„რასაც ლევან ყიფიანი ამბობს, ეს მას ღირსებას არ ჰმატებს- ჩვენ შევთანხმდით თაღლითობაზეო“

„რასაც ლევან ყიფიანი ამბობს, ეს მას ღირსებას არ ჰმატებს- ჩვენ შევთანხმდით თაღლითობაზეო“

რა გამოამზეურა სკანდალმა ლევან ყიფიანის მონაწილეობით და მართლაც შეაქცია თუ არა ზურგი „ქართულმა ოცნებამ“ თავის თანამებრძოლს, „ოცნებისთვის“ ღვაწლმოსილ ადამიანს - ლევან ყიფიანს?

ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინტერპრეტაციას უძებნის ამ სკანდალურ საქმეს გიორგი მარგველაშვილი. ის ამბობს, „დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს ლევან ყიფიანს... ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, იბრძოდა ჩვენთან ერთად, ის იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, ლევან ყიფიანთან ერთად ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, მაშინ კი ადეიშვილისა და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ“.

პრეზიდენტის თქმით, თანამებრძოლის გაწირვა არ შეიძლება და ეს ცუდად დაუბრუნდებათ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. ის აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი სურვილი არ აქვს, ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს.

„რას ნიშნავს, ზურგი შეაქცია? რომ არ გადავეფარეთ, თუკი მას რაიმე მართლაც აქვს ჩადენილი?“ - აინტერესებს გია ვოლსკის.

რაც შეეხება თავად ამ სკანდალური ჩანაწერების ფიგურანტს, სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს, ის აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა. ყიფიანის თქმით, ის და ზაზა ოქუაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიდა მოხმარებისთვის ყალბ ჩანაწერებს აკეთებდნენ იმის დასტურად, თითქოს „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა მიმდინარეობდა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როცა საუბარია ლევან ყიფიანისთვის ზურგის შექცევაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკასთან. პოლიტიკისთვის კი წარსული დამსახურება არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, სოსო ცინცაძის აზრით, ლევან ყიფიანი არასოდეს არ ყოფილა დიდი დამსახურების მქონე „ქართული ოცნებისთვის“. დამსახურება რომ ჰქონოდა, მას სპორტის მინისტრობას არ მიანდობდნენ, უფრო სერიოზულ თანამდებობას შესთავაზებდნენ.

„სპორტის მინისტრობაც მამამისის ხსოვნის საპატივსაცემოდ მისცეს. თორემ რომ შეხედავ, რომელი სპორტსმენი ეგ არის, ჩაპუტკუნებული დედას ბიჭია. რასაც ლევან ყიფიანი ამბობს, ეს მას ღირსებას არ ჰმატებს - ჩვენ შევთანხმდით თაღლითობაზეო. თაღლითობა ხომ მოხდა? ის ოხერი ფულიც ბანკიდან ხომ გავიდა? სად წავიდა ის ფული, ვისთან წავიდა? ეს ძალიან ჭუჭყიანი ისტორიაა და ყველა გასვრილია. ბიზნესზე ზეწოლას ამაში თეორიულად ვერ ვხედავ, მაგრამ გვარწმუნებენ, კონკრეტულ ბიზნესმენს 11-ჯერ გადავუვადეთ დავალიანებაო. მათი ადვოკატი კი ამბობს, ერთხელაც არ გადაგვივადეს, მოგვეცით საშუალება, გადავიხადოთ ეს ვალიო. არ ვიცი, მართლა ვალია, თუ ამის გადახდა უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია?!“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ლევან ყიფიანმა მძიმე დღეში ჩაიყენა თავი, როდესაც ისეთი განმარტება გააკეთა, რომლის დაჯერებაც ძალზე რთულია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი ნებით მონაწილეობდა რაღაც ფაბრიკაციაში, თანაც მონაწილეობდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირის სახელით. ამავდროულად, ის იყო „ომეგას“ თანამშრომელიც, მაგრამ კავშირი ჰქონდა ხელოსუფლებასთან და მაკომპრომატირებელ მასალებს აგროვებდა, სადაც მთავარი კომპრომატი მის წინააღმდეგ იქნებოდა.

„ეს გაუგებარი რამ არის, ლოგიკას არ ექვემდებარება. რაც შეეხება ბიზნესზე ზეწოლას, ჯერ ერთი, ეს არ არის ავთენტური ჩანაწერი, თავიდან ბოლომდე ფაბრიკაცია აღმოჩნდა; მეორეც, როცა ბიზნესზე ზეწოლაზე კაცი ლაპარაკობს და ამ კაცის ბიზნესს სახელმწიფოს წინაშე ამხელა ვალი აქვს, მისი განცხადება არ არის სანდო. გარდა ამისა, ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკური კამპანიის ჩარჩოში, მიდის „რუსთავი 2“-ზე, ღიად უცხადებს მხარდაჭერას ერთ-ერთ პარტიას და გამოდის მმართველი პარტიის საწინააღმდეგო პოზიციით. პირდაპირ ბრალს უყენებს კონკრეტულ პარტიას. ეს დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ისეთი ფონი არ არის, რომ ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, არის წვრილმანი დარღვევები, ასეთი რამ ყველა ქვეყანაშია, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე ყურით მოთრეულია. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ამ საქმეში გარევა ყოველგვარ ფანტაზიის სფეროს სცდება. ამის წარმოდგენაც არ შეიძლება“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში.