[ეკა ბაქრაძე]
2 წელიწადში ერთხელ პრეზიდენტ სააკაშვილს ახსენდება, რომ უნიკალური კურორტი ლიკანი კვლავ გაპარტახებულია და ინვესტორმა ყაზახებმა პირობა არ შეასრულეს. პრეზიდენტი გახსენებისთანავე ქარიშხალივით გაილაშქრებს ინვესტორების წინააღღმდეგ და მორიგ 2-წლიან ძილს მიეცემა. 2011 წლის ივლისის მიწურულს მეორე 2-წლიანი ციკლი შესრულდა.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყაზახებმა დანაპირები ვერ შეასრულეს და უნიკალური კურორტის განვითარებაზე საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს. ასეთი პრეზიდენტისეული განცხადება პირველი არ არის, მაგრამ მთავრობა მაინც ერთ ადგილზე „ბუქსაობს“- ვერც ყაზახებს ააღებინა ხელში ბარი და ნიჩაბი და ვერც უნიკალური კურორტის ინვესტორისთვის ჩამორთმევა გარისკა.
შარშანწინ ამ დროს სააკაშვილმა ასეთივე მკაცრი ტონით გააკრიტიკა ყაზახები. მაშინ შუა აზიელებმა პირობა დადეს, რომ მშენებლობას მსწრაფლ წამოიწყებდნენ, მაგრამ ერთი წლის თავზე სააკაშვილს იგივე თემაზე უწევს საუბარი. ამჯერად პრეზიდენტს უბრალოდ არ დაუკონკრეტებია, ნიშნავს თუ არა მისი პოზიცია ახალი ინვესტორის მოძიებას.
ბორჯომის გამგებელი არჩილ მიქელაძე ადასტურებს, რომ ლიკანში ახალი არაფერი ხდება და სამუშაოების დაწყებას ყოველ თვე ელოდებიან. გამგებელი ამბობს, რომ ამ გაჭიანურებული პროცესით მნიშვნელოვანი ზარალი ადგება ქალაქის ტურისტულ პოტენციალს.
„ყაზმუნაი-სერვის ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ამანჟოლ კუსაინოვი „კომენრსანტთან“ საუბარისას აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება პროექტის რეალიზაციას შეუწყობს ხელს, თუმცა, კუსაინოვის მტკიცებით, ყაზახური მხარე პროექტიდან გასვლას არ აპირებს და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
მისი თქმით, პროექტი მზადაა და იგი ყაზახეთის მხარის ზემდგომი ორგანოების დამტკიცებას მოითხოვს. კითხვაზე, როდის მიიღებს განახლებული ლიკანი პირველ დამსვენებელს, ამანჟოლ კუსაინოვი აცხადებს, რომ ეს რთული საკითხია და სავარაუდოდ, კურორტი ორ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას.
ბორჯომი-ლიკანის ყოფილი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ „ყაზმუნაიგაზ-სერვისს“ 2006 წელს გადასცა. ყაზახები პირობას დებდნენ, რომ ლიკანში საერთაშორისო მასშტაბის ტურისტული კომპლექსი აშენდებოდა. 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახები ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საჯაროდ გააკრიტიკა.
პრეზიდენტის კრიტიკიდან თითქმის ერთი წლის თავზე „ყაზმუნაი გაზსერვისის“ ხელმძღვანელმა ამანჟოლ კუსაინოვმა ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს პროექტის განხორციელების თაობაზე ახალი დაპირება მისცა. მაშინ ითქვა, რომ კომპლექსი ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო.
უკვე 5 წელია, „ყაზმუნაი გაზ-სერვისი“ ლიკანში საერთაშორისო დონის საკურორტო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ბორჯომი-ლიკანის ყოფილი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ „ყაზმუნაი გაზ-სერვისს“ 5 წლის წინათ 10 მილიონ დოლარად მიყიდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპლექსის განახლება რამდენიმე წლის წინათ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ როგორც ყველა ინვესტორმა, ყაზახებმაც განაცხადეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისმა და აგვისტოს ომმა უარყოფითად იმოქმედა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
არადა, ყაზახებს კომპლექსის მშენებლობა ომამდე და კრიზისამდე უნდა დაესრულებინათ. ყაზახებს ლიკანი, რომ ასაშენებელი ჰქონდათ, შარშან მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის შემდეგ გაახსენდათ.
2010 წლის აპრილში ასტანაში მთავრობის წევრების შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმის მშენებლობა მაისის ბოლოსთვის დაიწყებოდა. უფრო მეტიც, ლიკანის ტურისტულ კომპლექსში ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციაც კი გაიმართა.
მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ლიკანში განხორციელებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ბორჯომის რაიონსა და მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც ტურისტული ინდუსტრია შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
პირველ ეტაპზე ბორჯომი-ლიკანის კომპლექსში 350 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო. ჯერჯერობით კი, იქაურების დასაქმების ნაცვლად, კომპლექსიდან 300 ადამიანი გაათავისუფლეს.