ნინო ჯანგირაშვილი: „არ შეიძლება, ვიღაც ვერონიკა ქობალიამ სატელევიზიო ანძის ბედი გადაწყვიტოს“

ნინო ჯანგირაშვილი: „არ შეიძლება, ვიღაც ვერონიკა ქობალიამ სატელევიზიო ანძის ბედი გადაწყვიტოს“

[მანანა ნოზაძე]

 

ხელისუფლებამ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად საქართველოს ტელეანძა წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 1955 წელს აშენებული თბილისის ანძა სახელმწიფო საკუთრება და სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია, მას იოლად შეელიენ. ამასთან, ობიექტი გადარქმეული სახელით (ალფა-კომი) გაიტანეს აუქციონზე. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ეს გამიზნულად მოხდა, რათა საზოგადოება ვერაფერს მიმხვდარიყო და ზაფხულის პერიოდში გადაებარებინათ თბილისის ანძა სხვა მესაკუთრისთვის.

 

უკვე საუბრობენ, რომ გასხვისებულ ანძას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედიის შესავიწროებლად გამოიყენებს. კონკრეტულად, სარელეო გადასახადებზე ძალიან მაღალ ტარიფებს დააწესებს, რასაც თავისუფლად გადაიხდიან სახელისუფლო ტელეკომპანიები, დამოუკიდებელი ტელევიზიები კი მაუწყებლობას შეწყვეტენ. საუბარია, ამ ობიექტში ჩართულ 35 სატელევიზიო და 34 რადიოარხზე.

 

მართალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზე მითითებულა, თითქოს ტელეანძა 4 წლის მართვის უფლებით გაიცემა, მაგრამ საეჭვოა, მისი სრული გასხვისება არ ჰქონდეთ ჩაფიქრებული. მით უფრო, რომ მთელი ეს ქონება მიზერულ 10 მილიონ ლარადაა შეფასებული, რომ არაფერი ვთქვათ, მთაწმინდაზე არსებულ 358 000 კვადრატული მეტრ ფართზე, სადაც თბილისის ტელეანძა არის აღმართული. შესაბამისად, ეს ტერიტორიაც იმავე 10 მილიონ ლარად ახალი მმართველის ხელში გადავა. 

 

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ  აუქციონი ფორმალობაა. ამის ვარაუდს მას ისიც უმძაფრებს, რომ ეს თემა დახურულია და ეკონომიკის სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. მისი აზრით, ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კომპანია, რომელიც მათივე „ძმაკაცებისგან“ შედგება და ფორმალური აუქციონის შემდეგ, ჯერჯერობით, ოთხი წლით, შემდეგ კი ტელეანძას, ალბათ, საბოლოოდ ჩაიგდებენ ხელში.

 

ნინო ჯანგირაშვილს ისიც აეჭვებს, რომ აუქციონის გამოცხადებიდან მის ჩატარებამდე სულ რაღაც 12 დღიანი ვადაა. მისი თქმით, ასე სწრაფად ვერცერთი კომპანია ვერ აიღებს 12 მილიონიანი თანხის დაბანდების ვალდებულებას, თუ სერიოზულად არ შეისწავლის იმ ბიზნესს, რაშიც 12 მილიონი უნდა ჩადოს. მით უფრო, რომ მარტო ანძის ქონების, აუდიტის დასკვნების შესწავლას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

 

„რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკური ინტერესია. თან საუბარი არაა მარტო თბილისის ანძაზე, არამედ აქ თავს იყრის მთელი საქართველოს მასშტაბით ასეულობით ანძა და სარელეო ხაზები. ვფიქრობ, ხელისუფლებას რაღაც ისეთი აქვს ჩაფიქრებული, რისი გაკეთებაც სახელმწიფო შპს-ს სახელით არ სურს, ამიტომ, მერე ხელისუფლება გვეტყვის, რომ ეს არის კერძო კომპანია და მე თავი გამანებეთო. თუ კერძო კომპანია ტელევიზიებისთვის გადასახადს გააძვირებს, ისევ ჩვენი ზურგიდან ამოიღებენ ამ ფულს, როგორც მოხდა „მარშრუტკების“ შემთხვევაში. ბუნებრივია, გადასახადს გააძვირებენ, რადგან 12 მილიონი აქვთ ჩასადები. არავინ მოიტანს ამ 12 მილიონს თავისი სახლიდან“, – აღნიშნავს ნინო ჯანგირაშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში.

 

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი აცხადებს, რომ ორშაბათიდან ქართული მაუწყებლები უცხოურ ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, საელჩოებს მიაწვდიან ხმას, რადგან ასე ჩუმად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე ამხელა სტრატეგიული ობიექტის გაყიდვა არ შეიძლება. მით უფრო, როცა აქ უშიშროების, შსს-ის, მობილური კომპანიების გადამცემებია დაყენებული. თუკი ვინმე რაიმე სიხშირეს იყენებს საქართველოში, ყველა მათგანი ტელეცენტრის მომსახურებით სარგებლობს.

 

„ტელევიზიების გაჩერების მცდელობას ამას ვერ დავარქმევ, რადგან ისეთი სკანდალი ატყდება, თვითონ დაინახავენ. ასე არ არის, ვიღაც ვერონიკა ქობალიამ გადაწყვიტოს და მიშამ. ამას დიდი საერთაშორისო რეზონანსი ექნება. საქტელერადიოცენტრს, რომელიც გადააკეთეს „ალფაკომად“, მაუწყებლობის შესახებ კანონით ევალება, რომ მაუწყებელს მოემსახუროს არადისკრიმინაციული ტარიფით. მაინტერესებს, როდესაც მედიის მდგომარეობა უარესდება, არის თუ არა ეს მედიაზე დარტყმა? „მაესტროზე“ ასეთი პირდაპირი დარტმა შეიძლება არ არის, რადგან „მაესტრო“, საერთოდ, ანძით სარგებლობს თუ არა, ესეც კი არ ვიცი, მაგრამ გადამცემები მეტ-ნაკლებად ყველას სჭირდება ანძაზე, იმავე საპატრიარქოს ტელევიზიას, რადიოებს. რეაგირებაც ვერ მოვასწარით, სრულიად შემთხვევით გავიგე პარასკევს, რადგან სახელი შეუცვალეს და დაარქვეს „ალფაკომი“, აბსოლუტურად ქურდულად, ჩუმად ზაფხულში გამოიტანეს აუქციონზე“. 

 

იმის გამო, რომ ტელეანძა ერადერთი ბუნებრივი მონოპოლისტია თბილისში, ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ მის ახალ მმართველებს შეუძლიათ, კატასტროფულ თანხამდე გაზარდონ მომსახურება. ამდენად, ტელევიზიები მათ კეთილ ნებაზე იქნებიან დამოკიდებულნი.

 

„ერთადერთი მოთხოვნა, რასაც მათ აუქციონის პირობებით ევალებათ, პროფილის შენარჩუნებაა, ანუ უნდა დარჩეს ანძა და, დავუშვათ, წყალქვეშა ნავად არ უნდა გადააკეთონ. უცხოური პრეცენდენტებით ვერ ვისაუბრებთ, რადგან ევროპაში რამდენიმე ანძა აქვს თითოეულ ქალაქს თუ ქვეყანას. ბევრ ტელევიზიას, საერთოდ, საკუთარი ანძა აქვს. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ აღმოსავლეთ ევროპის მაგალითით, სადაც კარგად კონტროლდება ანძის ტარიფები, რადგან ეს მედიის დამოუკიდებლობას ურტყამს. საქართველოში კი აბსოლუტურად უნიკალური ვითარებაა, რადგან ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ თბილისში ანძისთვის საუკეთესო ადგილი შეარჩიეს, საიდანაც შეიძლება დაიფაროს თბილისის სატელევიზიო და რადიოსიგნალი. არ გამოვრიცხავ, შარანგიების ინტერესი იყოს აქაც. ყველაფერი ხომ შარანგიების არის და მიშას ძმაკაცების. ანუ მიშა არის ჩვენი ბატონი, რომ წავიდეს პრეზიდენტობიდან, ყველაფერი მისი და მისი ძმაკაცების ხელშია, მოკლედ, ბატონ-ყმობა დავაბრუნეთ“, – ასეთია ნინო ჯანგირაშვილის შეხედულება.

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი წელიწადნახევრის წინანდელ პერიოდს იხსენებს, როცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლება  საკაბელოების მონოპოლიას აპირებდა და მათ მალე ჩაიგდებდა ხელში.

 

„მართლაც, საკაბელოებს დაერივნენ. რაც შეხება ანძას, თუკი იგი გააძვირეს, შესაბამისად, გაიზრდება ტარიფები და აუტანელი სიტუაცია იქნება. ამით პირველ რიგში, დაარტყამენ თავისუფალ მედიას, რადიოებსა და ტელეკომპანიებს. არა მარტო „ტელემაესტრო“, არამედ „რადიომაესტროც“ სარგელობს ამ ანძით და აუცილებლად პრობლემები შეგვექმნება. წლიდან წლამდე ისედაც ძლივს გაგვაქვს თავი. მიუხედავად იმისა, რომ „მაესტროში“ ადრინდელთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა, ვერ ვიტყვით, რომ ფუფუნებაში ვცხოვრობთ. ხშირად გვაქვს ხელფასების დაგვიანება, ხელმომჭირნედ ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე, ანძის გადასახადის გაზრდაზე საუბარი ზედმეტია. ანძას კიდევ არაფერი უშავს, ხომ იცით, „სილქნეტისა“ და „კავკასუსის“ პასუხი? -კერძო კომპანია ვართ, არ გვინდა  და არ ჩავრთავთ „მაესტროსო“. ანძის მესვეურებიც ამავეს იტყვიან, კერძო კომპანია ვართ და არ ჩაგრთავთო“, – აცხადებს მამუკა ღლონტი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში.

 

მისი აზრით, სახელმწიფო ვერ გაიმართლებს თავს, თითქოს ანძის გასხვისებით რაიმე ეკონომიკურ სარგებელს ნახავს, რადგან არის ისეთი რამ, რისი გაყიდვაც არ შეიძლება.

 

„სტრატეგიული მნიშვნელობისაა ანძა. ანძას რამე რომ მოუვიდეს ან „ცუდი ადამიანის“ ხელში აღმოჩნდეს, ინფორმაციის გარეშე დარჩება მთელი საქართველო. სიტყვაზე, ვთქვათ, ვულკანმა ამოხეთქა, ცუნამი მოდის, მიწისძვრაა მოსალოდნელი, ვერაფერს გავიგებთ, რადგან ვის ხელში აღმოჩნდება, ღმერთმა იცის“.

 

მამუკა ღლონტი არ გამორიცხავს, ანძა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, რადგან ხელისუფლების ლოგიკით, თუ ვინმე რუსთან თანამშრომლობს, თურმე აგენტი ყოფილა, ხოლო თვითონ რუსეთს რომ მიჰყიდეს ყველაფერი, ეს უკვე ბიზნესია.

 

„ტელეანძა სააკაშვილის ხელში გადავა, არავითარი შარანგიები. ყველაფერი არის სააკაშვილის, რადგან მის გარემოცვას, ბიზნესი იქნება თუ სხვა სფერო, შეხედეთ, რამხელა ვალები აქვთ, როგორ ეშინიათ სააკაშვილის. უბრალოდ, ამ ობიექტებით დროებით სარგებლობს სააკაშვილის გარემოცვა, თორემ ყველაფერი პრეზიდენტის ხელშია. იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიაა, სადაც ხალხს შეუძლია იმპიჩმენტი მოუწყოს პრეზიდენტს, სადაც ამომრჩეველს პატივს სცემენ, საშიში არაფერია. აი, მერდოკი რა დღეშია ახლა, ლამის იმპერია დაენგრეს. ჩვენთან კი, რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ“, – მიიჩნევს მამუკა ღლონტი.

 

მისი თქმით, სახელისუფლო ტელევიზიები, სინამდვილეში, არანაირ გადასახადს არ იხდიან. შესაბამისად, ახალი მმართველის ხელში ტელეანძის გადაცემა მათზე უარყოფითად არ აისახება.

 

„გახსოვთ ის 25 მილიონი, რომელიც „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ ჩამოაჭრეს? რახან ვალი არ გვქონდა, ვინმემ „მაესტროს“ მოგვცა ის 25 მილიონი წინასწარ? მას თუ შეღავათს უკეთებ, მეც ხომ უნდა  ვისარგებლო ამ შეღავათით? ის, რომ სახელისუფლო არხებს აქვთ თავიანთი შემოსავალი, ეს ზღაპარია. ისინი სხედან ბიუჯეტზე, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა აქვთ, ეს რეკლამაც ბიუჯეტიდან მოდის. წესით, ეს რეკლამა უნდა ნაწილდებოდეს მთელ მედიაზე, ამ დროს კი ნაწილდება სამ თუ ოთხ კომპანიაზე“.

 

ტელეანძასთან მიმართებით შექმნილი ვითარების მიუხედავად, მამუკა ღლონტი გამოსავალს ისევ მედიის გაერთიანებაში ხედავს. მით უფრო ახლა, როდესაც ჟურნალისტები საზოგადოების თვალში მაღალ ტალღაზე აღიქმებიან, რადგან ხალხმა პირველად ნახა, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცამ ბრძოლა მოიგო.

 

„ახლა თუ ვერ გავერთიანდებით, ხვალ ნაგლეჯ-ნაგლეჯ დაგვშლიან. ჩვენმა სოლიდარობამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნა ახლახანს. მე მაქვს იდეა, რომლის განხორციელებას ვანდობ ჩემზე უფრი ავტორიტეტულ ჟურნალისტებს. მე არ ვიწყებ ამის განხრციელებას, გაერთიანდეს მედია, ორგანიზაციულად შევქმნათ, ხუმრობით რომ ვთქვათ, ნატოს მსგავსი ორგანიზაცია, სადაც ერთ მედიაგაერთიანებაზე თავდასხმა მთელ მედიაზე თავდასხმად აღიქმება და დავიცვათ ერთმანეთი. თუ ეს შევძელით, ვერანაირი ძალა ქართულ მედიას ვეღარასდროს ვერ მოერევა. თუ გაერთიანებისთვის მზად არ ვართ, ანძასაც გაყიდიან და ყველაფერსაც“, – აღნიშნა ღლონტმა.

 

პრესაგე.ტვ-მ ეკონიმიკის სამინისტროსთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ უწყების  პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ოფიციალური ინფორმაცია მათ საიტზე დევს და, რომ სამინისტრო დამატებით კომენტარს ტელეანძის გაყიდვამდე არ აპირებს.

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეანძის გაყიდვაში დიდი რისკია ჩადებული და განსაკუთრებით, საქართველოსნაირი ქვეყნებისთვისაა ეს საშიში.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ანძა კომუნიკაციების ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლისტია, წინააღმდეგი არ ვარ კერძო მენეჯერის ხელში გადავიდეს. თუმცა აქ უმკაცრესი რეგულაციები უნდა დაწესდეს: მომსახურების ფასებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ უნდა რეგულირდებოდეს და სატენდერო პირობებში წინასწარ უნდა იყოს ჩადებული ის ზღვრული ტარიფები, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ამა თუ იმ სუბიექტის მიმართ. ის, რომ ანძა მაინცდამაინც სახელმწიფოს ხელში იყოს, ასე არ ვაყენებ საკითხს.

 

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტად ითვლება?

 

– დიახ, ამის მიუხედავად. რამდენადაც მესმის, მისი პრივატიზება არ ხდება, უბრალოდ, ამ ეტაპზე აპირებენ მის მართვაში გადაცემას. ამდენად, მართვაში გადაცემას მხოლოდ ძალიან მკაცრად გაწერილი პირობებით შეიძლება დავთანხმდეთ. ისე არ მოხდეს, როგორც იმავე სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებით. გვიპრდებოდნენ, რომ ფასები არ გაიზრდებოდა და დღეს კი ფაქტის წინაშე დაგვაყენეს.

 

თავისუფალი ტელევიზიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეანძის სხვა მმართველის ხელში გადაცემა მათ ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება, და, რასაც უნდათ, იმ ტარიფს დაუწესებენ.

 

– მათ ბიუჯეტს იმ შემთხვევაში დაარტყამს, თუ მომსახურება გაუარესდა და ფასი გაიზარდა. ამიტომ წინასწარ ხელშეკრულებითა და სატენდერო პირობებით უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ტარიფებთან დაკავშირებით მკვეთრი ცვლილებები არ მოხდება, ისევე, როგორც – მომსახურების ხარისხთან მიმართებით. არ უნდა მოხდეს ისეთი რამ, როდესაც დღეს „სილკთივი“ „მაესტროს“  არ რთავს, რადგან „არ ევასება“ და რა ქნას? მის „გემოვნებაში“ ვერ ჯდება „მაესტრო“.

 

ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, რომ კერძო ოპერატორმა თქვას, რა ვქნა, აქუბარდიას თვალის ფერი არ მომწონს, ამიტომ, მისი ანტენა და მისი გადამცემი არ მჭირდებაო. აქ არის ერთი პარამეტრი, რაც საუკუნოდ უნდა იყოს გათვალისწინებული – პოლიტიკური რისკები. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ იქნება ანძის მფლობელი და რატომ?

 

წარმოიდგინეთ, ანძაზე საქართველოს მთელი საკომუნიკაციო სისტემების გადამცემებია. არ მოხდეს ისე, როგორც არაერთხელ ყოფილა, რომ რუსული ფეესბეს ხელში ჩავარდეს ეს ყველაფერი. თუ გამჭვირვალე არ იქნა ეს ყველაფერი და ისევ ობშორები დაგვახვედრეს და მათ მიაღებინეს მონაწილეობა, ასეთი რისკი ყოველთვის დარჩება.

 

ბუნებრივ მონოპოლიებთან მიმართებით რა პრეცენდენტები არსებობს უცხოეთში? როგორ ხდება ეიფელის, ოსტანკინოს შემთხვევაში?

 

– ოსტანკინოსთან დაკავშირებით რა მოგახსენოთ, მაგრამ ეიფელთან მიმართებით, კანონმდებლობით, იქ იმდენად ხარ დაცული, რომ შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ კერძო პირის ხელში გადავა ეს ყველაფერი. უცხოეთში დამცავი მექანიზმები არსებობს და ის საფრთხეები, რაც საქართველოშია, უბრალოდ, არ არის.