[გიორგი ბექაური]
საქართველოს ეკონომიკის ყველა სფეროში კონკურენტული გარემო თანდათან უარესდება. გამონაკლისი არც საბანკო სფეროა. მაგალითად, გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო FITCH-ი ქართული საბანკო სექტორის ახალ ტენდენციებზე ამხვილებს ყურაღებას. სააგენტოს ანალიზით, ქართულმა საბანკო სექტორმა კრიზისი წარმატებით დაძლია, თუმცა ამჟამად მთავარი პრობლემა ბანკებს შორის დაბალი კონკურენციაა.
სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, ბანკებს შორის კონკურენციის ზრდა ქართული საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ეკონომიკის ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი ეთანხმება გავლენიანი FITCH-ის შეფასებას, რომელიც, ქართული ბანკების დაბალკონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.
„ამ მოსაზრებას ნაწილობრივ შეიძლება, იმ თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ ბანკები თავიანთ კლიენტებს თავიანთი პროდუქტების, მომსახურების პირობების მრავალფეროვან არჩევანს ნამდვილად არ სთავაზობენ. შესაბამისად, ბანკების მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისები რაოდენობით მაინც შეზღუდული და, პრაქტიკულად, ერთსახოვანია. აქედან გამომდინარე, მოსაზრება იმაზე, რომ კონკურენტული ბრძოლა ბანკებს შორის ნაკლებია, ნაწილობრივ გასაზიარებელია. საბანკო კონკურენციის ნაკლებობის სხვა საფუძველს ვერ ვხედავ, რადგან საქართველოში, ასეთი პატარა ბაზრისთვის, რაოდენობრივად საკმაოდ ბევრი ბანკი მოქმედებს და, იმის მიუხედავად, რომ საბანკო სისტემის უდიდესი ნაწილი 2 ბანკს უჭირავს, კონკურენცია შეზღუდულს არ ჰგავს“, - აღნიშნავს საყევარიშვილი.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის მონაცემებითაც დასტურდება, რომ ეს ორი ბანკი „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკია“, რომელთაც ქართულ ბაზარზე „ლომის წილი აქვთ“.
„შესაბამისად, შესაძლოა, სააგენტო საკუთარი მოსაზრების გამოთქმისას იმასაც გულისხმობდეს, რომ ამ ბანკებს დომინანტი პოზიციები უჭირავთ, თორემ ამ ველზე იმდენი ამოთამაშეა, რომ კონკურენციის მეტი მოლოდინი მაინც არსებობს“, - აღნიშნა რავაზ საყევარიშვილმა.
იანვრიდან ივნისის ჩათვლით ქართული ბანკების მთლიანი მოგება 120 მილიონამდე გაიზარდა. შემცირდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც და 170 მილიონ ლარამდე დავიდა. თუმცა, საბანკო სექტორში კვლავ არის ოთხი ბანკი, რომლებიც ზარალიანები არიან. ამის მიუხედავად, ბანკების ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ზარალიანი ბანკები საერთოდ აღარ იქნება.
როგორც გაირკვა, საბანკო სექტორში დაბალი კონკურენციის თაობაზე მხოლოდ უცხოელი და ქართველი ექსპერტბეი არ ფიქრობენ. ეს საკითხი საქართველოს ეროვნულ ბანკშიც აღელვებთ. ამიტომაც ქართულ საბანკო სექტორს სესხების გამარტივებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების საშუალება ეძლევა.
ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს გრძელვადიანი დაფინანსების წახალისების მიზნით სარეზერვო განაკვეთები შეუმცირა. ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი და უცხოურ ვალუტაში ორ წელზე მეტი ვადიანობით ნასესხები სახსრები სარეზერვო მოთხოვნებისგან გათავისუფლდა. უცხოური ვალუტაში ერთიდან ორ წლამდე ნასესხები სახსრებისთვის კი სარეზერვო ნორმა 5%-მდე შემცირდა. პარალელურად ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსაც ამცირებს.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ვარაუდობს, რომ წლის მეორე ნახევარში სესხების გაცემის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდებიან. პირველ ნახევარში „თიბისიმ“ 350 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი გასცა, ხოლო საბანკო ბაზარზე ბანკის აქტივობები ფინანსურ მაჩვენებლებში აისახა.
აღსანიშნავია, რომ ბანკებს შორის კონკურნეცია მარტოოდენ უმსხვილეს ბანკებში შეინიშნება. მაგალითად, წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგების კუთხით „თიბისიმ“ „საქართველოს ბანკს“ გადაუსწრო.