უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი, სისტემის ტყვედ აყვანილი და ლიდერის პოზიცია, დაკარგული ივანიშვილი - ეს არის შეფასებები, რომლებსაც "რეზონანსთან" ანალიტიკოსები ბოლო კვირებში მიმდინარე პროცესებზე აკეთებენ.
მათი აზრით, ქვეყანას გარკვეული დაჯგუფებები მართავენ, რომელთაც ივანიშვილი წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის სახელმწიფო სისტემის სრულად მოშლა და კრიზისი, რაც ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.
ისინი ერთადერთ გამოსავლად, ამ ეტაპზე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ქართული საზოგადოება "ოცნებისა" და "ნაციონალების" მიერ შანტაჟის პირობებში იმყოფება. ისინი შუას გაკრეფის პრინციპით ქვეყანაში პოლიტიკური ავანსცენის დაკავებას კვლავ ახერხებენ, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის.
მათი აზრით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ჩანს, რომ ივანიშვილი შევარდნაძის სიტუაციაში იმყოფება და ის საკუთარი გარემოცვის ტყვედ იქცა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების გადარჩენაზეა ორიენტირებული.
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში საყოველთაო კრიზისია. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის უკან დაბრუნებამ ქვეყანას ვეღარ უშველა და მას სადავეების ხელში აღება უჭირს.
ამის მიზეზი ხელისუფლებაში არსებული დაჯგუფებებია, რომლებიც მას სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან და ის ვეღარ იგებს, ვინ მართალს ეუბნება და ვინ - ტყუილს.
ძაბირაძე ფიქრობს, რომ ის ახლა ზუსტად შევარდნაძის სიტუაციაში იმყოფება, როდესაც ექსპრეზიდენტი საკუთარი გარემოცვის ტყვე აღმოჩნდა.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ივანიშვილს, როდესაც მაისში პოლიტიკაში დაბრუნდა, ამ კრიზისის შესახებ უკვე ინფორმაცია ჰქონდა და სიტუაციის გაკონტროლებას შეეცადა, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიხედვით ის ამას ვეღარ ახერხებს.
"ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საყოველთაო კრიზისი. ჩვენი თვალით ვუყურებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში როგორი სისტემური ჩამოშლაა. ჩვეულებრივი აბსურდის თეატრს ვუყურებთ.
"მოსახლეობა ორ პოლიტიკურ ჯგუფს ფაქტობრივად ტყვედ ჰყავს აყვანილი და აშანტაჟებს. "ოცნება" და "ნაციონალები" მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის შანტაჟით არიან დაკავებული.
"ჩნდება კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი? ის ხელისუფლებაში არსებული დაჯგუფებების კონტროლს ვეღარ ახერხებს. ვხედავთ, რომ ყველაფერი აირია და მას ვინ რას ეუბნება, თავადაც ვეღარ არკვევს. ყველა მათგანი მიდის ივანიშვილთან და მის რაღაცაში დარწმუნებას ცდილობს.
"ის ახლა, შევარდნაძის მსგავსად, საკუთარი გარემოცვის ტყვე აღმოჩნდა და ამ სადავეებს ხელში ვეღარ იღებს.
"ჩემი აზრით, სასწრაფო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ქაოსი დაიწყება, რადგანაც მას უკვე არა კონკრეტული პოლიტიკური პირები, არამედ დაჯგუფებები აკონტროლებენ, რომლებიც, როგორც ვხედავთ, ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული, ეს კი ქვეყანას ჩიხსა და კრიზისში შეიყვანს.
"საზოგადოებამ სასწრაფოდ ორივე პოლიტიკური ჯგუფი - "ოცნებაც" და "ნაციონალებიც" წარსულში უნდა დატოვოს და ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა უნდა შემოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მივიღებთ", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს შექმნილი სიტუაცია სახელმწიფოებრივი კრიზისია.
მისი აზრით, ხელისუფლება განვითარებასა და მომავალზე აღარ ფიქრობს, ახლა მისი მთავარი საზრუნავი შენარჩუნება და გადარჩენაა, ეს კი, ანალიტიკოსის აზრით, სტაგნაციაა.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ლიდერის პოზიცია დაკარგა. მისი თქმით, მართალია, რომ ის ძალის ცენტრია, მაგრამ ლიდერი აღარ არის. მისი აზრით, დაუშვებელია, ლიდერმა მხოლოდ სისტემის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე იფიქროს.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ივანიშვილი, ფაქტობრივად, უკვე სისტემის თანამონაწილედ არის ქცეული, რადგანაც ის მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებასღა ფიქრობს.
"ივანიშვილის რეალურ სტატუსთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მის დაბრუნებას, ჩემი აზრით, ორი ამოცანა ჰქონდა, პირველი, შიდა პარტიული დისციპლინის აღდგენა სურდა და ეს ტაქტიკური ამოცანა, როგორც ვნახეთ, მან გადაწყვიტა.
"თუმცა, სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტა და ამ მანკიერებისაგან გაწმენდა ან ვერშეძლო, ან არ გააკეთა.
შესაბამისად, ხუხაშვილი ამბობს, რომ მან ლიდერის ქარიზმა დაკარგა და უბრალო ძალის ცენტრად გადაიქცა. შეიძლება, მეტი კუნთები აქვს, მაგრამ ამ კუნთებს ვეღარ იყენებს.
"ნაციონალებსა" და "ოცნებას" ჩვენი მოსახლეობა უკვე წლებია, ტყვედ ჰყავს აყვანილი და შუას გაკრეფით კვლავ პოლიტიკურ ავანსცენაზე რჩებიან. ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებობს საკამოდ მძიმე ბრალდებები.
"ზურაბიშვილს ღალატში ადანაშაულებენ, ვაშაძეს - რუსეთის აგენტობაში. თუ მათ სახელმწიფოზე გული შესტკივათ და ქვეყანაზე დარდობენ, აქამდე საპრეზიდენტო კანდიდატურებს მოხსნიდნენ და გამოძიებას მოითხოვდნენ, მაგრამ ქვეყანა არც ერთს არ ადარდებს.
"ეს ორივე პოლიტიკური ძალა მხოლოდ ნეგატივსა და ბრალდებებზე არიან აწყობილი. ხალხს არავინ არაფერს არ ჰპირდება. ამათ, ერთმანეთის გარდა, აღარავინ აღარ ახსოვთ.
"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ელემენტად ჩავთვალოთ, მაგრამ არა - საკმარისად.
"თუ პოლიტიკური პროცესის პოლიტიკური ალგორითმი არ შეიცვალა და კონკურენტული გარემო არ გაიხსნა, რა აზრი აქვს? გინდ რიგგარეშე ჩაატარე და გინდ - რიგითი. შედეგი ისევ ისეთი იქნება, როგორიც წლების განმავლობში გვაქვს", - აცხადებს "რეზონანსთან" გია ხუხაშვილი.