ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული მირზა სუბელიანი ხელისუფლებასთან გარიგების შეთავაზებას დათანხმდა. მთავარი მიზეზი კი - საზოგადოების საპროტესტო ტალღის შემცირება და სიტუაციის განმუხტვა გახლდათ, - ახალ ფარულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით „რეზონანსი" უფლებადამცველსა და იურისტს ლია მუხაშავრიას გაესაუბრა.
„იმის შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან დიდი საპროტესტო ტალღა წამოვიდა, ხელისუფლება იძულებული იყო ვიღაცა ჩაესვა ციხეში და ვფიქრობ, სუბელიანს ერჩივნა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ის შემოთავაზებას დათანხმა, იმიტომ, რომ უფრო მეტი დამნაშავე და დანაშაული მიჩქმალულიყო," - აღნიშნა მუხაშავრიამ.
გავრცელებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ სუბელიანთან საკანში „ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი იმყოფებოდნენ.
ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ხელისულებას გაურიგდა და იგი საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში. ჩანაწერების თანახმად, სუბელიანი უკმაყოფილებას გამოხატავს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ „მის ერთგულებას ვერ აფასებენ," - ფარული ჩანაწერები „რუსთავი 2"-მა გუშინ გამოაქვეყნა.
ლია მუხაშავრია: ეს უკვე აბსურდის თეატრს დაემსგავსა. სავარაუდო იყო, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა სწორედ ამ სცენარით. ეჭვი არ მეპარება, რომ რაც დრო გავა და მეტი ჩანაწერი გამოქვეყნდება, უფრო მეტ საძაგლობას გავიგებთ საზოგადოების ზურგს უკან, უკანონო და დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, რომელიც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ყოველდღიური ამბავი ყოფილა.
„რეზონანსი": პროკურატურის ცნობით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების მოპოვება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს შანტაჟისა და ზეწოლის საფუძველზე მოხდა და გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. როგორ შეაფასებთ აღნიშნულს?
ლ.მ: ჟურნალისტმა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი დოკუმენტიც რომ მოიპოვოს, მას უფლება აქვს ის გამოაქვეყნოს და იგი პასუხს არ აგებს, თუნდაც იმ დოკუმენტს სახელმწიფო საიდუმლოს გრიფი ჰქონდეს, რადგან საზოგადოების ინფორმირება არის მედიის უპირველესი მოვალეობა.
პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, ვინც ვალდებული იყო ამ ინფორმაციის შენახვაზე. ამ შემთხვევაში პროკურატურა ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია. არამგონია ვინმეს ეეჭვებოდეს, რომ ის საუბრები დამონტაჟებულია, ან კიდევ, სიყალბეს შეიცავდეს.
პროკურატურამ რომ ბოლომდე შეირცხვინა თავი, უდავო და ძალიან აშკარაა. ახლა პროკურატურის მხრიდან რაიმეს გადაფარვა, იქნება ძალიან უსუსური მცდელობა.
არავის აინტერესებს მედიის მხრიდან ამ ინფორმაციის მოპოვების ხერხები და მეთოდები. მთავარია, რომ ეს ინფორმაცია გაშუქდა და გასაჯაროვდა. დანარჩენი, მედიას პასუხისმგებლობა, ამასთან დაკავშირებით, არ ეკისრება. მაშინ პროკურატურამ თვითონ გამოიკვლიოს ვინ იყო ვალდებული შეენახა ეს ინფორმაცია, ვისგან გავიდა და პასუხიც იმას აგებინოს.