უკვე წლებია, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსული ანტიპროპაგანდის პოპულარულ თემად იქცა. საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ბრალდება ჯერ რუსმა გენერლებმა, შემდეგ კრემლმა აიტაცა და საქართველო უკვე მერამდენედ ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულეს.
უფრო მეტიც, იგორ გიორგაძემ გამოსავალსაც მიაგნო და დონალდ ტრამპს წერილით აცნობა, გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, სადაც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ. გიორგაძის მტკიცებით, საუბარია ცე ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ექსპერიმენტულ მკურნალობას დათანხმდნენ. მანვე წარადგინა სია, სადაც აღმოჩნდა, რომ თურმე 30 კაციდან, რომლებიც ცე ჰეპატიტზე მკურნალობდნენ, 24 ერთ დღეს გარდაიცვალა. შედეგად, იგორ გიორგაძეზე დაყრდნობით, რუსი სამხედროები ეჭვობენ, თითქოს ამერიკა საქართველოდან რუსეთზე ბიოშეტევას გეგმავს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის მტკიცებით, რუსულ დეზინფორმაციას მიზანში ამოღებული აქვს წარმატებული პროგრამები, რომლებსაც ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს. მათ შორის, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელზეც ლუგარის ლაბორატორია გარე კონტროლს ახორციელებს. ამ პროგრამის შედეგად, 3011 პაციენტი სრულად განიკურნა.
ასეთი არგუმენტების მიუხედავად, „მოწოდების სიმაღლეზე“ არიან პრორუსულად განწყობილი ონლაინგამოცემები. ისინი აქვეყნებენ ელექტრონულ მიმოწერებს, რომლებშიც ლაბორატორიის საწინააღმდეგო არგუმენტები, მართალია, არ იკითხება, მაგრამ კითხვა ჩნდება, საიდან ჩაუვარდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილი ელექტრონული მიმოწერა რუსეთს?!
„არამც და არამც ჩვენ ლუგარის ცენტრში არ ვაწარმოებთ ავადმყოფთა მკურნალობას, რაც თავის გამოსვლაში რამდენჯერმე აღნიშნა იგორ გიორგაძემ. ეს ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვისა და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია.
სინამდვილეში, ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას, ამოცნობას და ეპიდემიებთან ბრძოლის გზების დასახვას ემსახურებიან“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ 9 ამერიკელი სპეციალისტი მუშაობს, ხოლო რუსი მეცნიერები პერმანენტულად სტუმრობენ ამ ლაბორატორიას. რუსებს უმუშავიათ კიდეც ამ ლაბორატორიაში და, ამდენად, ყველაზე კარგად იციან რეალობა.
სამაგიეროდ, წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო, რა ხდებოდა ეშერის ლაბორატორიაში. თავის დროზე აფხაზეთის ბუნებრივ მღვიმეში მოწყობილ ეშერის ლაბორატორიასთან მიმართებით ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავდა, რადგან ეშერის ლაბორატორიაში მიწისქვეშ რამდენიმე დონეა, სადაც კაცმა არ იცის, რა ხდებოდა. ამ ეჭვების მიუხედავად, ქართველი მეცნიერები ეშერის ლაბორატორიაში რუსებს არ შეუშვიათ.
წლების წინ რუსულმა მხარემ ლუგარის ლაბორატორია „ზიკას ვირუსის“ ხელოვნურად გამოყვანაში დაადანაშაულა. იმ პერიოდში For.ge-სთან საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობდნენ ნახევარი მსოფლიოს წარმომადგენლები და იქ სახიფათო არაფერი ხდებოდა. „ზიკას ვირუსის“ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირება კი მხოლოდ ამ ლაბორატორიის საწინააღმდეგო კამპანია იყო რუსების მხრიდან, რომლის უკანაც ამერიკელის სახელი - რიჩარდ ლუგარი ეგულებოდათ. სწორედ ამ სახელმა დააფრთხო რუსები ისე, რომ დაავიწყდათ არა მარტო კრასნოდარში, არამედ აფხაზეთშიც „ზიკას ვირუსის“ გადამტანი კოღოების არსებობა. ამდენად, პაატა იმნაძე მოუწოდებდა რუსებს, თავიანთ კრასნოდარის მხარეში აღმოჩენილი კოღოსთვის მოევლოთ, რადგან ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო რუსებს იქაც ჰყავდათ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამძფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის თემას უფრო მოკლევადიანი მიზნები აქვს და რუსეთის მხრიდან გრძელვადიან სახიფათო მიზნებს არ უნდა ველოდოთ. უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანია საქართველოში მოახლოებული არჩევნების თემა და, მეორეა, იმ სკანდალის გადაფარვა, რომელშიც გაეხვია რუსეთი სკრიპალების მოწამვლის გამო.
„ყველას სჯერა, რომ სკრიპალები მოწამლეს რუსებმა აკრძალული ქიმიური ნივთიერებებით. რაში სჭირდება რუსეთს ამ ეტაპზე ჩვენთან შემოჭრა, სიმართლე გითხრათ, მე ვერ ამიხსნია. უბრალოდ, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ანტიკამპანიას აწარმოებს და საქართველოში ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განწყობის დანერგვას ცდილობს. რუსეთის მსგავსი ბოდვის არავის არ უნდა სჯეროდეს. მით უმეტეს, რუსეთის დელეგაცია ამ ლაბორატორიაში ბევრჯერ ყოფილა. ამით რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებისა და სკრიპალის საქმის გადაფარვას ცდილობს და სურს, ამერიკას შეედავოს, თითქოს ამერიკა ხალხს ქიმიური იარაღით ხოცავს. ალბათ, რუსებს იმის იმედი აქვთ, რომ ზოგიერთი არაინფორმირებული ხალხი არჩევნების წინ ამას დაუჯერებს“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა რუსეთის პროპაგანდის ნაწილია, რათა რაღაცები დასწამოს ამ ლაბორატორიას. თუმცა ეს ანტიპროპაგანდა საქართველოში არ მუშაობს. ეს ანტიდასავლური კამპანიაა და, თუ ვიღაც აშკარად პრორუსული აგენტურული ძალა არ არის საქართველოში, ამას არავითარი მხარდაჭერა არ ექნება ჩვენს საზოგადოებაში.
„არც ის მგონია, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რომელიმე კანდიდატის ინტერესში იყოს რუსეთის ეს ანტიდასავლური კამპანია. უბრალოდ, რუსეთი ახორციელებს პირდაპირ შეტევებს საქართველოზე და, ასევე, აქვს ფარული მოქმედებები“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.