გადმოცემით, პარიზის ოკუპაციის დროს საფრანგეთის დედაქალაქში ჰიტლერის ჩასვლის წინ მწყობრიდან გამოვიდა ეიფელის კოშკის ყველა ლიფტი და ფიურერმა ბევრი მცდელობის მიუხედავად, „ზემოდან“ ვერ გადახედა პარიზს. როგორც კი გერმანულმა ჯარებმა პარიზი დატოვეს, ლიფტები საეჭვოდ სწრაფად ამუშავდა.
თუ პარიზისთვის სავიზიტო ბარათია ეიფელის კოშკი, თბილისის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა სატელევიზიო ანძა. საბჭოთა პერიოდში მთაწმინდაზე აგებული ეს უზარმაზარი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, 277 მეტრი სიმაღლის მქონე 440-ტონიანი ანძა მალე იმიჯს შეიცვლის.
თბილისის ტელეანძაზე მოძრავი იატაკის მქონე რესტორანი, ლიფტები, ბარი, საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.
ახალ იდეას ჯერ არ გასჩენია კრიტიკოსები, თუმცა თბილისის ანძაზე განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დედაქალაქის ყველა კუთხიდან ყველაზე კარგად ჩანს და პერიოდულად კითხვებსაც აჩენს მოსახლეობაში. ასე მოხდა მაშინ, როცა ჩვენი ანძა წითლად განათდა ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით და ეს მაშინ, როცა ანძის საერთაშორისო სტანდარტული ფერები წითელი და თეთრია, რათა მფრინავმა ობიექტმა კარგად შეამჩნიოს. ასე იყო მაშინაც, როცა დედაქალაქის ანძა ცისარტყელას ფერებში განათდა და თბილისელებს აფიქრებინა, ხომ არ იყო ეს 17 მაისის აღსანიშნად?! თუმცა მერიამ იმთავითვე დაგვამშვიდა და გაირკვა, რომ ცისარტყელას ფერები ლგბტ თემას კი არა, ნათურების ფერთა გამას უკავშირებოდა.
ამჯერად თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფცია ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტორებმა“ შეიმუშავა. ესკიზის მიხედვით, ანძის განვითარების ორი ვარიანტი არსებობს. ორივე ვარიანტით, ანძაზე ტურისტებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა.
პირველი ვარიანტით, საუბარია ორსართულიან სამკუთხედის ფორმის სივრცეზე, რომელიც აერთიანებს რესტორანს, ბარს, ტექნიკურ ოთახებს სატელევიზიო კოშკისთვის, ლაუნჯს, ტერასას და საკონფერენციო ოთახს. მეორე ვარიანტით კი, ანძაზე წრიული ფორმის სივრცე მოეწყობა, რომელიც, ასევე, ორსართულიანი იქნება და გააერთიანებს ბარს, რესტორანს, ლაუნჯს, საკონფერენციოს და ტექნიკურ ოთახებს. კონცეფციაში საპროექტო ტერიტორიის შესაძლო გაფართოებაზეცაა საუბარი, მათ შორის, სასტუმროს, ან სპა სასტუმროს მოწყობაც განიხილება. ასევე, ნავარაუდევია წრიული მოძრავი იატაკის მქონე რესტორნის მოწყობაც და ორი ლიფტის დამონტაჟებაც.
თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მოსამზადებლად ტენდერი შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ გამოაცხადა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 120 ათასი ლარი იყო, ტენდერში ესტონურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც პროექტის მომზადებაში 100 500 ლარი უნდა მიეღო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რესტორანი, რომელიც ტრიალებს, არის ერევანშიც, ასეთივე რესტორანია მოსკოვშიც. თუმცა იქ ანძაზე არაა საუბარი. რაც შეეხება თბილისის ანძას, იქ ნამდვილად შეიძლება ასეთი სივრცეების მოწყობა, მით უმეტეს, ჩვენს ანძას შუაში გამობურცული აქვს და ქვევითაც სამკუთხედი სივრცე გააჩნია. ამით დამატებითი შემოსავალი ექნება თბილისს, მაგრამ საკითხავია, ეს სივრცე ტურისტებისთვის რამდენად საინტერესო იქნება? მით უმეტეს, თბილისს იქიდან თუ გადმოვხედავთ, მხოლოდ ერთ მხარეს ჩანს ჩვენი დედაქალაქი, მეორე მხარეს კი ხეების მეტი არაფერია.
„ფუნიკულიორიდანაც რომ გადმოვიხედოთ, თბილისი ჩანს წინა მხრიდან, ხოლო უკანა მხარეს ტყეა. ღამით იმ ტყისკენ სიბნელეა, მხოლოდ დედაქალაქის მხარესაა განათება. ამიტომ არ ვიცი, რამდენად გაამართლებს. ცხადია, თავიდან ყველა ადამიანი ავა მთაწმინდაზე ანძის დასათვალიერებლად და, თუ ერთი ჭიქა ყავა ქვევით, „დედამიწაზე“ 3-5 ლარი ეღირება, იქ იქნება 10-15 ლარი. მოკლედ, „არც მიწისა ხარ, არც ცისა“ ვარიანტი იქნება. ეს უფრო ბიზნესიდეაა. ვიღაც, ალბათ, დაფიქრდა, ტურისტი რომ ჩამოვა, ამითაც დავაინტერესოთო. პირადად მე, თბილისელი კაცი, შეიძლება იქ იმ მიზნით ავიდე, რომ ვნახო, რა ხდება. თავის დროზე იქ რომ ეშმაკის ბორბალი დადგეს, იმაზეც ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ ის ბორბალი ვერტიკალურად ტრიალებდა და თბილისს უყურებდა ერთი მხრიდან, მეორე მხარეს არც ვიყურებოდით ბავშვობაში, რადგან იქით არც გვაინტერესებდა, რა ხდებოდა“, - აცხადებს ამირან შენგელია.
ამასთან, ინტერესდება, რა სისწრაფით იტრიალებს თბილისის ანძაზე განთავსებული მოძრავი იატაკის მქონე რესტორანი. ადამიანი რომ დაჯდება, ეს მოძრავი რესტორანი ერთ საათში მაინც ხომ უნდა აკეთებდეს მთლიან ბრუნს, სანამ ის ადამიანი არ დათვრება, რათა კარგად დაინახოს თბილისის ხედები. თუკი მოძრავი იატაკის მქონე რესტორანი გააკეთებს ერთსაათიან ბრუნს, მაშინ გამოდის, რომ, როცა შეტრიალდება, რესტორანში საქეიფოდ მისულ კაცს ბნელი მხარის, ან მთვარის ცქერა მოუწევს ნახევარი საათის განმავლობაში. ეიფელი მაინც ქალაქის შუაშია და ყველა მხრიდან დაინახავს ხედებს იქ ამსვლელი. თბილისის ანძა კი ქალაქის შუაში არ არის და სანახაობის ნაკლები შესაძლებლობაა.
„სხვათა შორის, ეიფელთან დაკავშირებით გამახსენდა, ფრანგ მწერალს გი დე მოპასანს ეჯავრებოდა ეიფელის კოშკი, ამ დროს კი ყოველთვის სადილობდა ეიფელის კოშკზე მდებარე რესტორანში. ჟურნალისტებმა როცა ჰკითხეს, ეიფელის კოშკი არ გიყვართ, გეზარებათ მისი დანახვა და აქ რატომ სადილობთო, უპასუხა, მარტო აქედან არ ჩანს ეიფელის კოშკიო. თბილისის ანძიდან კი დავინახავთ, რამხელაზეა ჩვენი დედაქალაქი გაშლილი, ოღონდ, ეიფელისგან განსხვავებით, მხოლოდ წინა მხარეს დავინახავთ“.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საპრეზიდენტო კანდიდატი გელა ხუციშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რადგან თბილისის ანძა ჯერ არ არის მატერიალური კულტურის ძეგლი, ის ჩვეულებრივი რიგითი დანიშნულების მქონე ობიექტია. ამდენად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იქ რას დაამონტაჟებენ და რა განთავსდება. მთავარია, რომ ტურიზმზე დაყრდნობით ქვეყნის განვითარება ვერ მიიღწევა.
„საქართველო იყო ინდუსტრიული და არა ტურისტული ქვეყანა და ინდუსტრიის მხრივ გვაქვს ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი. სანამ ეს პოტენციალი არ ამოქმედდება, მანამდე სულ ასეთ დღეში ვიქნებით. ანძაზე რესტორანი და აბანოთუბანში რესტორანი ქვეყნის პრობლემას არ წყვეტს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, როცა ქვეყნის ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილი დაკარგულია. რაც შეეხება ძეგლის სტატუსს, ჯერ არ არის იმდენი წელი გასული, რომ ანძას ძეგლის სტატუსი მივანიჭოთ. ნეტავ, რასაც მივანიჭეთ ძეგლის სტატუსი, ის მაინც დავიცვათ“,-აცხადებს გელა ხუციშვილი.