ძველი ტარიფით მგზავრობას ამჯობინებდა.

ახალ სამარშრუტო ტაქსებში, სადაც გადახდის სპეციალური აპარატები უკვე დამონტაჟდა, მგზავრი დღის განმავლობაში პირველ ჯერზე 80 თეთრს იხდის, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე - 65 თეთრს, მაშინ, როცა ძველ სამარშრუტო ტაქსებში, სადაც მსგავსი აპარატები ჯერ არ არსებობს, ნებისმიერი მგზავრობა ამ დრომდე 80 თეთრი ღირს.

ბოლო დღეებში კი სამარშუტო ტაქსით მგზავრობის 80 თეთრამდე გაძვირების გამო, მძღოლებსა და მგზავრებს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ყოველდღიურად ის ადამიანები, ვინც სამარშუტო ტაქსებით მგზავრობენ, არაერთი კონფლიქტის მომსწრენი ხდებიან - მოქალაქეთა ნაწილი არ იხდის გაძვირებულ ტარიფს და მძღოლს მხოლოდ 50 თეთრს აძლევს, რასაც კამათი და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვება ხოლმე.