"პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩანაწერები არჩევნებმდე ან არჩევნების შემდეგ უნდა გამექვეყნებინათ, რადგან ამას წინასაარჩევნო კამპანიის სუნი ასდის და სიმძაფრეს უკარგავს პატარკაციშვილის საქმის გამოძიებას" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე ესაუბრა, სადაც პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით ბადრი პატრაკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.
პაატა ზაქარეიშვილი: რა თქმა უნდა შემაშფოთებელია, რომ ასე იოლად ხდება ჩანაწერების გავრცელება, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ადამიანები დაუცველნი არიან და ვისაც ხელი მიუწვდება ყველას შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უშიშროების სამსახური არ არის თავის სიმაღლეზე;
რაც შეეხება კონკრეტულად პატარკაციშვილის საქმეს, ჩემი აზრით, ეს ჩანაწერები არჩევნების პერიოდში არ უნდა გამოქვეყნებულიყო. შეეძლოთ არჩევნებამდე ადრე ან არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებინათ, რადგან ამას წინასაარჩევნო კამაპნიის სუნი ასდის და სიმძაფრეს უკარგავს თავად პატარკაციშვილის საქმის გამოძიებას. ეს პროკურატურის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.
"რეზონანსი": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კომპრომატების ომი უფრო საშიშ ფაზაში გადავა და არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია უფრო დაიძაბოს. თქვენი აზრით, აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ დაძაბალობის კერები არ გაჩნდეს?
პ.ზ: არა მგონია, რომ სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბოს. ვიფქრობ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თუ პროცესს ვერ აჩერებს, "ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ შეფასება მაინც უნდა გააკეთოს.
"რ": ბიძინა ივანიშვილი ამ მოვლენების დასაწისშივე შეპირდა საზოგადოებას, რომ თავის პოზიციას გააცნობდა...
პ.ზ: რადგან აქამდე მას შეფასება არ გაუკეთებია, არ არის გამორიცხული, რომ თვისი გუნდის უკმაყოფილოა და არ უნდა წინასაარჩევნოდ დააზარალოს. ეტყობა, დუმილის ვარიანტი აირჩია, თუმცა ვფიქრობ, რომ რაც უფრო ადრე გააკეთებს ივანიშვილი შეფასებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთი, მით უკეთესი, შეიძლება მერე გვიანი იყოს.