[ეკა ბაქრაძე]
თბილისის მოციმციმე ანძის გასხვისებამ შუა ზაფხულში დიდი დაპირისპირება გამოიწვია. არათუ ოპოზიცია, არამედ კომუნიკაციების კომისიაშიც თვლიან, რომ გამოცხადებული ტენდერი და მისი პირობები გაუმართავია.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი არ გამორიცხავს, რომ ანძის სხვა კომპანიისთვის გადაცემით მაუწყებლებს მომსახურების ტარიფები გაეზარდოთ.
„გამორიცხული არ არის, რომ ანძის ახალმა მმართველმა დაიწყოს იმ დავალიანების ამოღება სხვადასხვა ორგანიზაციებისგან, რომლებიც იყენებენ ანძას. ამან შეიძლება შეუქმნას პრობლემები მაუწყებლებს, განსაკუთრებით პატარა მაუწყებლებს, რომელებსაც არ აქვთ იმხელა ფინანსური შესაძლებლობები, როგორიც ნაციონალურ არხებს“, - აღნიშნა მოსეშვილმა.
მისი თქმით, მარეგულირებელს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, ჩაერიოს ანძასა და მაუწყებლებს შორის ურთიერთობაში.
„მინდა რეკომენდაცია მივცე აუქციონის ჩამტარებლებს, გარდა იმისა, რომ პროფილი არ შეიცვლება, არ მოხდეს იმხელა ტარიფის დაწესება, რაც მოკლავს კონკურენტუნარიან გარემოს ამ სფეროში“, - აცხადებს ირაკლი მოსეშვილი.
გაცილებით კატეგორიული არის ოპოზიცია. როგორც ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული მედია ვერც დაპატიმრებებით, ვერც შანტაჟით, ვერც დაშინებით, ვერც მუქარით დაიმორჩილა. ქართული მედიის ერთი ნაწილი იყო და არის თავისუფალი და ამიტომ, მის ასალაგმად კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს ტელერადიოცენტრი „ალფაკომის“ სახელით გაიტანა.
ობიექტი 1955 წელს აშენდა და ხალხის, ანუ სახელმწიფოს საკუთრება იყო. ეს სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და მის შემადგენლობაში 36 გადამცემი ხაზი და 91 შენობა-ნაგებობაა. მათ შორისაა თბილისის ტელეანძა. ობიექტში ჩართულია 35 სატელევიზიო და 34 რადიოარხი. შატბერაშვილის ვარაუდით, მას ხელში რომელიმე პროსახელისუფლებო კერძო კომპანია ჩაიგდებს, რასაც პრეზიდენტი მედიის შესავიწროებლად გამოიყენებს.
„შესაბამისი კომპანია სარელეო გადასახადებზე ძალიან მაღალ ტარიფებს დააწესებს, რასაც თავისუფლად გადაიხდის ისეთი სახელისუფლებო ტელეკომპანიები, როგორიცაა „რუსთავი-1“, „რუსთავი-2“ და „რუსთავი-3“. დამოუკიდებელი ტელევიზიები ამას ვერ შეძლებენ და იძულებულნი გახდებიან, მაუწყებლობა შეწყვიტონ.
მართალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებ-გვერდზე წერია, რომ ის 4 წლის მართვის უფლებით გაიცემა, მაგრამ სინამდვილეში, მისი სრული გასხვისებაა ჩაფიქრებული. ეს ყველაფერი 10 მილიონ ლარადაა შეფასებული, რაც აბსურდია. ამდენი მარტო მთაწმინდაზე არსებული 358 000 კვადრატული მეტრი ფართი ღირს, რომელზეც თბილისი ტელეანძა დგას“, - აღნიშნა შატბერაშვილმა.
ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს პოტენციურ მყიდველს, უარი თქვას აუქციონში მონაწილეობაზე, „ნუ გადაყრის ფულს და ნუ ჩაიდენს სახელმწიფო დანაშაულს“.
შატბერაშვილის განცხადებით, ლეიბორისტები აუქციონის შედეგებს სასამართლოში მაინც გააპროტესტებენ და „ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფოს ობიექტი უკან დაუბრუნდება“.
ასეთი განცხადებების ფონზე თევზივით დუმან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში. ამ უწყების პრივატიზების დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს შპს „ალფაკომის“ აუქციონზე გატანის საკითხთან დაკავშირებით.
„პრივატიზების დეპარტამენს არ სურს კომენტარის გაკეთება, სანამ აუქციონი არ ჩატარდება და კომპანიის ახალი მმართველი არ გამოვლინდება“, - განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თეა ბოლქვაძემ.
საქართველოს მთავრობას თბილისის ანძის მფლობელი კომპანია „ალფაკომი“ ელექტრონულ აუქციონზე გამოაქვს. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარია, ხოლო კრედიტორული დავალიანება - 2 917 158.59 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. აუქციონი 1 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება.