[ნიკა მეტრეველი]
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის არსებულ კალაპოტში გაგრძელების შემთხვევაში აზერბაიჯანი ომს გამოაცხადებს“, – ამის შესახებ ხმაურიან განცხადებას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ-მინისტრი ალი გასანოვი აკეთებს.
როგორც გასანოვმა თურქულ გამოცემა Hurriyet-სთან ინტერვიუში განაცხადა, „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს, თუმცა აზერბაიჯანი მასში მონაწილეობას არ წყვეტს, რათა შემდგომ მშვიდობიანი პროცესის ჩაშლაში არ დაადანაშაულონ“:
„მსოფლიო აღნიშნული სიტუაციის დეტალების საქმის კურსშია. მოლაპარაკებების წარმოება აუცილებელია მათთან, ვინც ეს პრობლემა შექმნა“.
გამოცემა, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ „ამით გასანოვი სომხეთის საგარეო მფარველებზე მიუთითებს“.
„აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ დარეგულირების პროცესი ამ კალაპოტში გაგრძელდება, ჩვენ ომს გამოვაცხადებთ. ვისურვებდით, რომ ამ საკითხში ჩვენთვის თურქეთს მხარი დაეჭირა, თუმცა არსებობს საერთაშორისო შეთანხმება.
ასევე ხელმოწერილია სტრატეგიული ხელშეკრულება რუსეთსა და სომხეთს შორის. თურქეთი ჩვენთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას ვერ შეძლებს, თუმცა პოლიტიკურად მხარს გვიჭერს. ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვფიქრობ, რომ თურქეთი რუსეთთან ომში ჩაებმება“, -აცხადებს გასანოვი.
რაც შეეხება სომხურ-თურქულ ურთიერთობებს, როგორც აზერბაიჯანის ვოცე-პრემიერმა აღნიშნა, „თურქეთში არსებობენ რიგი ძალები, რომლებიც საზღვრის გახსნით არიან დაიტენერესებული“:
„თურქეთში არიან ძალები, რომლებიც სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნით არიან დაინტერესებული, თუმცა თურქეთის სახელმწიფო ამის წინააღმდეგია. თავის დროზე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თანსუ ჩილერმა ამ საკითხის საზღვრის გახსნის სასარგებლოდ გადასაწყვეტად დიდი ძალისხმევა გასწია“.
ჩავარდნილი მოლაპარაკებების გამო, მოვლენების განვითარების საომარ სცენარზე უარს არ ამბობენ ერევანშიც. სულ ცოტა ხნის წინ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში სომხეთის არმია გამარჯვებას მოიპოვებს, აზრბაიჯანი კი დამარცხდება.
„ჩვენ გავიმარჯვეთ ხანგრძლივვადიან და უთანასწორო ბრძოლაში. როდესაც უთანასწორო ბრძოლაზე საუბრობენ მხედველობაში აქვთ ის, რომ აზერბაიჯანს მეტი ფული, ცოცხალი ძალა და ტანკი ჰქონდა. ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ ჩემთვის ომი იყო უთანასწორო, იმიტომ, რომ სუსტი ეომებოდა ძლიერს - ძლიერები კი ჩვენ ვიყავით“.
სარგსიანის თქმით, სომხეთი მხარს უჭერს მშვიდობას, მაგრამ ომის განახლების შემთხვევაში სომხეთი კვლავ გამარჯვებული იქნება:
„სომხეთი მხარს უჭერს მშვიდობას, მაგრამ თუ ოკუპანტებმა და აგრესორებმა კვლავ მოიდომეს ახალი ავანტიურის წამოწყება, წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ კვლავ უთანასწორო ბრძოლა იქნება და სომხეთი კვლავ უფრო ძლიერი იქნება“.
მხარეების მზარდ საბრძოლო რიტორიკას თბილისში აფასებენ. საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ მდივნის, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, ყარაბაღში საომარი მოქმედებების შესაძლო განახლება რუსეთს კავკასიის საბოლოო ოკუპაციის საუკეთესო საბაბს მისცემს.
სწორედ ამ პერსპექტივას ხედავს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ-მინისტრ ალი გასანოვის იმ განცხადებაში, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის არსებულ კალაპოტში გაგრძელების შემთხვევაში აზერბაიჯანის მხრიდან ომის გამოცხადებას ეხება.
„საქართველოსთვის ყარაბაღში ომის განახლება გიუმრის სამხედრო ბაზის დაცვის მოტივით ლარსიდან რუსული არმიის ქვედანაყოფების უწყვეტ შემოდინებას და ვითარების ესკალაციის შემთხვევაში საომარ მოქმედებებში რუსეთის ღია ჩართვას ნიშნავს. ეს რუსეთისთვის კარგი საბაბია კავკასიის ოკუპაციის დასასრულებლად,“ - განუცხადა „პირWელს“ ლორთქიფანიძემ და აქვე დასძინა, რომ „ყარაბაღში ომის განახლების აზერბაიჯანული სცენარი რუსეთთან შეუთანხმებლად არ გათამაშდება“.
მთიან ყარაბაღში ომის განახლების საფრთხეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილიც ხედავს, რომლის აზრით, „რუსეთის ფედერაციას არ ეტყობა, კონფლიქტის გადაჭრის რეალური სურვილი გააჩნდეს“.
დეპუტატი იმის საფრთხესაც ხედავს, რომ რუსეთმა ყარაბაღის კონფლიქტის განახლება საქართველოში საკუთარი ჯარების გადაადგილების საბაბად გამოიყენოს:
„რუსეთის ხელისუფლების დიდი ნაწილი ვლადიმერ პუტინის მეთაურობით სწორედ ასეთ ავანტიურაშია დახელოვნებული. რუსეთის ფედერაციას რეალურად არაფერი ეტყობა იმისა, რომ ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტის სურვილი გააჩნდეს, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, სადაც კონფლიქტების ესკალაცია და საომარი მოქმედებები ერთმნიშვნელოვად რუსეთის მიერ არის პროვოცირებული და წარმოებული, ყარაბაღის შემთხვევაში ორ დაპირისპირებულ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. მართალია, ამ კონფლიქტში რუსეთის ხელი ურევია, თუმცა იქ პროცესები მისგან დამოუკიდებელი დინამიკითაც მიდის“.
შეგახსენებთ, რომ დღეს სომხურ–აზერბაიჯანულ მხარეებს შორის 1994 წელს გაფორმებული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულება მოქმედებს. თუმცა, შეთანხმების პირობები გამუდმებით ირღვევა. პრეზიდენტ მედვედევის შუამავლობით, ილჰამ ალიევსა და სერჟ სარგსიანს შორის ბოლო მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. წინა პლანზე კვლავ კუნთების თამაში წამოვიდა.
ცნობისთვის, ყარაბაღის ომი (ყარაბაღის კონფლიქტი) (სომხ. Արցախյան գոյամարտ; აზერ. Qarabağ müharibəsi) (1991—1994), სამხედრო კონფლიქტი სომხურ და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ შენაერთებს შორის მთიან ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად გაჩაღდა.
ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა.
1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო – სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკები დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში. ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. ხოლო 1923 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა.
ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94%-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშადან ხანკენდში გადაიტანეს, რომელსაც შემდგომში სტეფანაკერტი ეწოდა.