[თეონა ხარაბაძე]
საარჩევნო სიების ბიომეტრიული მონაცემებით შედგენისთვის, მაქსიმუმ, 8 მილიონი დოლარი ყოფილა საკმარისი. არადა, ხელისუფლებამ ამაზე უარი იმ არგუმენტით თქვა, რომ ძვირი ჯდებოდა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გათვლებით, ეს 200 მილიონამდე უნდა დამჯდარიყო და ამის პარალელურად დასახელდა ტექნიკური პრობლემაც, რომელიც მაშინვე სათუო მიზეზი იყო.
ერთი თვის წინ, როდესაც საარჩევნო შეთანხმება გაფორმდა, სწორედ ეს იყო ხელისუფლების არგუმენტი, რომ „რვიანისთვის“ უარი ეთქვა. შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების არგუმენტი კი ის იყო, რომ ხელისუფლება ვერ დაითანხმეს და მათ მეტი გზა არ ჰქონდათ.
მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გაკეთება გაცილებით იაფად არის შესაძლებელი, რაც ხელისუფლების არგუმენტებს უსაფუძვლოს ხდის. „ექვსიანის“ მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ ერთ-ერთი ევროპული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული მონაცემებით შედგენაზე მუშაობენ და ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ.
საუბარია ნიდერლანდებში რეგისტრირებული ორგანიზაცია „სმარტმაგიკ“-ზე.
როგორც „ექვსიანის“ წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ამ ორგანიზაციას იმიტომ დაუკავშირდნენ, რომ აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება არა მხოლოდ მოქალაქეთა აღრიცხვის ბიომეტრიის გამოყენებით, არამედ თავად ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების და ჩატარებული აქვთ ბევრ ქვეყანაში. თავის დროზე ამ ორგანიზაციას კონკურსის საფუძველზე მისცა არჩევნების ჩატარების დაკვეთა გაეროს განვითარების პროგრამამ. მათ არჩევნები ჩაატარეს ბევრ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ის ერთ-ერთ შტატში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, აზიის ქვეყნებში, ამჟამად მუშაობენ ეგვიპტესთან.
„ჩვენ მათ დავუკავშირდით და ჩამოვიდნენ ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი და ერთ-ერთი მიმართულების დირექტორი. გვქონდა მათთან შეხვედრა და გააკეთეს თავისი პროექტების პრეზენტაცია. ეს არის ძალიან სოლიდური ორგანიზაცია და მათ წარმოადგინეს ტექნოლოგიები არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ჩამოტანილი ჰქონდათ აპარატურა, რომელიც სჭირდება როგორც აღრიცხვას, ასევე შემდგომ კენჭისყრის პროცუდურებს. დაახლოებითი შეფასებაც იმისა, თუ რა შეიძლება დაჯდეს ამის გაკეთება,“ - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
როგორც იგი აღნიშნავს, საარჩევნო მიზნებისთვის სრულიად საკმარისია მხოლოდ ბიომეტრიული აღრიცხვის ჩატარება, მონაცემთა ბაზების გაკეთება, ამომრჩეველთა სიების დადგენა და შემდეგ არჩევნების დღეს ამომრჩევლის იდენტიფიცირება, ანუ ამომრჩევლის ვინაობის დადგენა ბიომეტრიული მონაცემებით. კერძოდ, თითების ანაბეჭდებითა და სახის ფოტოგრაფიული სურათის მეშვეობით.
ხმალაძის თქმით, ამ კომპანიის ხელმძღვანელობა პირობას იძლევა, რომ საქართველოში ამომრჩეველთა სიებს შეადგენს, მაქსიმუმ ოთხ თვეში და ამას, მაქსიმუმ, 10 მილიონი დოლარი დასჭირდება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გარკვეული ბაზა არსებობს, შესაძლებელია, რომ 7-8 მილიონ დოლარადაც კი გაკეთდეს. თუმცა, აქ არ იგულისხმება პირადობის მოწმობის დაბეჭდვა. მაგრამ შემდეგ ამ პირადობის მოწმობების გაცემისთვის, ცხადია, ეს ბაზა გამოდგება. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებამ ბიომეტრიულ პირადობის მოწმებებზე გადასვლა უკვე დაიწყო.
სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ ისიც კი თქვა, რომ ამომრჩეველთა აღრიცხვა და ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემა დაჯდებოდა 180 მილიონ ლარზე მეტი. ეს დაახლოებით 120 მილიონი დოლარია.
თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობა მაქსიმუმ 10 დოლარი დაჯდება, 3 მილიონი პირადობის მოწმობის დამზადებას და გაცემას, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარი დასჭირდება. ანუ, მთლიანად 40 მილიონი დოლარია საჭირო, რაც სამჯერ ნაკლებია 120 მილიონ დოლარზე.
რეალურად, გამოდის, რომ ამ კომპანიის მეშვეობით, ხელისუფლებას სამჯერ ნაკლები უჯდება ბიომეტრიული პაროდობის მოწმობების დამზადება და გაცემა. ამას უნდა დაემატოს საარჩევნო სიების მოწესრიგებით მიღებული სარგებელიც. საარჩევნო შეთანხმებაში სიების გადამოწმების საკითხიც გათვალისწინებულია.
თუმცა, ამისთვის რამდენი აქვს ხელისუფლებას გამოყოფილი, ჯერ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. შეთანხმების ტექსტში მხოლოდ წერია, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი კომისია ყველა სხვა სტრუქტურებისგან და მათ შორის ცესკოსგან და დაფინანსდება ბიუჯეტიდან. ამასთან, ეს ყველაფერი კანონით უნდა განისაზღვროს, რაც უკვე დამოკიდებულია იმ სარედაქციო ჯგუფზე, რომელმაც შეთანხმების საკითხებზე სათანადო კანონპროექტები უნდა მოამზადოს.
მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით და ამისთვის თანხები უნდა გამოყოს. ამისთვის შარშან 1 მილიონ 200 ათასი ლარი გამოყვეს. როგორც ამბობენ, ახლა უფრო მეტ თანხაზეა საუბარი და ასეთი გადამოწმებები საჭირო იქნება ყველა არჩევნებზე.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია ამ საკითხის მოგვარებას ისევ აქტუალურად მიიჩნევს.
მაგრამ, ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების პასუხია, რადგან გადაწყვეტილების მიმღები სწორედ ის არის. თუმცა, ხელისუფლებას ამ თემაზე ჯერჯერობით, საუბარი არ სურს. საარჩევნო შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია კი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის.
„ის, რომ ბიომეტრიული პარამეტრებით სიების გაკეთება არის კარგი და რაღაც სხვა მეთოდებით გადამოწმებას სჯობს, ამაზე არავინ დაობს. ყოველ შემთხვევაში, „ახალი მემარჯვენეებისკენ“ ტყუილად ნურავინ გამოიხედავს, მაგრამ ერთია, რა არის ძალიან კარგი და მეორეა, რა არის შესაძლებელი.
რაც შეეხება უშუალოდ ამ კომპანიას, გეტყვით, რომ ბევრი კომპანიაა მსოფლიოში, მათ შორის ძალიან გამოცდილი და ძალიან ავტორიტეტული, რომლებსაც შეუძლიათ, ძალიან მოკლე ვადაში და მცირე ფინანსური დანახარჯებით მოახდინონ მოსახლეობის სრული აიდიზაცია ბიომეტრიული მონაცემებით. ამაზე ჩვენ ადრეც არაერთგზის გვქონდა საუბარი და ბევრი სპეციალისტი გვყავდა ჩამოყვანილი. ამიტომაც, ეს თემა ჩემთვის ახალი არ არის და დაინტერესებული საზოგადოებაც ინფორმირებულია, რომ
ასეთი შესაძლებელობები არსებობს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ვერ შეისმინა. ამიტომაც შეთანხმებაში ალტერნატიული ვარიანტი იქნა წარმოდგენილი, რომელიც სიების გადამოწმებას გულისხმობს.
თანხის ეს რაოდენობა არსებითად მცირეა. აქამდე მოწვეულ ექსპერტებთან და კომპანიებთან შეხვედრების დროს ასეთი თანხა არასდროს დასახელებულა. როგორც გახსოვთ, ბოლივიის ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე რომ იყო ჩამოსული, მან ერთი აიდის ფასი 9-10 დოლარი დაასახელა, რაც საქართველოს რეალობაში დაახლოებით 25-30 მილიონი დოლარის ფარგლებში გამოდიოდა. კარგია, თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. რაც შეეხება ვადებს, ამაში სიახლე არაფერი არ არის. თანხის თვალსაზრისით პროგრესი ნამდვილად არის. თუმცა, ხელისუფლებისთვის ეს თემა არ იქნა მიღებული“, - აცხადებს „ახლების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.
„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს იდეა ჩააგდოს და არც იმას გამორიცხავს, რომ ამაში საეკლესიო მრევლიც ჩართოს, რომლებიც ბიომეტრიული პირადობის მოწმობების წინააღმდეგნი გამოდიან.
„ეს თემა, ბუნებრივია, დღის წესრიგში არის და იქნება. თუმცა, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება გეუბნება, რა თანხაც არ უნდა დაჯდეს, ამის გაკეთება არ უნდა. ჯერ ტექნიკური პრობლემა დასახელდა, ახლა თავადვე შეუწყობს ხელს იმ ტენდენციას, რაც მრევლის ნაწილში გამოჩნდა. ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შიში ბიომეტრიული პირადობის მოწმობების მიმართ და დარწმუნებული ვარ, თუკი აქტიურად გავაგრძელებთ ხელისუფლებასთან ამაზე ლაპარაკს, მრევლში ამ თემას გააქტიურებს და ჩვენი საზოგადოებაც აჰყვება. ეს საფრთხე ხელისუფლების მხრიდან არსებობს.
ბიომეტრია ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ სია მოვაწესრიგოთ, მაგრამ სიაში არის სხვა პრობლემა და ეს არის იმ მოქალაქეების პრობლემა, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ. ესენი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ვერც მოქალაქეობას ჩამოართმევთ და ვერც არჩევნებში მონაწილეობას ავუკრძალავთ“, -აცხადებს ვეფხვაძე.
არის თუ არა შანსი, რომ ეს საკითხი საარჩევნო შეთანხმებაზე ხელმომწერთა ჯგუფში დაისვას, კაციტაძე აცხადებს, რომ მთავარი არა საკითხის დაყენება, არამედ მისი შესრულებაა.
„შანსი როგორ არ არის. მე ვინ მიშლის ხელს, რომ ეს დავაყენო, მაგრამ რამდენად გამოვა აქედან რამე, ეს უკვე სხვა საკითხია. საკითხი, რომელიც მხოლოდ დადგება და არ განხორციელდება, მხოლოდ სტატისტიკის ობიექტად რჩება და სხვა არაფერი. თუ ვინმესთვის ეს არის მთავარი, რომ ტესტი მოაწყოს, ვის შეუძლია დაყენება და დააყენებს თუ არა, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. მთავარი უნდა იყოს ის, რომ მივიღოთ შედეგი.
ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებული იყო სამი კონკრეტული პოზიციით. ეს იყო პოლიტიკური გამოცდილება, პოლიტიკური გემოვნება და პოლიტიკური არჩევანი, როდესაც შევუერთდით ამ შეთანხმებას. ამ ყველაფერში ერთად კი ნაგულისხმევი არის პოლიტიკური შედეგი. თუ შედეგზე არ ხარ ორიენტირებული და მხოლოდ რაღაც პოზიციის დეკლარირება გინდა, თუნდაც ძალიან, ძალიან კარგი პოზიციის და შემდეგ ეს პოზიცია რჩება თავისთვის და ქარავანი მიდის თავისთვის, ეს უბრალოდ არ არის პოლიტიკოსის საქმე.
პოლიტიკოსი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და მე ამ მოქმედებებს შედეგს გულწრფელად ვუსურვებ. მათ შორის ჩვენი ყოფილი პარტნიორების ბრძოლას და გულწრფელად გავიხარებ, თუ შედეგი დადგება მეტი. ცხადია, რომ ამ შედეგით ერთი პარტია არ ისარგებლებს და ამით ისარგებლებს ყველა, ისევე როგორც, იმ შეთანხმებით, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ძალიან მაინტერესებს, ვინც ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ისარგებლებენ თუ არა იმით, რაც აქ არის გათვალისწინებული და, თუკი ისარგებლებენ, მერე რა არგუმენტები ექნებათ?“ - აცხადებს კაციტაძე.