[ნინო მიქიაშვილი]
დღეიდან ყოველ კვირა დღეს, რუსთაველის ძეგლთან 19 საათზე ის ადამიანები შეიკრებებიან, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებენ. ამის შესახებ რუსთაველის ძეგლთან, „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „სამოქალაქო დარბაზის“ ერთობლივ აქციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც 700-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ უფლებადამცველები, ადვოკატები, ყოფილი პოლიტპატიმრები, მსახიობები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ქეთი ბექაური, სოსო ჯაჭვლიანი, ავთო იმნაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნანა კაკაბაძე, ზაზა ხატიაშვილი, დიმა ჯაიანი, ია მეტრეველი, ზაზა დავითაია...
„დღეიდან აქ, ამ ადგილას იქნება დისიდენტური კერა. ყოველ კვირა დღეს, შვიდ საათზე ჩვენ შევიკრიბებით. არა აქვს მნიშვნელობა 20 ვიქნებით, ორი ათასი თუ 20 ათასი. ეს ხელისუფლება უნდა შევაჩვიოთ, რომ გამოვალთ და უკანონობას გავაპროტესტებთ. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ყოფნისას განაცხადა, ზოგიერთები ევროპაში ჩადიან და ევროსტრუქტურებს ცრუ ინფორმაციებს აწვდიანო. მან ეს პირდაპირ ჩვენი მისამართით თქვა. მოგეხსენებათ, ჩვენ ხშირი ურთიერთობა გვაქვს ევროსტრუქტურებთან და მათ პერმანენტულად ვაწვდით ინფორმაციებს, იმ მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. აქედან ვეუბნები სააკაშვილს - ევროპაში ჩავალთ კი არა, ბრიუსელში ოფისებს გავხსნით!“ - განაცხადა მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა, ირმა ინაშვილმა, რომელიც ამავდროულად „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მედია-ომბუდსმენია.
მისივე თქმით, ბელგიაში სააკაშვილის პიარზე ოთხი კომპანია მუშაობს, რომელთა ანგარიშებზე საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონებს რიცხავენ - „მაგალითად, გაზეთის ერთ გვერდზე საქართველოზე სტატია რომ გამოქვეყნდეს, ამისთვის ჩვენი ჯიბიდან, ანუ, საქართველოს ბიუჯეტიდან 50 000 ევრო ირიცხება“.
„სამოქალაქო დარბაზი“, მისი ლიდერის, რეჟისორ გიორგი შენგელაიას განმარტებით, 2004 წელს იმისთვის შეიქმნა, რომ ხელისუფლების სათავეში მოსულ ახალგაზრდებს დახმარებოდა, მაგრამ წლების გასვლასთან და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, ამ ორგანიზაციამ ხელისუფლების დახმარების მცდელობა უაზრობად ჩათვალა და ახლა იმ ორგანიზაციების რიცხვშია, რომლებიც თვლიან, რომ მმართველი ძალა ქვეყანაში ტერორს და ძალადობას ახორციელებს...
რუსთაველის ძეგლთან აქცია 19 საათზე იყო დანიშნული. ხალხმა შეკრება დაახლოებით ნახევარი საათით ადრე დაიწყო. სახელდახელო ტრიბუნა ძეგლის გვერდზე (პირით რუსთაველის გამზირისკენ) გაკეთდა, იქვე დაახლოებით ათი სკამი იმ ასაკოვანი ადამიანებისთვის იდო, ვისაც პაპანაქება სიცხეში ფეხზე დგომა უჭირდა. სკამები სწრაფად შეივსო. მიტინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, იქ მისულ ადამიანებს სპეციალური მიმართვის ტექსტი დაურიგეს, რომელზეც ხალხმა ხელმოწერები თავისი ინიციატივით დააფიქსირა.
მიმართვის ტექსტი, რომელიც „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „სამოქალაქო დარბაზის“ მიერაა შემუშავებული და რუსთაველის ძეგლთან, 24 ივლისს მოწყობილი აქციის მონაწილეების მიერაა მხარდაჭერილი, ასეთი გახლავთ:
„მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მსოფლიოს უფლებადაცვით ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა გაერთიანებებს, გაეროს ადამიანის უფლებათა მთავარ კომისარს, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა მთავარ კომისარს, კეთილი ნების ადამიანებს!
26 მაისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა არნახული მასშტაბები მიიღო. აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით ჩვენს თანამემამულეებს თითქმის ყოველდღიურად აკავებენ. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მოქალაქეების გარდა, პოლიტიკური პოლიცია ცდილობს მედიის დატერორებას, რასაც ნათლად ცხადყოფს ე.წ. „ფოტორეპორტიორების საქმე“. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე და უფლებადამცველებზე ხორციელდება თვალთვალი, რაც გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს ხანებში ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს ანგარიშსწორება, როგორც უფლებადამცველებზე, ისე სხვადასხვა სფეროებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც უშუალო კომუნიკაცია აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროსტრუქტურებთან.
საქართველოში მართლმსაჯულება გადაქცეულია პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროები, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურო ხელისუფლების პოლიტიკური ნების აღსასრულებლად ერთპიროვნული მოქმედებს, როგორც დანაშაულებრივი სინდიკატი.
ინსტიტუციონალური დევნის შედეგად საქართველოში ადვოკატირება შეუძლებელი გახდა. ხელისუფლება იყენებს ტერორისტული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ყველა ინსტრუმენტს. საქართველოში ჩამოყალიბდა რეჟიმი, რომლის მოქმედება სრულად შეესაბამება ჟენევის კონფერენციის 1987 წლის დეკლარაციის განსაზღვრებას, სახელმწიფო ტერორიზმის შესახებ, სადაც ასეთად მიიჩნევა შემდეგი: „პოლიციური სახელმწიფოს პრაქტიკა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შიშის დანერგვის მიზნით, თვალთვალით, შეკრებათა დაშლა, მედიის კონტროლი, ცემა, ტანჯვა, არასამართლებრივი და მასობრივი დაპატიმრებები, ფალსიფიცირებული ბრალდებები და ხმების გავრცელება, საჩვენებელი სასამართლოები და მკვლელობები“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვაცხადებთ: რეჟიმთან ბრძოლის შიდა (ქართული) რესურსი სრულად ამოიწურა. ყოველი ჩვენი მცდელობა, წინ აღვუდგეთ სახელისუფლებო ტერორს, რეჟიმის მხრიდან ძალადობას და აგრესიას კიდევ უფრო ამძაფრებს. გთხოვთ, დახმარებას! გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ საქართველოში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს! გთხოვთ, განახორციელოთ მკაცრი მონიტორინგი ადამიანის უფლებების სფეროში! გთხოვთ, მაქსიმალური სიზუსტით ასახოთ თქვენს დასკვნებში საქართველოში არსებული მდგომარეობა და სასწრაფოდ მისცეთ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია, შეაჩეროს ტერორი და ძალადობა უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ!“
მსახიობ დიმა ჯაიანის თქმით, „თუ ვიქნებით ერთად, ვერაფერსაც ვერ გვიზამენ“. „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოსო მანჯავიძის აზრით, პროტესტი აქ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამის გარეშე დასავლეთში, ევროსტრუქტურებთან აქტიურობას აზრი ეკარგება, – „ეს ადგილი კერად უნდა გადავაქციოთ და საქართველოს გათავისუფლების პროცესი დავიწყოთ“.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განმარტეს, სპეციალური მიმართვა დღესვე გადაეგზავნებათ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლებს ბელგიასა და ბრიუსელში, რომლებიც მიმართვას ევროსტრუქტურებში წარადგენენ.
ა/ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის თქმით, ერთადერთი, რასაც ეს ხელისუფლება ექვემდებარება არის ხალხის ძალა - „ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ არ დავთმობთ თავისუფლებას, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლითაა მოპოვებული“.
საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად აქციაზე სიტყვით ნაკლებადცნობილებიც გამოვიდნენ. მათ შორის იყო პირველი არხის ვეტერანი მიხეილ გიჟიმყრელი, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ ქართველი ხალხი უჩვენებს უთოფო ბრძოლით გამარჯვების მაგალითს.
მაშინ, როცა დენისა და დასუფთავების გადასახადები ერთმანეთს ერწყმებოდა, თბილისის საკრებულოს წევრმა, მეტსახელად „შონზომ“, იგივე გიორგი გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ თბილისელს უშვერი სიტყვებით აგინა. ამის შესახებ რუსთაველის ძეგლთან შეკრებილ ადამიანებს აქციის წამყვანმა, მერაბ ჭიქაშვილმა ამცნო. რამდენიმე წუთში მიკროფონთან სწორედ ის ადამიანი მივიდა, ვისაც „შონზომ“ შეურაცხყოფა მიაყენა - „მე ვარ ტატა ღოღელიანი. მაშინ, როცა ნაგვის და დენის გადასახადების შეერთება უნდა მომხდარიყო, საკრებულოსთან მივედი და იქიდან გამოსულ „შონზოს“ ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მან მომიგო, „არაფერი, მეც თქვენნაირად ვცხოვრობო“. მაშინ წამოდით და შეიხედეთ ჩემს მაცივარში-მეთქი, - ვუთხარი მას. ამ ადამიანმა უშვერი სიტყვებით მაგინა. მისგან ბოდიშის მოხდას მოვითხოვ“.
რუსთაველის ძეგლთან შვიდ საათზე დაწყებული აქცია ზუსტად ერთი საათის შემდეგ დასრულდა, ილია ჭავჭავაძის ტექსტზე დაწერილი სიმღერით „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, საბჭოთა პერიოდში ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ავთო იმნაძემ მოგვიგო - „თქვენ ჟურნალისტი ხართ და უნდა იცოდეთ, რომ ეს იყო ეროვული მოძრაობის ჰიმნი. ოთხმოციანი წლების ბოლოს, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ გამგეობის შეკრებაზე ეს სიმღერა მივიტანე და ვიკითხე - ეროვნულ მოძრაობას ხომ უნდა ჰქონდეს ჰიმნი-მეთქი? ამაზე ყველა დამეთანხმა. ჰოდა, ამაზე უკეთესს, ალბათ, ვერაფერს შევარჩევთ-მეთქი. მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი, ეს სიმღერა არქივიდან გადმოვწერე და მივიტანე. აი, ასე იქცა ეროვნული მოძრაობის ჰიმნად „ჩემო კარგო ქვეყანავ“.