რუსეთისა და საქართველოს გადამწყვეტი შეჯახება „ღია ცაში“

რუსეთისა და საქართველოს გადამწყვეტი შეჯახება „ღია ცაში“

ღია ცის შეთანხმება, რომელსაც 1992 წელს ჰელსინკში ხელი მოეწერა და ძალაში 2002 წელს შევიდა, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული უთანხმოების გამო, გაუქმების საფრთხის ქვეშაა. ამ მხრივ გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ორშაბათს, 22 ოქტომბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაგეგმილი სპეციალური კომისიის სხდომა, სადა შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისათვის 2019 წელს ფრენის კვოტები უნდა განისაზღვროს.

პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა, სულაც ვერ მიაღიონ შეთანხმებას, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს და რუსეთს უნდა დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები საკუთარ საჰაერო სივრცეში. ექსპერტი აღნიშნავს, რომ, წესით, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ზარალის მომტანი არ უნდა იყოს.

ღია ცის შეთანხმება ამ შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს ერთმანეთის საჰაერო სივრცეში პერიოდულად სადაზვერვო ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს. 2010 წელს მოსკოვმა აკრძალა ასეთი ფრენები როგორც უშუალოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე, ასევე რუსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც 10კმ-ზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან, იმ არგუმენტით, რომ ეს „დამოუკიდებელი სახელმწიფოებია", რომლებიც არ არიან ღია ცის შეთანხმების წევრები.

ამან, ბუნებრივია, საქართველოსა და შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნების პროტესტი გამოიწვია, რადგანაც საერთაშორისო საზოგადოება ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად სცნობს. შესაბამისად, საქართველომ საკუთარ საჰაეროს სივრცეში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავების შესვლა აკრძალა.

მას შემდეგ ვითარება ღია ცის შეთანხმების გარშემო დაძაბულია. მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა რუსების მიერ შემოღებულმა ახალმა აკრძალვამ - ორიოდე წლის წინ ოფიციალურმა მოსკოვმა შეთანმების მონაწილე ქვეყნებს კალინინგრადის ოლქის თავზე აუკრძალა ფრენების გამხორციელება იმ მოტივით, რომ ეს კალინინგრადის აეროპოტრის ფუნქციონირებას უშლიდა ხელს.

2018 წლის 23 აპრილს რუსეთს ფედერაცია ერთ „დათმობაზე" წავიდა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 10-კილომეტრიან ზოლში ფრენების აკრძალვა გააუქმა. საპასუხოდ მოსკოვი ოფიციალური თბილისისაგან საქართველოს თავზე ფრენის უფლებას ითხოვს.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამაზე დათანმხმება მის მიერ ფაქტიურად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარების" ტოლფასი იქნება.

შესაბამისად, საქართველო არ სთანხმდება რუსეთს, რადგან მოსკოვი ღია ცის შეთანხმების მონაწილეებს ისევ არ აძლევს საშუალებას, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრენები განახორციელონ.

„დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1992-დან 2008 წლამდე არსებობდა და, შესაბამისად, ღია ცის ხელშეკრულების პირობებიც სრულდებოდა. დღეს, როდესაც ეს აღარ არსებობს, პრობლემურია რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება. მგონია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთთან მიმართებით საქართველოს ამ პოზიციის დაკავების გარდა, რაც გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, სხვა გზა არ გააჩნია.

„ვერ ვიტყვი, რომ ასეთი პოზიცია საქართველოსთვის წამგებიანი იყოს. წამგებიანი შეძალოა აღმოჩნდეს გარკვეულ პერიოდში იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ ჩაკეტავს საკუთარ ბაზარს საქართველოსთვის, რადგან ვიცით, რომ რუსეთი საქართველოს მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რაღაც პრობლემებმა იჩინოს თავი, მაგრამ, რაც შეეხება საჰაერო სივრცეს, ვერ გეტყვით, რომ საქართველოსთვის წამგებიანი იქნება.

„საქართველო აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოებთან და ეჭვი მეპარება, რომ აღნიშნულმა საკითხმა გარკვეული ეკონომიკური დანაკლისი მოუტანოს საქართველოს", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ვენაში გამართულ შეხვედრაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიონ:

„არ არის გამორიცხული, რომ კომპრომისი ვერ იქნას მიღწეული, რადგან საქართველოსა და რუსეთს არ აქვს არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა და რუსეთი, ამ შემთხვევაში, არ არის სანდო პარტნიორი. ამასთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოს დასჭირდეს რუსეთთან მტკიცე პოზიციის დაფიქსირება.

„რაც შეეხება რუსეთის მიერ ამ საკითხის არც ისე აქტიურ აფიშირებას, მისთვის უფრო ადვილი იქნება მანიპულირება მაგალითად, ლუგარის ლაბორატორიის საკითხით და ა.შ., მაგრამ ღია ცის ხელშეკრულების შესახებ ბევრისთვის ცნობილი არ არის და შესაძლოა კიდეც, რომ აღნიშნულმა საკითხმა დიდიად „არ იმუშაოს". შესაბამისად, შესაძლოა, რომ სწორედ ამიტომ თავისუფალი სივრცის შესახებ ხელშეკრულებაზე ნაკლებად ამახლებდეს რუსული პრესა ყურადღებას", - დასძინა ჩიტაძემ.