პატარკაციშვილის საქმე - რა მტკიცებულებებით გახსნა ქართულმა პროკურატურამ მკვლელობა

პატარკაციშვილის საქმე - რა მტკიცებულებებით გახსნა ქართულმა პროკურატურამ მკვლელობა

მუხაშავრია: "ეს თემა არის "შემოგდებული", რათა ბოლო კვირების განმავლობაში აგორებული საკითხების გადაფარვა მოხდეს"

მედიისა და საზოგადოების ყურადღების გადასატანად "შემოგდებული" ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე - ასე აფასებენ "რეზონანსთან" იურისტები პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მათ 2016 წელს ნაპოვნი ფარული ჩანაწერების მეშვეობით ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების ფაქტი აღამოაჩინეს.

იურისტები სვამენ კითხვებს: სად იყო 2 წლის განმავლობაში პროკურატურა და რას ელოდებოდა? არის თუ არა ეს მტკიცებულებები ავთენტიკური და რატომ დასჭირდა ამდენი დრო მისთვის ექსპერტიზის ჩატარებას? ხომ არ არის ეს წინასაარჩევნოდ შემონახული საქმე, რომლის მტკიცებულებების უტყუარობა უწყებას სულაც არ ანაღვლებს?

მივყვეთ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართული პროკურატურისა და ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებსა და ვერსიებს.

10 წლის წინ სკოტლანდ იარდმა გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა.

"პატარკაციშვილის სიკვდილი დადგა ბუნებრივი მიზეზით", - ნათქვამია სურეის პოლიციის მიერ გავრცელებულ ცნობაში. ექსპერტიზამ ამ ეტაპისათვის ვერ აღმოაჩინა რადიოაქტიური ნივთიერების კვალი ვერც გარდაცვლილის ცხედარში და ვერც მისი საცხოვრებელი სახლის შემოწმებისას", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, დღეს საქართველოს პროკურატურამ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმის გახსნაში მათ 2007 წლის ფარული ჩანაწერები დაეხმარათ.

უწყების განცხადებით, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომელშიც ისმის, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული.

პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადაბირებას ცდილობს.

უწყების ინფორმაციით, კუდ-ის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურისტი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მტკიცებულებების დასაშვებობა სასამართლოს გადასაწყვეტია და რთული სათქმელია, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები საქმეში რამდენად არის სარწმუნო მტკიცებულებები.

მუხაშავრიას განცხადებით, პროკურატურას არც ერთი გახმაურებული საქმე არ გაუხსნია და რაღა ახლა ეს ბურუსით მოცული გარდაცვალება გახსნეს, რომლის ირგვლივაც კითხვები როგორც ამერიკის, ასევე ბრიტანეთის პოლიციას გააჩნია.

იურისტი ნაწილობრივ ბრალდებულების ადვოკატების დასაბუთებას იზიარებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ჩანაწერები თუ პროკურატურას ამდენი ხანი ჰქონდა, ახლა რატომ გაახსენდა და ისინი თავის დროზე გამოყენებული რატომ არ იქნა?

"ამდენი ხანი რას ელოდებოდნენ? ორი წელი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ამ საქმეზე ყველა ექსპერტიზა ჩატარებულიყო და განაჩენი დამდგარიყო.

"ვხედავთ, რომ ეს საქმე ახლა გაახსენდათ, რაც დიდწილად ვარაუდს წარმოშობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ხელისუფლების უსუსური მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ამ ქვეყანაში რაღაცის გამოძიება ხდება.

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა მედიისათვის არის "შემოგდებული", რათა ბოლო კვირების განმავლობაში აგორებული სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გადაფარვა მოხდეს.

"ორი წელი გავიდა, ეს მტკიცებულებები ჰქონდათ და თაროზე რისთვის ინახავდნენ? საერთოდ, პროკურატურის არ მჯერა და არც ის მჯერა, რომ სასამართლო ამ მტკიცებულებების საშუალებით ამ ადამიანების ბრალეულობას დაადგენს", - აცხადებს მუხაშავრია "რეზონანსთან".

მუხაშავრია ამბობს, რომ, სკოტლანდ იარდისაგან განსხვავებით, ჩვენს პროკურატურას ასეთი მაღალი ნდობა არ აქვს. შესაბამისად, 10 წლის წინ მათ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პატარკაციშვილი ბუნებრივი სიკვდილით არის გარდაცვლილი.

იურისტი ამბობს, რომ მართლაც დაუჯერებელია, ბრიტანულმა პოლიციამ ამ მტკიცებულებების შესახებ არაფერი იცოდა და მკვლელის ვინაობა არ დაადგინა. მუხაშავრია ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურას თუ ეს მტკიცებულებები ორი წელია აქვს, სკოტლანდ იარდს რატომ არ გადაუგზავნა?

იურისტი გელა ნიკოლეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, სად იყო ამდენი ხანი პროკურატურა და რატომ ინახავდა ამ მტკიცებულებებს? იურისტი ვარაუდობს, რომ "ქართული" ოცნება გარკვეულწილად "ნაციონალებთან" გარიგებაში იმყოფებოდა, რომ ამ და სხვა მსგავს საქმეებთან დაკავშირებით პასუხი არ მოეთხოვებოდათ.

თუმცა, ნიკოლეიშვილი ფიქრობს, რომ, როგორც ჩანს, "ნაციონალებმა" ეს შეთანხმება დაარღვიეს და ხელისუფლებამაც საპასუხოდ პატარკაციშვილის მკვლელობის საქმის გააქტიურება და ამ მტკიცებულებების გამოჩენა გადაწყვიტა.

იურისტი არც იმ ვერსიას გამორიცხავს, რომ ეს ბოლო კვირებში მმართვლი გუნდის ირგვლივ დაწყებული არაერთი სკანდალური თემის გადასაფარად იყოს გამოყენებული.

"რა თქმა უნდა, ბრიტანული გამოძიების მიხედვით, ბადრი პატარკაციშვილი ბუნებრივი სიკვდილით არის გარდაცვლილი, თუმცა ალბათ მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ მტკიცებულებების ნახვა.

"აქ ყველაზე მთავარი კითხვა მაინც ის არის, სად იყო ამდენი ხანი პროკურატურა და რატომ ინახავდა ამ მტკიცებულებებს? ვიცი ევროპულ მედიაში გავრცელებული ვერსიების შესახებ, რომ პატარკაციშვილი შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურების მიერ იყოს მოკლული, მაგრამ იმ დროისათვის პატარკაციშვილის თავიდან მოშორება ყველაზე მეტად სააკაშვილის ხელისუფლებას სურდა.

"პატარკაციშვილი რუსეთისათვის ხელის შემშლელ ფაქტორს არანაირად არ წარმოადგენდა, თუმცა ამ ვერსიებს მტკიცებულებებით გამყარება უნდა. ამის გარდა აქვთ თუ არა სხვა მტკიცებულებები, გამოჩნდება. უბრალოდ, დროში ყველაფერი ასე როგორ ემთხვევა? ამათ სამართლიანობის აღდგენა კი არ უნდათ, საკუთარი თავი ადარდებთ და ამ საქმესაც პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ", - აცხადებს "რეზონანსთან" ნიკოლეიშვილი.