"არჩევნებზე მოსახლეობის ნახევარზე მეტი თუ მივიდა, მაშინ სალომე ზურაბიშვილი 50%-ზე ცოტა მეტ ხმას აიღებს. "ნაცმოძრაობას" ხმას მისცემ 13%-ი, ეს მისი ორგანიზებული ელექტორატია. "ევროპული საქართველოს" ნულოვანი შანსი აქვს... ბოკერია-უგულავს ბევრად ურჩევნიათ "ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვოს, ვიდრე სააკაშვილის კანდიდატმა," - აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა გამარჯვების შანსებზე ესაუბრა.
პეტრე მამრაძე: არჩევნების მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დაბალია. თუ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მივიდა, მაშინ სალომე ზურაბიშვილი 50%-ზე ცოტა მეტს აიღებს, "ოცნება" აცხადებს, რომ 53%-იო, როგორც ჩანს, ასე დაითვალეს, რადგან მეტის იმედი არ აქვთ. თუ სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, მეორე ტურში მაინც გაიმარჯვებს, ანუ დიდი ალბათობით გაიმარჯვებს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ მმართველი გუნდის ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი.
"ნაცმოძრაობას" ხმას მისცემს ამომრჩევლის 13%-ი, ეს მისი ორგანიზებული ელექტორატია. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე მოსახლეობის ნახევარი მივა, მაშინ ეს 13%-ი 26%-ი გახდება. "ნაცებს" კარგად ესმით საკუთარი რესურსების სიმწირე და უარი თქვეს იმ მაშტაბურ აქციებზე, რომელიც გამოცხადებული ჰქონდათ. ალბათ სააკაშვილიც დაარწმუნეს, რომ ხალხს ვერ შეაგროვებდნენ და ეს იქნებოდა მათი უსუსურობის დემონსტრირება. რაც შეეხება მათ კანდიდატს, ვაშაძე პირადად სააკაშვილის, უფრო მისი ბიძის თემურ ალასანიას რჩეულია, ორივე რუსეთის მოქლაქე იყო და ერთად მუშაობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მე ვიცი, "ნაცებს" ვაშაძე ნამდვილად არ უნდოდათ. მაგრამ საბოლოოდ მასზე შეჯერდნენ. ამიტომ იყო, რომ სააკაშვილი თავისი გუნდის წევრებს ამსტერდამში იბარებდა და ყველას არწმუნებდა, რომ ვაშაძე უნდა ყოფილიყო საპრეზტიდენტო კანდიდატი.
"ევროპულ საქართველოს" ნულოვანი შანსი აქვს, ისინი არჩევნებში გამარჯვებისთვის არც იბრძვიან, მოვალეობას იხდიან, თავისი კანდიდატი რომ არ დაეყენებინათ, ეს სისუსტის ნიშანი იქნებოდა. ბოკერია-უგულავს ბევრად ურჩევნია "ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვოს, ვიდრე სააკაშვილის კანდიდატმა.
"რ": თუმცა "ნაცმოძრაობა" გამარჯვებას უკვე ზეიმობს, აცხადებენ, რომ ამ ხელისუფლებას 28 ოქტომბერს დასრულდებენ, არჩევნებისთვის კი სააკაშვილი თბილისში ჩამოვაო...
პ.მ: სააკაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, დილით, ქართულად განაცხადა, რომ არჩევნების დღეს თბილისში სარფიდან შემოვიდოდა. საღამოს კი უკრაინის ტელევიზიით რუსულად განაცხადა, რომ საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდოდა. ამიტომ არასერიოზულია მსჯელობაც კი იმაზე, რომ სააკაშვილი თავისი ნებით ჩამოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოვა, თუ ტელევიზიით დაინახავს, რომ აეროპორტში 500 ათასი კაცი დგას მის დასახვედრად და "მიშა-მიშას" ყვირიან, ხელისუფლება გაქცეულია და მის მხარდამჭერები როგორც ტრიუმფატორს ხელში აყვანილი სასახლისკენ მიარბენინებენ. ამ ფანტაზიით ცხოვრობს დღესაც სააკაშვილი.
"რ": ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებთი რას იტყოდით, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ამ ჩანაწერებმა უამრავი კითხვა გააჩინა "ოცნების" ხელისუფლების მიმართ და პარტიის თავმჯდომარემ მინიმუმ შეფასება მაინც უნდა გააკეთოს, რა ხდება...
პ.მ: თქვენ და მე ამ ჩანაწერებს ვერ მოვიპოვებთ, ჩანაწერებზე ხელი მიუწვდება ორ ძალას - "ნაცებს" და "ქოცებს". გვარამიამ ხომ ღიად თქვა, ყველა სტრუქტურაში გვყავს მხარდამჭერები და ინფორმატორიო. ამ ჩანაწერებით დადასტურდა ის, რაც ბევრმა ისედაც იცოდა, რომ ფარცხალაძის რეალური გავლენა დღესაც არის პროკურატურაში და რომ მმართველი დაჯგუფება პატრონ-ყმური პრინციპით არის აგებული, სადაც პატრონად ივანიშვილს მოიაზრებენ. იოტისოდენადაც ეჭვის არ მეპარება იმ ჩანაწერის ავთენტურობაზე, სადაც სააკაშვილის უკანონო და სისხლიანი ბრძანებების შემსრულებლები ამზადებენ პატარკაციშვილის მკვლელობას. რაც შეეხება იმას, გააკეთებს თუ არა ამ მოვლენებზე შეფასებას ივანიშვილი, არა მგონია, რომ მისი გამოსვლა არჩევნებამდე მომგებიანი იყოს მმართველი გუნდისთვის.