საქართველო

საქართველო "პლაკატების ომმა" მოიცვა

პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერები ოპონენტების პლაკატებს თავისი კანდიდატების პლაკატებით ფარავენ
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა და, შესაბამისად, კანდიდატებსა და მათ მომხრეებს შორის ბრძოლაც სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის, ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი კონკურენტის სააგიტაციო მასალაზე "შურისძიებაა".

"პლაკატების ომში", ძირითადად, კონკურენტის სურათების ჩამოხევისა და ზედ გადაკვრის პრაქტიკაა გავრცელებული. "პლაკატების ომი" ძირითადად სამი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის არის გაჩაღებული. ესენი არიან: სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის, დაზიანების ან მასზე კონკურენტის საარჩევნო მასალის გადაკვრის ფაქტებს ძირითადად რეგიონებში ვხვდებით.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თიანეთში ჩხუბი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც "ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი რომა ფაშურიშვილი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატის ჩამოხევის დროს შენიშნეს.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ოპოზიციის ლიდერებმა ზაქარია ქუცნაშვილიც, ვინც, მათი მტკიცებით, ფაშურიშვილის ახლო მეგობარია, ამ საკითხზე მანამდე გააფრთხილეს.

ოპოზიციის განცხადებით, დაპირისპირება იმდენად სერიოზული იყო, რომ რომა ფაშურიშვილს დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი გამოკითხვა თიანეთის პოლიციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც პოლიციამ მას შენობა უკანა კარიდან დაატოვებინა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიდის, თუმცა დასჯილი ჯერ არავინ უნახავთ.

"სექტემბერში თიანეთის მთელ რაიონში ყველა პლაკატი პრაქტიკულად ჩამოხეულია და ვინ ხევდა? - დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს თანამშრომელი, ეს ხელმრუდე ვაჟბატონი. მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე ბატონი ქუცნაშვილი, რომ ხელი აეღო ამ დანაშაულებრივი ქმედებისაგან, ჩვენი ოფისის წარმომადგენლებმა და მეგობრებმა თიანეთში ფაქტზე წაასწრეს ბიუროს თანამშრომელს და საკადრისი პასუხი გასცეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ქართული ოცნების" წევრისა და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაურის თქმით, ინფორმაცია, თითქოს რომან ფაშურიშვილს პლაკატის ჩამოხევის დროს მიასწრეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ფაშურიშვილი სახლიდან გამოიყვანეს, ჩამოხეული პლაკატით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო კი საბაბად და შესაფუთად გამოიყენეს. როგორც რომან ფაშურიშვილმა მითხრა, ფოტო სხვის მიერ ჩამოხეული პლაკატით გადაიღო და გამოაქვეყნა, რითიც იმის ჩვენება უნდოდა, რომ ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს ხევს და ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას არ დაუშვებს. ამას წერდა ფაშურიშვილი სოციალურ ქსელში, რის გამოც სახლიდან გამოიყვანეს და პასუხი მოსთხოვეს. მას ცხვირი გაუტეხეს და ტვინის შერყევის ნიშნებიც ჰქონდა", - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნას გულისხმობს.

"ნაცმოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო პლაკატების განადგურების მორიგი შემთხვევა სექტემბერში კახეთშიც მოხდა. თელავის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები თითქმის მთლიანად ჩამოხიეს. ვაშაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათ ფაქტის გამოსაძიებლად სამართალდამცველებს მიმართეს.

მათივე თქმით, პოლიციამ დამნაშავის ვინაობა იცის, თუმცა ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია და მისი დაკავება ვერ მოხდება. ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

საარჩევნო პლაკატების მასობრივი ჩამოხევის ფაქტებზე რეგიონებში, ასევე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებიც საუბრობენ. დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათი კანდიდატის პლაკატები ჩხოროწყუსა და ცაიშში ჩამოხიეს.

ბაქრაძის საარჩევნო შტაბის განცხადებით, პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ადგილი ასევე გორის რამდენიმე უბანში ჰქონდა. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი ლევან ბაგრი საარჩევნო მარათონში ჩართულ პირებს მოუწოდებს, ყველა კანდიდატს მისცენ საშუალება, თანაბარ პირობებში ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. "ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში პარტია შესაბამის ზომებს მიიღებს.

"არ გვინდა, რომ რომელიმე კონკრეტული პარტია დავადანაშაულოთ ამ ქმედებაში და გვსურს, რომ კონსოლიდირებულად და ურთიერთშეთანხმებულად ჩატარდეს საარჩევნო კამპანია. ამ პროცესში არც ერთმა ინდივიდმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოს.

"წლების განმავლობაში არსებობს "პლაკატების ომი". ესეც არ არის გამონაკლისი. შეიძლება, აქტივისტებმაც არ ჩამოხიეს და ამ ქმედებაში რიგითი გამვლელები მონაწილეობდნენ. ამაზე კონკრეტულად ხელის გაშვერა, ვფიქრობ, არასწორია, თუმცა მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში აუცილებლად გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს", - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში".

რაც შეეხება მმართველი გუნდის მხადაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პლაკატების დაზიანებას ან ჩამოხევას, მისი საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამის რამდენიმე ფაქტი უკვე დაფიქსირდა. სამხარაძის ინფორმაციით, მაგალითად, კასპში სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს მთლიანად გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები გადააკრეს.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის საარჩევნო მასალის დაზიანება თბილისში, მეტროსადგურ "წერეთელზეც" მოხდა. ზურაბიშვილის სურათები გაურკვეველი ნივთიერებით იყო დასვრილი. საარჩევნო შტაბის უფროსი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის დაფიქსირებული. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციისა და მასალის შეგროვება ხდება, რომელსაც რეაგირებისათვის სამართალდამცველ ორგანოებს მიაწვდიან.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.