[გიორგი ბექაური]
სააკაშვილმა ამოჩემებული 2015 წელი ახლა სოფლის მეურნეობას მოარგო და წარბშეუხრელად განაცხადა, რომ 4 წლის შემდეგ ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩება. აქამდე, ან 2011 წლის 27 ივლისამდე ყველაფერი პირიქით ხდებოდა და ასე ერთბაშად რა უნდა შეიცვალოს, არა ვინ იცის.
საქართველოს პრეზიდენტი სართიჭალაში, „ალოობა 2011“-ს დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და ამერიკული ჯაგერის ჯიშის ხორბალი დათესეს.
„წელს ხორბლის მოსავლიანობა 2-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ორი წლის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ ხორბალზე ჩვენი მოთხოვნის 35%-ს დავფარავთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ფერმერებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, 2015 წლისთვის საქართველოში დაუმუშავებელი მიწები აღარ იარსებებს.
„მე ვთქვი, რომ ჩვენი მთავრობა არის აგრარული მთავრობა. იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ ხალხი გამოკვებო, არაფერია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო სათესლე მასალა, საუკეთესო სასუქები და საუკეთესო ტექნიკა. უნდა ავიღოთ თითოეული ჰექტრიდან მოსავლის ის მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეიძლება.
თუ ამ პირობებს შევასრულებთ და წელს და მომავალ წელს ამ მიმართულებით ვიწყებთ მუშაობას, 2015 წლისთვის საქართველოში საერთოდ აღარ დარჩება დაუმუშავებელი მიწები. ესაა ჩვენი მოდერნიზაციის გეგმა, რომელშიც სოფლის მეურნეობას წამყავნი ადგილი უკავია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ბოლო დროს 2015 წელზე ორიენტირებულმა სააკაშვილმა, მოსახლეობას მორიგი სატყუარა გადაუგდო. საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ფართობები წლიდან წლამდე მცირდება და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. ამიტომ გაურკვეველია, რა აძლევს ქვეყნის პირველ პირს ოპტიმიზმის საფუძველს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2002 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგში კლება ფიქსირდება და ერთნაირად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. თუკი კომუნისტების დროს საქართველოში 800 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მუშავდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 300 ათასსაც ვერ აღწევს.
ხორბლის ნათესი ფართობი 139 ათასიდან 57 ათას ჰექტრამდე, ხოლო ხორბლის წარმოება 199 ათასიდან 54 ათას ტონამდე შემცირდა. ამავე ტემპით შემცირდა სიმინდის, ლობიოს, კარტოფილისა და ბოსტნეული კულტურების ნათესი ფართობები და წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ წლეულს საქართველოში ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა, საერთო ნათესი ფართობების მოცულობა მაინც შემცირდა. თუკი 2010 წელს ხორბალი 57 ათას ჰა-ზე დაითესა, წელს მხოლოდ 46 ათას ჰა-ზე.
გარდა ამისა, კატასტროფულად იკლო სოფლის მეურნეობაში დაბანდებული ინვეტიციების მოცულობამ. ბოლო 2 წელიწადში ამ სფეროში კაპიტალდაბანდება 15-ჯერ შემცირდა - 189 მილიონიდან, 6 მილიონამდე.
ასეთ ფონზე სპეციალისტები მიწების 100%-ით დამუშავებას სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ დღევანდელ პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია. მათი თქმით, მიწის დამუშავებას და აგრარული წარმოების განვითარებას, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სჭირდება. საქართველოს სოფლის მეურნეობა კი დღემდე შუა საუკუნეების მეთოდებს მიმართავს - გლეხების დიდი უმეტესობა ისევ გუთნით და თოხით მუშაობს. ტრაქტორის საშუალო ფასი 20 ათასი ლარია და გლეხებს მისი შეძენის საშუალება არ აქვთ. ტექნიკასთან ერთად ძვირია საწვავი, სათესლე მასალა, სასუქი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი გლეხი ზუსტად იმდენ მიწას ამუშავებს, რაზეც თანხა ყოფნის.
„აგროგანვითარების ჯგუფის“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ ზაზაშვილის განცხადებით, მთავარი პრობლემა მოწეული მოსავლის რეალიზაციაა. მისი თქმით, გლეხს მოწეული მოსავლის გაყიდვა უჭირს და ვერ იღებს იმ თანხას, რომ ოჯახიც შეინახოს და მომავალი წლისთვის მიწაც დაამუშაოს. ამიტომ სახელმწიფო მას ამ მიმართულებით უნდა დაეხმაროს.
მაგალითად, სახელმწიფო მარაგების შექმნის მიზნით თავად გახდეს პროდუქციის დამკვეთი. თუკი გლეხს ეცოდინება, რომ სახელმწიფოს სახით გარანტირებული მყიდველი ჰყავს, ის თავს არ დაზოგავს და რაც შეიძლება მეტ მიწას დაამუშავებს და მეტ მოსავალს მოიყვანს. შესაძლოა ადგილობრივი პროდუქტის შეძენა პირველ ეტაპზე სახელმწიფოს იმპორტირებულზე ძვირი დაუჯდეს, თუმცა ეს ბევრად ეფექტურად ჩადებული ინვესტიცია იქნება, ვიდრე საწვავის ან სასუქის დარიგება.