აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში

აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში

უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება 3 ნოემბერს უნდა მოხდეს
უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების დოკუმენტის - ტომოსის გამოცემის ახალი, არაოფიციალური დრო დასახელდა - 3 ნოემბერი და მართლმადიდებელ სამყაროში დიდი მოლოდინია, რომ სწორედ ტომოსის გამოცემის შემდეგ დაუწყებს რუსეთი ბრძოლის ახალ ეტაპს და სატელიტ ეკლესიებთან ერთად შეეცდება შეუტიოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მათ შორის არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთმა მოკავშირე ეკლესიებსაც მოსთხოვოს კონსტანტინოპოლთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტა.

უკრაინის თემაზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია არის, რომ ტომოსის გამოცემის შემდეგ სინოდის სხდომაზე გადაწყვეტენ ვის დაუჭერენ მხარს, თუმცა რამოდენიმე დღის წინ პატრიარქის მდივნის მიერ გაკეთებული განცხადება თეოლოგების ნაწილმა რუსული პოზიციის გამომხატველად აღიქვა.

"იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უპირობოდ მხარი დავუჭიროთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, არასწორია. ვიდრე არგუმენტები საფუძვლიანად არ იქნება ჩამოყალიბებული და საეკლესიო სამართლის ნორმებით არ იქნება ეს პოზიცია გამყარებული, მანამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებთ. ამავე დროს, დაველოდებით სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების დაფიქსირებას - როგორ ფიქრობენ ისინი და რა პოზიცია მიაჩნიათ მათ მართებულად," - ამბობს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბოტკოველი.

ამის შემდეგ ბოტკოველი დასძენს, რომ თუ კონსტანტინოპოლი იქნება მტყუანი, მას გვერდით ვერ დაუდგებიან.

"კონსტანტინოპოლი რომ იყოს მტყუანი, მაინც მას უნდა დავუდგეთ გვერდში?! ჩვენ სიმართლეს უნდა დავუჭიროთ მხარი და არ ვიმსჯელოთ მხოლოდ იმით, რომ რუსეთი ოკუპანტია," - თქვა მან "ნეტგაზეთთან".

სწორედ ეს განცხადება გახდა თეოლოგების ნაწილისთვის მიუღებელი.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ ეს განცხადება შემაშფოთებელია და მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია ავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

"მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება ეს პოზიციის დაფიქსირებაა, მაგრამ ეს არც მამა მიქაელის და არც საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის, არამედ სინოდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის აღიარების შესახებ. მამა მიქაელის განცხადებაში ლოგიკაც არ არის, თუ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებულია, მაშინ რატომ უნდა გავუწიოთ მათ ანგარიში. ეს არის დათვზე ბაბაის დაძახების პოზიცია. მეტი რაღა უნდა დაუშავოს რუსეთმა საქართველოს, როდესაც ჩვენ ვერ შევდივართ აფხაზეთში და რუსეთი ჩვენს პატრიარქს არასდროს მოიხსენიებს სრული ტიტულით, არასდროს ახსენებს, რომ პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია. მეტი უარესი რაღა უნდა გააკეთოს?" - ამბობს ბარნოვი.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილის შეფასებით, ბოტკოველის განცხადება ორ რამეს მიანიშნებს, ერთ, რომ საქართველოს ეკლესიის იერარქებს სურთ დრო მოიგონ და შეხედონ რას იზამენ სხვა ეკლესიები, როგორ განვითარდება მოვლენები, მეორე - მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი კონტაქტები გაააქტიურა და სურს, საქათველოს ეკლესიამ მწვავე პოზიცია დააფიქსიროს კონსტანტინოპოლთან მიმართებაში.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ერთადერთი საფრთხე არსებობს, აფხაზეთში არსებული რეალური ვითარება ოფიციალურად დააკანონოს.

"რეალურად საქართველოს ეკლესიას აფხაზეთის ეპარქიაზე კონტროლი საერთოდ არ აქვს, რუსეთი საქართველოს პატრიარქს სიმბოლურადაც არ მოიხსენიებს, როგორც აფხაზეთის ეპარქიის მმართველს და პლუს, რუსული იერარქები აფხაზეთში თავიანთ სამღვდელოებას უშვებენ და აკურთხებენ. დღესაც კი, რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიას არანაირ ანგარიშს არ უწევს აფხაზეთის საკითხთან და ერთადერთი საფრთხე ისაა, რომ რუსეთი ადგეს და ღიად დაადასტუროს ეს ყველაფერი. საპატრიარქო თვლის, რომ ასეთი აღიარება მათთვის დიპლომატიურად წამგებიანია და ამიტომ ცდილობს ნეიტრალური პოზიციით თავიდან აიცილოს ეს გამწვავება," - ამბობს გამრეკელაშვილი, თუმცა ასევე დასძენს, რომ როგორც კი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი გამოცხადდება, რუსეთი კონსტანტინოპოლზე შეტევის ახალ ტალღასადაიწყებს.

"რუსები ჯერ კიდევ ელოდებიან გადამწყვეტ მომენტს, როგორც კი ტომოსის გამოცემა მოხდება, რუსეთი ბრძოლის ახალ ეტაპს ამის შემდეგ განაახლებს. მოლოდინია, რომ ტომოსის გამოცემა მოხდება 3 ნოემბერს, კონსტანტინოპოლიდან არაოფიციალურად ამაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ, დიდია ალბათობა, რუსეთმა საკუთარ სატელიტ ეკლესიებს მოსთხოვოს გაწყვიტონ ევქარისტული კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. დღეს რუსეთს სატელიტებად მიიჩნევიან ანტიოქია, სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, პოლონეთი, და ჩეხეთი. თუ საქართველო ამ ნაბიჯზე წავა და გამოეთიშება მსოფლიო საპატრიარქოს, მაშინ ჩვენ საბოლოოდ, უკვე ოფიციალურად, მოვწყდებით მართლმადიდებელ ქრისტიანობას და გადავიქცევით რაღაც რუსული ქრისტიანობის მიმდევრებად.ანუ ეს იქნება რაღაც სექტა, რომელსაც ეყოლება მხოლოდ რამოდენიმე ეკლესია. ამის საფრთხე არსებობს. საქართველოში დაბალი იერარქიის დონეზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიდი ხანია დემონიზებულია და ამიტომ არის საფრთხე, რუსეთის პოზიცია საქართველოს ეკლესიამაც გაიზიაროს," - ამბობს გამრეკელაშვილი.

გამრეკელაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ შესაძლოა აფხაზეთის საკითხის გააქტიურებაც მოჰყვეს, უსაფუძვლოა და მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება.

"აფხაზეთის შიდა საეკლესიო სივრცეში მოქმედმა დაჯგუფებამ დოროთე დბარის მეთაურით მართლაც მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს და მსოფლიო პატრიარქს ევალება მოუსმინოს ყველა ქრისტიანის ჩივილს. თუმცა აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და მისი საერთაშორისო დონეზე აღიარება გამორიცხულია, იმიტომ რომ, მართლმადიდებელი კანონიკის მიხედვით ავტოკეფალიისთვის საჭირო წინაპირობად ოფიციალურად არის ჩაწერილ პოლიტიკური დამოკიდებულება. აფხაზეთზე შიშები საფუძვლიანი არ არის და ეს უბრალოდ რუსეთის კიდევ ერთი სავაჭრო თემაა, რომ აი, აფხაზეთში ავტოკეფალიას გამოვაცხადებთ. ავტოკეფალია რომც გამოაცხადონ, ამას არავინ აღიარებს, იმიტომ რომ, აფხაზეთი აღიარებული არ არის," - დასძენს გამრეკელაშვილი.