„ჯერჯერობით ახალი ძალა არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება, სხვა კონფიგურაციით, მაგრამ გამოჩნდება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ქვეყანაში გაზაფხულიდან საპროტესო აქციები დაიწყება, მაგრამ სხვა კონფიგურაცია იქნება.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციის მიზანია არჩევნების არასტაბილურ სიტუაციაში გადაყვანა. თუკი მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, რამდენად რეალურია ვერსია დესტაბილიზაციის შესახებ და არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ?
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა. ამისთვის რა მეთოდებს გამოიყენებს, ეს მეორე თემაა. პიარის თვალსაზრისით, ამ ნეგატიურ ფონს, ასეთ დაპირისპირებას, რაც ამ არჩევნებს ახლავს, ანალოგი საქართველოში არ ჰქონია. ერთადერთი არის დავით უსუფაშვილი, რომლიც კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის ინსტიტუტზე ლაპარაკობს. დანარჩენი კანდიდატები ერთმანეთის კომპრომატირებით და გაშავებით არიან დაკავებული. ასეთ ვითარებაში პრობლემა არის არა არჩევნები, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდი. არ ვგულისხმობ 1 ან 2 კვირას, არამედ - მომავალ არჩევნებამდე პერიოდს. ჩვენ შევდივართ ძალიან ცუდ ფაზაში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად წაგებული აქვს. უკვე ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არ იქნება პრეზიდენტი ხელისუფლებას მაინც წაგებული აქვს.
ზურაბიშვილის მოგების შემთხვევაში რას აგებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად?
– ზურაბიშვილის რეიტინგი არის ნულს დაბლა. ერთი – არავინ არ დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის არჩევნები სუფთად ჩატარდა. მეორე – მისი გაპრეზიდენტება ხელისუფლებისთვის არ იქნება პლუსი. ხელისუფლება რა მეთოდებს გამოიყენებს ზურაბიშვილის გასაყვანად ეს სხვა თემაა, მაგრამ პრინციპში ფსიქლოგიურ მეთოდს უკვე იყენებს და ამით ძალადობას ახორციელებს ამომრჩეველზე.
ძალადობაში რას გულისხმობთ?
– როდესაც ამომრჩეველს აიძულებ, რომ ხმა მისცეს ადამიანს, რომლისთვის ხმის მიცემა არ უნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია სხვა არ მოვიდეს, იმ ადამიანმა შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას, მაგრამ შენი მხარდამჭერი არასოდეს არ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ დაკარგავს ნეიტრალურ ამომრჩეველს და დარჩება მარტო სახელისუფლებო რესურსი, რომელიც სანამდე ეყოფა არავინ იცის.
ამიტომაც აქვს ხელისუფლებას წაგებული ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში. მაგრამ თუკი პრეზიდენტი გახდება ვაშაძე ან ბაქრაძე, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ წაგებული აქვს მომავალი არჩევნები. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურად უკვე წააგო. რჩება ძალიან მიზერული შანსი, რომ ამ არჩევნების მერე, ძალიან მალე, არაუგვიანეს გაზაფხულისა, ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და შეცვალოს თითქმის მთლიანად გუნდი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე ხელისუფლება.
მაგრამ აქვთ კი რესურსი? მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ასეთი რესურსი არსებობს...
– ის რესურსი, რომელზეც ხათუნა ლაგაზიძე ლაპარაკობს ივანიშვილს აწყობს? ის რესურსი სულ იყო, მაგრამ არც ერთ ხელისუფალს არ აწყობდა. როდესაც შენ მორჩილ რესურსზე აკეთებ აქცენტირებას, ასეთი რამე არ და ვერ იქნება. ის რესურსი, რომელსაც ხათუნა ლაგაზიძე გულისხმობს მორჩილი არ იქნება. ამ არჩევნებზე ივანიშვილმა მოძებნა რესურსი, მაგრამ იმდენად მწირი ჰქონდა პოლიტიკური რესურსი, იმდენად არასწორი ნაბიჯები გადადგეს, რომ არავინ იცის მიატანენ თუ არა 2020 წლამდე.
ადამიანური რესურსის გარდა არის იდეური რესურსი. არსებობს იდეოლოგია? ადამიანები, რომლებსაც რაღაცა წონა გააჩნიათ, რაღაცა ნაფიქრი აქვთ, ამას ივანიშვილის ხათრით არ შეელევიან. გვერდზე იმიტომ არიან, რომ უჭირთ ყველაფერზე თავის დაქნევა. კი, ივანიშვილს აქვს იმის რესურსი, როცა ჭირდება გვერდში დაიყენოს ის რესურსი, რომელიც იმ მომენტისთვის საჭიროა, 2012 წელს ასე გააკეთა. მას არც „რესპუბლიკელები“ ეხატებოდა გულზე, არც „თავისუფალი დემოკრატები“ და პირველივე შტურმი მათი მიმართულებით წავიდა, მაგრამ მაშინ ჭირდებოდა. მერე ისე დააწყო, რომ იმ კოალიციაში უმრავლესობაც კი მისი იყო. გადაწყვეტილებას იღებდა ივანიშვილის მორჩილი გუნდი.
ივანიშვილს აქვს იმის უნარი როდესაც სჭირდება შექმნას ჯგუფი, მაგრამ ეს უკვე იცის ყველამ და როცა ლაპარაკია დამოუკიდებელ რესურზე, მაშინ ივანიშვილმა ქუდი უნდა დაიხუროს, ან უნდა შეეგუოს და მიიღოს რეალობა, რომ პარლამენტი და ხელისუფლება იქნება დამოუკიდებელი. იქნება პარტიის თავმჯდომარე და არა პარტიის და მთავრობის უფროსი.
რაც შეეხება არჩევნებს და იმ დაპირისპირებას რასაც ორი თვეა ვაკვრდებით, როგორ ფიქრობთ, „ნაცონალური მოძრაობა“ 2003 წლის სცენარით მოქმედებს, თუ მიზანია მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის?
– რამდენიც არ უნდა მოუნდეს ნაციონალებს, მეორე დღე არ იქნება. მცდელობები იქნება, მაგრამ საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი არ აქვთ. პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენება როგორც სტრატეგიული სიმაღლე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ხელისუფლებისთვისაც და ამისთვის მიდის ბრძოლა. არ ველოდები არჩევნების შემდეგ აქციებს, მაგრამ გაზაფხულისთვის რომ საპროტესო აქციები დაიწყება და 2020 წლამდე არ დასრულდება, ასეთ რამეს უკვე ველოდები. ოღონდ სხვა კონფიგურაცია იქნება.
ვინ იქნება ლიდერი?
– არა მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. ჯერ არ ვიცი ვინ იქნება, მაგრამ პროცესი მიდის და ამ პროცესში გამოჩნდება ლიდერი. ჯერჯერობით ასეთი ძალა არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. ეს იქნება რამდენიმე ძალის კონფიგურაცია, როდესაც ცალ–ცალკე ყველა უტევს ერთს, როგორც 90–იან წლებში. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე „ქართულ ოცნებას“ რა უნდა, არამედ იმაზე, რომ იგი კატასტროფული სისწრაფით კარგავს რეიტინგს.
თითქოს თვითონ უწყობს ხელს რეიტინგის კლებას...
– „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტიურად ვერაფერი ვერ შეცვალა ქვეყანაში. ნახეთ რა ხდება, რეჟიმიც კი იგივე დარჩა რაც იყო სააკაშვილის დროს. განსხვავება ის არის, რომ მაგალითად, სატელეფონო მოსმენებს არ მოჰყვება უკანონო დაკავება, ცემა–წამება. რეპრესიული სისტემის შეცვლა კი არ მოხდა, არამედ მოხდა მისი ლიბერალიზაცია. შესაბამისად, ამან გამოიწვია ნეგატიური შედეგები. აბა გაიხსენეთ სააკაშვილის დროს კეზერაშვილზე რომელიმე ტელევიზია ლაპარაკობდა ისე ხმამაღლა, როგორც დღეს ფარცხალაძეზე ლაპარაკობენ? იმიტომ, რომ მაშინ იყო შიში. იშვიათად თუ ვინმე გაბედავდა სიმართლის ლაპარაკს. რამდენიმე ათეული კაცი თუ გაბედავდა სააკაშვილის რეჟიმზე საუბარს.
ამ ხელისუფლებამ რეჟიმის ლიბერალიზაცია მოახდინა, სხვა რა მიღწევა აქვს „ქართულ ოცნებას“? ერთადერთი ეს იყო საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ წესიერად ვერ გამოიყენა. ამას დაემატა ის უბედურება, რაც ახლა ხდება იგივე კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მოქმედებს ხელისუფლების რეიტინგზე. ასეთი „გაუგებრობები“ ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა. არ შეიძლებოდა ახლა რომ არ დაეწყოთ საუბარი კანაფის კულტივაციაზე? რა თქმა უნდა - კი. ბევრი ისეთი რამ ხდება, რომელსაც პროცესი ნეიტრალური მიმართულებით მიჰყავს. ამიტომ კარგავს რეიტინგს.
ხელისუფლების დნობადი რეიტინგი პოლიტიკურად რა შედეგს აძლევს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე ტრიალებენ?
– მინიმუმ, ისინი არ კარგავენ ამომრჩეველს. ეს უკვე მოგებაა მათთვის. უჩნდებათ ილუზია, რომ თუ სხვა ძალა არ გამოჩნდა, მოსახლეობა იძულებული იქნება დაივიწყოს ყველაფერი რაც ნაციონალება გააკეთს და ისევ მათ დაუჭიროს მხარი. ასეთი იდეა აქვთ მათ. ამიტომ, ნაციონალები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაკარგოს რეიტინგი, ეს ფაქტია.
მაგრამ სამწუახროდ, ხელისუფლება ამას ნაციონალების დახმარების გარეშე აკეთებს. როგორ შეიძლება კანაფის კულტივაცია მოგივიდეს აზრდა თავში, ჯერ ერთი ეს რა იდეაა? ნორმალურობასთან ახლოს ხომ უნდა იყოს? როცა ასეთ რაღაცას აკეთებ, დაკარგავ რეიტინგს და ოპოზიცია რატომ არ გამოიყენებს?
„ქართული ოცნება“ ფაქტიურად იქეთ აძლევს დივიდენდებს ოპოზიციას, მაგრამ მათი ოცნება ფუჭია. ქართველი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არასოდეს არ დაუჭერს და ხელისუფლებაში არ მოიყვანს. ასეთი რამე არ მოხდება. ჯერჯერობით ახალი ძალა არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. სხვა კონფიგურაციით, მაგრამ გამოჩნდება. ჩემი 30-წლიან გამოცდილება ამას ადასტურებს. ვნახოთ რა იქნება.