ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა 23 ივლისის რეფერენდუმის შედეგები. ლატვიელებს უნდა გადაეწყვიტათ ლატვიის სეიმის შემდგომი ბედი. სარეფერენდუმო კითხვა ასე ჟღერდა: „მხარს უჭერთ თუ არა მე-10 სეიმის დათხოვნას“ შესაძლებელი პასუხებით „დიახ“ ან „არა“.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის ინიციატორი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი იყო. იმჟამად პრეზიდენტმა ზატლერსმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სეიმმა უარი უთხრა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ბიუროს წარმომადგენლებს, ჩაეტარებინათ ჩხრეკა მსხვილი ბიზნესმანისა და დეპუტატის აინარს შლესერსის სახლში. ზატლერსმა ამ ფაქტს მაშინ სამარცხვინო უწოდა, დეპუტატებს „ოლიგარქების ინტერესების მომსახურებაში“, პარლამენტს კი „თანამდებობეით ვაჭრობაში“ დასდო ბრალი და 28 მაისს რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
კანონმდებლობის თანახმად თუ ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერდა პრეზიდენტის ამ ინიციატივას, მაშინ გადადგომა მოუწევდა თავად პრეზიდენტს, თუმცა ზატლერსმა ისევ აიღო ინიციატივა და თავად განაცხადა უარი პრეზიდენტის პოსტზე.
რეფერენდუმი 23 ივლისს გაიმართა. ქვეყნის მაშტაბით ამისთვის 950 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ხოლო საზღვარგარეთ 78 უბანი.
ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რეფერენდუმში მონაწილეობა 689 823 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 30% შეადგენს. რეფერენდუმში მონაწილეთა 94.3%-მა (650 518) მხარი დაუჭირა სეიმის დათხოვნას, 5.48% (37 829) წინააღმდეგი წავიდა. კანონის თანახმად უბრალო უმრავლესობაც საკმარისი იქნებოდა სეიმის დასათხოვად.
ახალი საპარლამენტო არჩევნები, სეიმის დათხოვნიდან 2 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ასე რომ შემოდგომისთვის ლატვიაში სეიმის არჩევნები გაიმართება.