[ნიკა მეტრეველი]
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ნათლად ადასტურებს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საეკლესიო ხელისუფლებაზე პრეტენზია არ აქვს. უფრო მეტიც, პატრიარქი კირილი ხაზს უსვამს, რომ „არც ერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რუსეთის ეკლესიას ისეთი ძმური ურთიერთობა არ გააჩნია, როგორიც საქართველოსთან აქვს“. ილია მეორემ კირილს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად, კიევში გუშინ ჩავიდა. უწმინდესი უკრაინაში, კიევის რუსეთის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინაში ვიზიტის დროს ილია მეორე შეხვდება ასევე ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
საქართველოს პატრიარქი კირილს მეორედ ხვდება. პირველად ორი ქვეყნის სულიერი ლიდერები 2009 წლის 6 ნოემბერს ბაქოში შეხვდნენ, სადაც აზერბაიჯანის სულიერი ლიდერის, ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს საიუბილეო ღონისძიებები იმართებოდა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, „მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მორწმუნე ადამიანების პრობლემების შესახებ დიალოგის დაწყების თაობაზე საზეიმოდ განაცხადეს“.
კიევში, დღეს გამართული შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ორ ეკლესიას შორის დელეგაციათა გაცვლა ინტენსიურად მიმდინარეობს, ისევე, როგორც ერთობლივი მონაწილეობა სხვადასხვა დღესასწაულებში.
მისივე თქმით, არც ერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რუსეთის ეკლესიას ისეთი ძმური ურთიერთობა არ გააჩნია, როგორიც საქართველოსთან აქვს:
„ეს სწორიცაა, რადგან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ჩვეულებრივი არ არის. როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობები სუსტდება, ეკლესიათაშორისი კვანძი უნდა გაძლიერდეს. ეკლესია, ქრისტე მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. გადის დრო, იცვლება პოლიტიკური სიტუაციები, მაგრამ მეზობელი ერები კვლავ ერთად ცხოვრობენ და ეკლესიაც აგრძელებს ცხოვრებას. ღმერთმა ქნას, ჩვენი და თქვენი ურთიერთქმედება ემსახუროს ჩვენი ერთმორწმუნე ერისა და ეკლესიის კეთილდღეობას“.
მოლაპარაკებების შემდეგ პატრიარქმა კირილმა „უდიდესი კმაყოფილება“ გამოხატა „არც თუ უბრალო“ საკითხების განხილვასთან დაკავშირებით: „ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასთან“, – აღნიშნა მან. მისი თქმით, აშკარაა, რომ არსებობს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე: „მეორეს მხრივ კი, ამჟამად არსებობს გარკვეული კანონიკური უწესრიგობა როგორც ერთ, ისე მეორე ადგილზე“.
კირილის თქმით, განსაკუთრებით აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ „ეს კანონიკური უწესრიგობა ადამიანების სულიერ ცხოვრებას ვნებს. ამიტომ, ღია, ძმურ გარემოში განვიხილეთ ეს საკითხი და მოვილაპარაკეთ, კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, რათა ღვთის წყალობით, მომავალში, გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც დაეხმარებოდა ამ ორ ეკლესიას მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრების დამშვიდებაში, რათა დამყარდეს კანონიკური წესრისგი და ყველაზე მთავარი, ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი განხეთქილების აღკვეთას“.
თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ „ხშირი შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს. „მართლაც, პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები იყოს ძმური და მეგობრული“, – ბრძანა ილია მეორემ.
მან მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისთვის, ასევე, კიევში დაპატიჟებისთვის, სადაც მისი თქმით ის პირველადაა: „ვფიქრობ, მომავალში ჩვენ კვალვ შევხვდებით. ეს კარგი დასაწყისია და ვფიქრობ, გაგრძელებაც ძალიან კეთილი ექნება. ურთიერთგაგებით პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“.
გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხისა, პატრიარქების განცხადებით, მათ „ეკლესიათაშორისი ურთიერთობებიც“ განიხილეს. კონკრეტულად არაფერი ნათქვამი არ ყოფილა, თუმცა რუსული მედიის ვარაუდით, შესაძლოა, საქმე კონსტანტინპოპოლის პატრიარქს ეხებოდეს, რომელიც „ბოლო დროს რუსული ეკლესიის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებს ხშირად დგამს“.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის ეკლესიას ასევე პრობლემები აქვს რუმინულ პატრიარქატთან, რომელმაც თავისი ეკლესიები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე - მოლდოვასა და უკრაინაში დააფუძნა. რუსული მედიის ვარაუდით, ცხადია, რომ რუსულ ეკლესიას მოკავშირე სჭირდება და ალბათ უძველესი ქართული ეკლესია იქნება კიდეც ეს მოკავშირე.
ჟურნალისრებთან საუბრისას კირილმა ასევე ასეთი რამ განაცხადა: „ჩვენ ეკლესიათაშორისი საკითხები განვიხილეთ, რომლებზეც ჩვენ ერთიანი აზრი აღმოგვაჩნდა და მადლობელი ვარ ღმერთის იმისათვის, რომ ამიერიდან მრავალ საკითხში შევძლებთ ერთიანი აზრით გამოსვლას“.
თუმცა, სტრატეგიული განვითარების კორპორაცია „Гардарика“-ს ექსპერტის, რელიგიათმცოდნე კონსტანტინე მატვიენკოს შეფასებით, „რუსეთისა და საქართველოს შერიგების გეგმის შესახებ ინფორმაცია გამოგონილია“.
როგორც მატვიენკომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, „რუსეთ-საქართველოს შერიგება კირილის საქმე არ არის, რადგან მას მსგავს პროცესებზე არასაკმარისი გავლენა აქვს და სხვათაშორის, რაოდენ დიდი გავლენის მქონე პერსონაც არ უნდა იყოს საქართველოში პატრიარქი ილია მეორე, ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხებს მაინც სააკაშვილი და მისი გარემოცვა წყვეტენ“, - განუცხადა „Комсомольская правда в Украине“-ს მატვიენკომ.
„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საეკლესიო ხელისუფლებაზე პრეტენზიას არ აცხადებს“ , - „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებმა კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
„როიტერი“ წერს, რომ ეს იყო ილია მეორისა და კირილის პირველი შეხვედრა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ:
„ომის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა სერიოზულად დაძაბულია, რაც ორ თვითგამოცხადებულ რეგიონზე რუსულ გავლენას აძლიერებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო, თბილისმა და მოსკოვმა საბოტაჟისა და პროვოკაციების შესახებ ურთიერთბრალდებების გაცვლა დაიწყეს. მიმდინარე თვეს სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულად ცნო რამდენიმე ფოტორეპორტიორი, რომელთაგან ერთი სააკაშვილთან მუშაობდა“.
პატრიარქ კირილის განცხადებით, ქართული ეკლესიის მეთაურთან მრავალ საკითხზე "ძმური" დისკუსია ჰქონდა, მათ შორის საუბარი იყო საეკლესიო ცხოვრებაზე თვითგამოცხადებულ რეგიონებშიც.
„გასაგებია, რომ საქართველოს პატრიარქი ფლობს კანონიკურ იურისდიქციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, - განუცხადა პატრიარქმა კირილმა რეპორტიორებს.
„ილია მეორემ შეხვედრას კარგი დასაწყისი უწოდა და რუსულ ეკლესიასთან მოლაპარაკებების გაგრძელების იმედი გამოთქვა. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემების პოლიტიკურ მხარეზე პატრიარქებს არ უსაუბრიათ“, – შენიშნავს „როიტერი“.
უწმინდესის ვიზიტი უკრაინაში 30 ივლისს დასრულდება.