გვარამიას უტიფარ განცხადებას არ მოჰყოლია ამდენი „ხმაური და მრისხანება“, რაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამ უდავოდ ბოროტი განცხადების სამართლიან შეფასებას მოჰყვა!
თითქოს მთავარი ის კი არ არის, რომ გვარამია საშიში ხდება თავისი უტიფრობით, არამედ ის, რა ტერმინით უნდა მოვიხსენიოთ მისი საქციელი, რაც სულ უფრო და უფრო წრეგადასული და გამომწვევი ხდება!
არადა, ჩვენებური ნაც-ექსპერტების, რომელთა რიგებს, რაც არ უნდა საოცარი იყოს, აგერ „ხუხაცა“ და „ლაგაზაც“ შეუერთდნენ, „დასკვნა“ გამაოგნებელია: თურმე სალომეს „მოღალატე“ და „ქსენოფობი“ შეუძლიათ როგორც უნდათ, როცა და საცა უნდათ, ყველა ბრუნვაში ეძახონ, მის მხარდამჭერებს ღიად დაემუქრონ, მაგრამ ვინც ამასა სჩადის, ე.ი. ნაცებს, გამორჩეულად კი ტელე-ინკვიზიტორ გვარამიას, ყველანი „პოლიტკორექტულად“, მეტიც - ოდენ დიდი მოწიწებითა და ღრმა პატივისცემით უნდა მივმართავდეთ!
პარლამენტის თავმჯდომარეს არაპოლიტკორექტულობაში ბრალი დასდეს და უარესიც, უკიჟინებენ - „საერთოდაც არა სცოდნია, რა არის ფაშიზმიო!“ მოდი და ნუ გაგეცინება!
ეტყობა, ისე არიან ამ „სალომეფობიით“ (ამის თაობაზე იხ.ჩემი წინა ბლოგი http://for.ge/view.php?for_id=55985&cat=3) შეპყრობილნი, სმენაც დაუქვეითდათ და თვალისჩინიც დააკლდათ. დანახვითაც ცუდად ხედავენ და ხეირიანად ვერც ეს გაიგეს: ბ-ნმა ირაკლიმ მათ „უნიათო ფაშისტები“ უწოდა, ე.ი. ტერმინი „ფაშისტი“ მეტაფორული შედარებისთვის გამოიყენა და თანაც რამდენჯერმე ძალიან მკაფიოდ ახსნა, რასაც გულისხმობდა!
ნუთუ ვინმეს მართლა ეპარება ეჭვი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც სამართლის დოქტორის გერმანული დიპლომი აქვს, ისტორიაში იმდენი მაინც არ იცის, რომ „ფაშიზმზე“ წარმოდგენა არა აქვს?! ნუთუ ისიც კი არ იცის, რომ გვარამია არც მუსოლინისა და არც ჰიტლერს პროპაგანდის მინისტრად არ დაუნიშნავთ, მეორე მსოფლიო ომში არც დასაველთისა და არც აღმოსავლეთის ფრონტზე გენრალად არ გაუმწესებიათ?
პარლამენტის თავმჯდომარემ კი არა, საქართველოში, აბა ვინ, თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარმაც (თუ არის ვინმე ასეთი) განა არ იცის, რომ გვარამია ერთი რიგითი „შნირი“ იყო ჩოყლაყად წოდებული ცეტისა? დიახაც, სწორედაც „შნირი“ და უარესიც: ჩოყლაყის ყურმოჭრილი მონა გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ პატრონის ხოშზედ ხან პროკურორად მუშაობდა და ხანაც განათლების მინისტრად, საიდანაც ბოლოს კვალიფიკაციის ასამაღლებელ რაღაცა კურსებზე გაუშვეს; მერე კი, როცა „კვალიფიკაცია აიმაღლა“, ხოლო ნაცებმა კი პირიქით - კვალიფიკაცია დაკარგეს, ე.ი. არჩევნები ისე ვეღარ გააყალბეს, რომ არ წააეგოთ, გვარამია მთავარ პროპაგანდისტად დანიშნეს, ბოროტების მრისხანე იარაღი - „რ-2“, ჩააბარეს, მაგრამ ახლა, გებელსობას ვიღა ჩივის, თავი საერთოდაც „დიდ ინკვიზიტორად“ წარმოუდგენია და ისეა შეჭრილი ამ ყოვლად სამარცხვინო როლში, ისე გათავხედდა, რომ კვესიტაძის ასისტენტობით, სრულიად ურცხვადა და უტიფრად „სინდისის სასამართლოს“ გვიწყობს, „სირცხვილის კოცონზე“ გვხრუკავსა და გვწვავს ყოველ შაბათ საღამოს პირდაპირ ეთერში! ქმნის „დამაჯერებელ“ სურათს, რომ საერთოდ არ არსებობს ვინმე ძეხორციელი, არცა ქოცთაგანი და არცა არაქოცთაგანი, არც ერისა და არც ბერისა, არცა მამაკაცი და არცა დედაკაცი, არცა ჭაბუკი და არცა მხცოვანი, გვარამია-კვესიტაძის ინკვიზიციის მრისხანებასა და სასტიკ სასჯელს დაემალოს ან დაუსხლტეს! მართალია, ჯერ ეს ინკვიზიციური სასამართლო ოდენ ტელე-სასამართლოა და ვირტუალურია, მაგრამ როგორც ვარლამი იტყოდა: „გვაცალეთ ბატონო, გვაცალეთ!“
მიუხედავად ამ ბოროტი ჟინისა და დაუდგრომელი, ჭეშმარიტად ინკვიზიციური ენთუზიაზმისა, გვარამია ფაშისტი ნამდვილად არ არის. ოდენ, როგორც უწოდეს - „უნიათო ფაშისტია“. რატომ?
იმიტომ, რომ ფაშისტია გებელსი, ხოლო გვარამიას, გებელსობა კი მეტი რომ არ შეიძლება, ისე კი სწადია, მაგრამ რა ქნას, არც შეძლება აქვს, ე.ი. არც თოფი აქვს, არც ავტომატი, არც ზარბაზნები და ტანკები არა ჰყავს, არც ვერმახტი არ ემორჩილება, არც გესტაპო და არც აბვერი. რაც მთავარია, არც მასშტაბი ყოფნის! ეს დალოცვილი საქართველო „გებელსური რეიხის“ მასშტაბით ერთობ პატარა ქვეყანაა, თუმცა შეგახსენებთ, მისი „ფიურერი“ - ჩოყლაყი კი ნამდვილად ტრაბახობდა, „ცოტაცა და კინაღამ მესამე მსოფლიო ომი გავაჩაღეო!“
***
შენიშვნა, რომ ამ მძიმე ტერმინის გვარამიასთან დაკავშირებით, თუნდაც მეტაფორულად, თუნდაც „უნიათო ფაშისტის“ სახელდებითაც, გამოყენება მაინც არა „პოლიტკორექტულია“, ამდენად უადგილოც - შესაძლოა, სამართლიანიც იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუკი მართლაც ადექვატურად შეფასდება თავად გვარამიას ინკვიზიცია!
დარწმუნებული ვარ, ბ-ნი ირაკლი, როგორც უაღრესად სამართლიანი ადამიანი (მას დიდი ხანია კარგად ვიცნობ და ბევრი კეთილშობილური თვისებიდან, რაც მას ახასიათებს, სწორედ მის გამორჩეულ სამართლიანობას ვცემ ყველაზე დიდ პატივს!), ამასაც, ე.ი. პოლიკორეტულობის თვალსაზრისით ანგარიშგასაწევ შენიშვნასაც, გაითვალისწინებს და რაიმე სხვა ტერმინს გამოიყენებს. არჩევანი ფართოა, მაგალითად:
უცხოურად - „ფსევდო-ფაშიზმი“, „ფალშ-ფაშიზმი“, „კვაზი-ფაშიზმი“ და სხვ. და სხვ.
ისე, ვინაიდან ირაკლი შენგელაიას (წვერას) სკოლა მაქვს გავლილი, თავს უფლებას მივცემ, ბ-ნ ირაკლის (პარლამენტის თავმჯდომარეს) ცოტა წავეხმარები და რაიმე კომპოზიტურ ტერმინსაც სახელდახელოდ გამოვაცხობ: თუნდაც - „იმპოტენტ-ფაშისტი“, ანუ, „ჩამოლაბორანტების“ ვარიანტში - „იმპოფაშტენტი“. ჰა, რავარია? რაღაცით „პაშტეტს“ წააგავს, ე.ი. კულინარიულ ტერმინსაც მოგვაგონებს, ე.ი. გემრიელიც არის, ხოლო რაც გემრიელია, პოლიტიკორექტული როგორ არ იქნება?!
უცხორი თუ არ მოწონს ვინმეს, ჩვენებურად, ქართულად - „ვაი-ფაშიზმი“, „უი-ფაშიზმი“, „ცრუ-ფაშიზმი“, და სხვ. და სხვ. შეიძლება ვუწოდოთ. კნინობითი ფორმაც შეიძლება, თანაც, რადგან ბ-ნი ირაკლი რაჭველია, შესაბამისიც იქნება, მაგ: „ფაშისტუნა“; თუ ეს „ფაშიზმი“ საერთოდ უნდა გაქრეს დასახელებიდან და გვარამიასაც ღირსი პატივი უნდა მივაგოთ, კი ბატონო: „გვარამიზმი“, ან უმჯობესია - „ვარამიზმი“ დავარქვათ. ესეც კარგია: „გვ“ -ზე და გვარამიაზე, რატომღაც სულ „გმირთა ვარამი“ მახსენდება, მაგრამ სად ეს და სად „გმირთა ვარამი“? ამიტომ „გ“ და „ვ“ ამბივალენტურ გაცვლა-გამოცვლაში მოვაქციოთ და სახელად „ვირთა გვარამიც“ გამოდგებოდა! თქვენ რას იტყყვით? ვითომ ეს უფრო პოლიტკორექტულია, ვიდრე „უნიათო ფაშიზმი“?!
ისე, რუსულად უკეთ გამოდის, რადგან ნაცურ, ანუ არაკაცურ ხასიათს ყველაზე მეტად სწორედ რუსული ესადაგება: „ვირთა გვარამზე“ მართლაც ზედგამოჭრილი იქნებოდა, პირდაპირ დახატავდა - „პეტუხიზმი“; უფრო „მარილიანი“ ტერმინიც შეიძლება, თუმცა ეტიკეტს დავიცავ და აქ აღარ მოვიყვან...
ისე, შეიძლება რაიმე უფრო სპეციფიურიც დავარქვათ - „ფალშზ-ფაშიზმს“ რაც ერითმება და „პეტუხიზმსაც“ ეხმიანება , თანაც ქართულადაც ჟღერს. მაგ „ფარშევანგისტობა“...
მოკლედ, ძალიან აღარ გადაგღლით და სამუშაო ვარიანტად, რადგან წაიკულინარიულ- გემრიელებსა და მაშასადამე, პოლიტ-კორექტულიც იქნება, ისევ „იმპოფაშტენტს“ მივაწვები!
***
რასაკვირველია, თუ არც ერთი აქ გამოგონილი ტერმინი არ მოსწონს, ბ-ნ ირაკლის, უკეთესადაც და დემოკრატიისათვის სანიმუშოდაც კი, შეუძლია მოქცევა:
გამოვაცხადოთ საგრანტო კონკურსი არასამათავრობო ორგანიზაციებისათვის გვარამიას ინკვიზიციისათვის პოლიტკორექტული ტერმინის დასარქმევად! ცხადია, საკონკურსო კომისიაში ბოკერია ცოლითურთ აუცილებლად უნდა შევიყვანოთ, რადგან უკოაბიტაციო დემოკრატია, აბა, ვის და სად გაუგონია?! კოაბიტაცია კოაბიტაციად, მაგრამ საგრანტო კომისიის თავმჯდომარედ კი იმთავითვე უკონკურენტო ორ პრეტენდენტს, ე.ი. ხუხასა და ლაგაზას შორის, ცალკე კონკურსი იქნება მოსაწყობი. ოღონდ ფრთხილად, რადგან ეს ჩემის გვარამაა თუ ვარამა, ფარშევანგისტი თუ იმპოფაშტენტი, მაინც ინკვიზიციურად განსჯის და საჩვენებელი თითის ქნევით, თუ მაგიდაზე მუშტის დარტყმით არა, გამოაცხადებს: ამ გრანტისთვის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა წრეგადასული კორუფციააო და ხუხა-ლაგაზას თვალში უთუოდ მართალიც იქნება!