ბოლო 2 კვირის განმავლობაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა და სამივეში ის კანდიდატი იმარჯვებს, ვისი დაკვეთითაც არის კვლევა ჩატარებული. ერთადერთი შედეგი, რაც სამივე კვლევას საერთო აქვს, ისაა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ გამოვლინდება.
პოლიტოლოგების თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგს არც ერთი კვლევა არ დაემთხვევა იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვების მიზანი პროპაგანდა და დამკვეთი ძალის ამომრჩევლის მობილიზაციაა და არა რეალური პროგნოზირება. თუმცა ექსპერტები ერთ რამეში თანხმდებიან - რომ მეორე ტურის ალბათობა ძალიან დიდია და მეორე ტურში ისევ ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს.
პრეზიდენტობის კანდიდატების სამი განსხვავებული რეიტინგი ასეთია:
27 სექტემბერს გამოქვეყნდა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული კვლევა. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს აქვს 22%, "ევროპული საქართველოს" კანდიდატ დავით ბაქრაძეს - 18%, "ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს - 15%.
კვლევის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა დიდია და თუ ერთ-ერთი სუბიექტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, მეორე ტურში 24%-ზე მეტს ვერ აგროვებს და ვაშაძესთანაც მარცხდება და ბაქრაძესთანაც.
4 ოქტომბერს გამოქვეყნდა "ევროპული საქართველოს" დაკვეთით კომპანია "ბი-ჯი-სის" მიერ ჩატარებული კვლევა. აქაც პირველ-მეორე ადგილებს ბაქრაძე და ვაშაძე ინაწილებენ. დავით ბაქრაძე - 13,2%, გრიგოლ ვაშაძე - 13%, სალომე ზურაბიშვილი - 10.2%. ამ კვლევითაც, თუკი მეორე ტურში ზურაბიშვილი გავა, ის წააგებს.
იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, კვლევა გამოაქვეყნა "გირჩმაც". პირველ ადგილზე სალომე ზურაბიშვილია - 15.2%, მეორეზეა პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - 13,2%. შემდეგაა გრიგოლ ვაშაძე - 11.5%. ამავე კვლევით, მეორე ტური გაიმართება და ზურაბიშვილი ჯაფარიძესთანაც მარცხდება და ბაქრაძესთანაც. კვლევა "გირჩის" დაკვეთითა და დაფინანსებით კომპანია ოგვ-მა ჩაატარა.
"ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ შიდა კვლევა მათაც აქვთ ჩატარებული, რომლის გასაჯაროებას არ გეგმავენ და, ამ კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იგებს.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოში სოციოლოგიური კვლევები პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იქცა, ვიდრე პროგნოზირების ინსტრუმენტად, პრინციპით - ვინც იხდის ფულს, ის იგებს, რაც ამ ინსტიტუტის სანდოობას კიდევ უფრო აკნინებს.
"ჩემი შეხედულებები კვლევებს არ ემყარება, არამედ საკუთარ გამოცდილებას და ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო კანდიდატი ამ არჩევნებზე ყველა შემთხვევაში პირველ ადგილზე გავა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის ე.წ. ნეგატიური არჩევნები.
"თუ დავაკვირდებით კვლევებს, კანდიდატებს, ფაქტობრივად, ერთნიშნა რეიტინგი აქვთ, ან ცოტა მეტი. ანუ, მათ ნატურალური მხარდამჭერები არ ჰყავთ და ყველა სამობილიზაციო რესურსის იმედზეა. სამობილიზაციო რესურსი ის ხალხია, ვისაც არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს, მაგრამ მზად არიან, ერთჯერადი კონტრაქტით ვიღაცას გადაუგდონ ხმა. როდესაც ამომრჩეველი ასეა განწყობილი, იმას მიაქვს სამობილიზაციო რესურსი, ვისაც ეს რესურსი მეტი აქვს და აქ ხელისუფლებას, ბუნებრივია, აშკარა უპირატესობა აქვს.
"შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს ნატურალური მხარდამჭერი მართლაც არ ჰყავს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციული რესურსის, ორგანიზაციული რესურსის, ფინანსური რესურსის იმედი აქვს, რაც, ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვს. ამ რესურსის შედეგად ზურაბიშვილი პირველ ადგილზე გავა, დაუმსახურებლად, დაბალი ლეგიტიმაციით, მაგრამ ტექნიკურად ამოცანა შესრულდება. სხვა საკითხია, ეს პირველსავე ტურში მოხდება, თუ - არა. მეორე ტურის ალბათობა არსებობს," - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, "ზურაბიშვილი მთელი კამპანიის დროს საქართველოდან რომ გამქრალიყო, მისი შედეგი უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ახლაა, როდესაც კამპანიის პირობებში ამდენი სისულელე და სკანდალი მოხდა":
"მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მას მაინც ვერ აჯობებს, რადგან ოპოზიციაც დისკრედიტირებული და კომპრომეტირებულია."
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სამივე კვლევას პოლიტიკური საფუძველი აქვს და ამიტომაც ყველა კვლევაში დამკვეთის კანდიდატია პრიორიტეტული და გამარჯვებული, რის გამოც არც ერთი არ ტოვებს ობიექტურობის განცდას.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში მათი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. ამიტომაც მათი მთავარი ინტერესია, რომელი გავა მეორე ადგილზე და ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა.
"აშკარაა, რომ მეორე ტურის ალბათობა ძალიან მაღალია და, ასევე, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში გავა მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა მას შემდეგ, რაც კამპანია დაიწყო და ცნობილი განცხადებებით გამოვიდა.
"მიმაჩნია, რომ საბოლოო საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტი იქნება შემდეგი კვირა. ჯერჯერობით ლიდერობს სამი კანდიდატი - ზურაბიშვილი, ვაშაძე და ბაქრაძე, ბაქრაძისა და ვაშაძის მთავარი მიზანი კი უფრო ისაა, რომელი გავა მეორე ადგილზე და ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა.
"ორივე ოპოზიციურმა კანდიდატმა ძალიან კარგად იცის, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილთან წააგებენ. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ზურაბიშვილთან ერთად მეორე ტურში გასვლა. ისინი მეორე ადგილისთვის იბრძვიან. ამაზე მეტყველებს ნიკა გვარამიას განცხადებაც, რომელიც ზურაბიშვილის პირდაპირი მხარდაჭერაა. როდესაც საზოგადოებას აშინებ - მოვალთ თუ არა, მის მხარდამჭერებს სუყველას დაგიჭერთო, საზოგადოებაში კი ისედაც შიშია, რომ თუ "ნაციონალები" დაბრუნდებიან, რევანშს აიღებენ, ასეთი განცხადება ზურაბიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
"გვარამიამ ეს ძალიან კარგად იცის და სწორედ ამიტომაც თქვა ასეთი რამ, რომ მეორე ტურში გავიდნენ ზურაბიშვილი და ვაშაძე და არა ბაქრაძე და ვაშაძე, ან ბაქრაძე და ზურაბიშვილი. "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც ამგვარ განცხადებებზე არ რეაგირებს და ისინი არჩევნებზე ვაშაძეს დაუჭერენ მხარს. ამიტომ გვარამიას ამ განცხადებით "ნაციონალები" ამომრჩეველს არ კარგავენ, მაგრამ იმ ხმებს, რომელიც შეიძლება "ქართული ოცნებიდან" წავიდა და მერყეობს, სახლში დარჩეს თუ შედარებით ლიბერალურ ბაქრაძეს დაუჭიროს მხარი, "ოცნებასთან" დააბრუნებს, რაც ბაქრაძეს მეორე ტურის მიღმა დარჩენას უქადის," - ამბობს ძაბირაძე.