[მერაბ ბრეგაძე]
გავრცელებული ინფორმაციით, კახა კუკავა, ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე მალე ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებენ პირობითი სახელწოდებით „არაკონფორმისტების პარტია“. არაოფიციალური ცნობით, აღნიშნული ტრიადის გვერდით, შესაძლოა, ეკა ბესელია და ალეკო შალამბერიძეც გამოჩნდნენ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ახალი გაერთიანების შექმნის ალბათობას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კუკავას განცხადებით, მისი პარტია დაინტერესებულია, მოხდეს რადიკალურ ოპოზიციაში არსებული სხვადასხვა ჯგუფების კონსოლიდაცია, მაგრამ რა ფორმით, ეს კონსულტაციების საგანია.
„შეიძლება ეს იყოს პარტია, ბლოკი, ჩვენ მეგობრები ვართ, პოლიტიკაში დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს და ამაზე კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს“.
მოგვიანებით, კახა კუკავამ, ლევან გაჩეჩილაძესა და კოკა გუნცაძესთან ერთად ახალი პარტიის შესაძლო შექმნა კატეგორიულად უარყო:
„არანაირი ახალი პარტიის შექმნაზე საუბარი არ არის. მე ვარ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი. ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ ყველა იმ ძალასთან და ჯგუფთან, რომელიც ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ფლანგს განეკუთვნება, მაგრამ რა ფორმას მიიღებს ეს და რა ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში, ამაზე საუბარი დღეს ნაადრევია“.
მისივე განმარტებით, გაჩეჩილაძესა და გუნცაძესთან ერთად მისი ერთ პარტიაში გაერთიანების საკითხი და ბლოკის შექმნა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა თანამშრომლობა აქტიურად განიხილება და ის სახეზეცაა.
მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან სამომავლოდ არაკონფორმისტული ოპოზიციური ერთობის შესაძლო შექმნის თემაზე საუბრები ჰქონდა, თუმცა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ კუთხით არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„კახა კუკავა ჩემი მეგობარია და მასთან საკმაოდ ხშირად თემატური საუბრები მაქვს. მათ შორის ამ თემაზეც გვისაუბრია, თუმცა არანაირ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, მასთან პარტიის შექმნის თემაზე საუბარი საერთოდ არ მქონია“.
თავის მხრივ, ალეკო შალამბერიძეც ადასტურებს, რომ ქართულ ოპოზიციაში იდეის დონეზე დიდი არაკონფორმისტული ერთობის ჩამოყალიბების საკითხი განიხილება. აქვე ოპოზიციის წარმომადგენელი საკითხის საკუთარ ხედვას აყალიბებს.
მისი აზრით, „საუბარი უნდა იყოს რაც შეიძლება, მეტი რაოდენობის არაკონფორმისტული ოპოზიციური ძალების მჭიდრო კოორდინაციაზე, რომლის საბოლოო მიზანს ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების და არა რევოლუციის გზით შეცვლა უნდა წარმოადგენდეს, მანამდე კი - მმართველი გუნდის იძულება, მთელი რიგი მიმართულებებით დათმობებზე წავიდეს.
ამ მიმართულებებში კი, შალამბერიძის განმარტებით, როგორც საარჩევნო კოდექსი და მასთან დაკავშირებული საკითხები, ისე წმინდა წყლის სოციალური და სხვა პრობლემატიკა უნდა იყოს მოცული:
„იმისათვის, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დრო კვლავ ფუჭად არ დავხარჯოთ და შედეგად არჩევნებში კვლავ არ დავმარცხდეთ, აქტიური მოქმედება და რაც შეიძლება, დიდი ძალის კოორდინაცია გვმართებს. რაც შეეხება მეთოდებს, აქ, მათ შორის, ე.წ. რადიკალური მიმართულებაც უნდა მოიაზრებოდეს, მაგრამ საბოლოოდ ხელისუფლება აუცილებლად არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს“.
ამასთან, შალამბერიძის აზრით, ამ ბრძოლაში შესაძლოა, სხვებთან ერთად ოპოზიციური „ექვსიანიც“ ჩაერთოს და ნინო ბურჯანაძეც, თუ ეს უკანასკნელი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის იდეას დაუჭერს მხარს:
„მინდა, დავაზუსტო, რომ მხედველობაში მაქვს არა რაიმე სახის გაერთიანება, არამედ არაკონფორმისტული ოპოზიციური ძალების რაც შეიძლება, ფართო სპექტრის მჭიდრო კოორდინაცია, რათა არსებული პრობლემების მთელს სპექტრთან - როგორც საარჩევნო გარემოსთან, ისე სოციალურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, მომავალ არჩევნებს პირღია არ შევხვდეთ და კიდევ ერთხელ არ წავაგოთ“.
რაც შეეხება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას, ასევე ოპოზიციონერ ლიდერებს ლევან გაჩეჩილაძესა და ეკა ბესელიას, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ „არაკონფორმისტების პარტიაში“ მოიაზრებიან, როგორც შალამბერიძე აცხადებს, ამ ეტაპზე მან ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ კახა კუკავას პოზიცია იცის.
რაც შეეხება ბესელიას და გაჩეჩილაძეს, შალამბერიძემ განაცხადა: „ჩვენ ერთმანეთის შორებლები არ ვართ“.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინფორმაცია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ 25 ივლისს რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ჩვენ პოზიციაში“ დაადასტურა. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „არის თუ არა შანსი, რომ კახა კუკავა, ლევან გაჩეჩილაძე და ეკა ბესელია გაერთიანდნენ?“, კუკავამ უპასუხა:
„ასეთი შანსი არსებობს. არ ვიცი, ეს პარტია იქნება თუ რა, მაგრამ ჩვენ თანამებრძოლები ვართ 2007 წლიდან. ზოგი მერე სხვა ნავში გადახტა, ზოგი - სად, არც იცის, თუმცა ჯანმრთელი სეგმენტი მაინც დარჩა ოპოზიციაში. ეს არის ის ხალხი, ვინც არც გაიყიდა და არც სხვა ტიპის კონტაქტებში შევიდა ხელისუფლებასთან.
ყველაზე მნიშვნელოვანია არაკონფორმისტული ოპოზიციის კონსოლიდაცია. ტერმინი „რადიკალური“ სწორი არ არის. არაფერი რადიკალები ჩვენ არ ვართ, ქვა არ გვიდევს ჯიბეში და ბომბი. ჩვენ ვართ არაკონფორმისტები, ისინი, ვინც ამ მთავრობისგან არ იღებს ჰონორარებს და ვის ოფისებსაც ვანო მერაბიშვილი არ აფინანსებს.
მე წარმოვადგენ პარტია „თავისუფალ საქართველოს“. ჩემი მეგობრები ამ წუთს არ არიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებულები. არ ვიცი, რა ფორმით მოხდება ეს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ კონსოლიდაცია. ეს არის ერთადერთი სწორი და ლოგიკური გზა“.