[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს მთავრობა კახი კალაძის წინააღმდეგ საქმის წარმოებას იწყებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძემ აცხადებს, რომ სახელმწიფო კახი კალაძის კომპანიის „არსენალ სითის“ წინააღმდეგ საქმის წარმოებისათვის „იურიდიულ მომსახურეობას შეიძენს“. ცოტა ხნის წინ იერიშზე ქართველი ფეხბურთელი იყო გადასული და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოთი იმუქრებოდა. როგორც ჩანს, ახლა როლები შეიცვალა.
„არსენალ სითიმ“ თავის დროზე არ შეასრულა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები და, შესაბამისად, სახელმწიფო შეისყიდის იურიდიულ მომსახურეობას და დაიწყებს იურიდიულ პროცედურებს. სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც ეს კანონის ფარგლებშია გათვალისწინებული“, - აცხადებს ძაგნიძე.
არადა, სულ რაღაც 1 თვის წინათ ვითარება სულ სხვაგვარი იყო. სახელმწიფოს წინააღმდეგ თავად ცნობილმა ფეხბურთელი ილაშქრებდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა. თუმცა, მოგვიანებით კალაძემ პოზიცია შეცვალა და ლონდონის სასამართლოში ჩივილი გადაიფიქრა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში კალაძე მოლაპარაკებებს არც მთავრობასთან აწარმოებდა და არც სხვა რამ ღონისძიებას მიმართავდა. ამასობაში საურავები დაერიცხა და მაისის მონაცემებით, ჯარიმა 15-16 მილიონამდე გაიზარდა. მსგავსი უმოქმედობით მსწრაფლ ისარგებლა საქართველოს ხელისუფლებამ და კალაძეს უკვე იურიდიულად შეუტია.
კალაძის „არსენალ დეველოპმენტმა“ ყოფილი არსენალის მთაზე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 38 მილიონ დოლარად იყიდა, სადაც „არსენალ სითის“ მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა განეხორციელებინა. კალაძემ თანხის ნახევარი გადაიხადა, თუმცა 2008 წელს, კრიზისის მიზეზით მთავრობას თანხის გადავადება და პროექტის ვადების გადაწევა სთხოვა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს 38 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და 2016 წლამდე 700 მილიონი ინვესტიცია განეხორციელებინა.
ამასთან, „კალა-ფონდში“ ამტკიცებენ, მთავრობამ არსენალის მთაზე მათთვის მიყიდული მიწის ნაწილი ორჯერ გაყიდა. კალაძის ნაყიდი 77 ჰექტარიდან 14 ჰექტარი უკვე საპატრიარქოს ეკუთვნოდა და იქ ამჟამად სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
ფეხბურთელ კახი კალაძესა და ეკონომიკისა სამინისტროს შორის მოლაპარაკებები თანხის დაფარვის გრაფიკის შედგენაზე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა ინვესტორი და სახელმწიფო დღემდე ვერ შეთანხმდნენ. დღემდე კომპანიას საპრივატიზაციო დარღვევებისთვის, ყოველდღიურად 19 ათასი აშშ დოლარის საურავი ერიცხება.
ცოტა ხნის წინ, კომპანიის დამფუძნებელი კახი კალაძე აცხადებდა, რომ „არსენალ სითის“ მსგავსი მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას გლობალური კრიზისის ფონზე აზრი ეკარგება. ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია კალაძეს პროექტში პარტნიორის შეყვანას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით ემუქრებოდა.
სწორედ მინისტრის ასეთმა ხისტმა პოზიციამ გააღიზიანა ქართველი ფეხბურთელი. „ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მინისტრი შეიცვალა, თუმცა პრობლემა არც ერთთან არ მქონია, გარდა ლაშა ჟვანიასი, რომელიც პირად შეურაცხყოფაზეც კი გადავიდა. ვერა ქობალიაზე კი ამ ეტაპზე საუბარი არ მსურს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თავადაც არიდებს თავს ჩემთან საუბარს. ამიტომ მე არ გავახმაურებ ჩვენი შეთანხმებისა და შეუთანხმებლობის დეტალებს“, - განაცხადა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, „არსენალ სითი“ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებით, კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე სამთავრობო ოფისები უნდა ააშენოს.