ფარული ჩანაწერები; ბიზნესსზე ზეწოლა; რეკეტი; სარდაფი; გაუპატიურება; მოღალატე – ხელისუფლების შეცვლიდან 7 წლის თავზე ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ იმ მეთოდით უპირისპრდებიან, რა მიზეზითაც ქართველმა ამომრჩეველმა „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა. ახალი კონსტიტუციით, რომლიც არჩევნების შემდეგ ამომქმედდება, ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება მინიმუმადეა დაყვანილი, ამის მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნები რთულ და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბატონო რამაზ, როგორ ხსნით საპრეზიდენტო კამპანიის სიმწვავეს? კანდიდატები არ ერიდებიან პიროვნულ დაპირისპირებას და ამ შემთხვევაში თავდასხმის ობიექტი არის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი...
რამაზ საყვარელიძე: ჩვენ დღეს რომ ვირჩევდეთ არა ქვეყნის პრეზიდენტს, არამედ პრეზიდენტის სასახლის დარაჯს, იგივე სიტუაცია იქნებოდა, რადგან ერთ–ერთი მთავარი მოტივი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამოძრავებს, ეს არის „ქართული ოცნების“ დამარცხება.
სურვილი გასაგებია, მაგრამ რამდენად აქვს შანსი დაამარცხოს მმართველი გუნდი?
– შანსი ექნებათ, თუ ზურაბიშვილი ვერ მოიპოვებს ხმების საჭირო რაოდენობას. მაშინ წამყვან ფიგურად დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და მერე უკვე, როგორც პირობას დებს, ეს კანდიდატი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია, ჩამოიყვანს ვინც ჩამოსაყვანია, ციხიდან გამოიყვანს ყველას და ა.შ.
აშკარაა, რომ ნაციონალები რევანშისთვის ემზადებიან და ამისთვის მიდიან ყველაფერზე, ხოლო რაზეც არის წამსვლელი ეს პარტია, ამას კარგად ვხედავთ. რეალურად, ეს არის არჩევნები მომავალი რეაბილიტაციისთვის, ოღონდ „ნაციონალების“ მხრიდან. ამიტომ „ნაციონალები“ აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. მათ კი შეუძლიათ მხოლოდ ჭუჭყის დაყრა. პოზიტიურსაც კი, რასაც სთავაზობენ ამომრჩეველს, ისიც ტყუილია, მაგალითად - პენსიების და ხელფასების გაზრდა, რაც არ არის პრეზიდენტის პრეროგატივა.
საინტერესოა ისიც, რომ გრიგოლ ვაშაძეს მსგავსად პენსიებისა და ხელფასების ზრდაზე აკეთებდა აქცენტს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი,დავით ბაქრაძე, მაგრამ დღეს მისი მთავარი გზავნილია სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება...
– როდესაც დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ კანდიდატები იტყუებიან და პრეზიდენტს ფუნქცურად არ აქვს უფლება პენსიების და ხელფასების მომატების, ამის შემდეგ დაიწყეს სხვა მიმართულების ძებნა და გამოძებნა ბაქრაძემ ახალი ნიშა, რომ პრეზიდენტს ექნება თავისი ფონდი და იმ ფულს სტუდენტებს დაახარჯავს. რომ ეთქვა პენსიების დავახარჯავ საპრეზიდენტო ფონდსო, გაჩნდებოდა კითხვები – როგორ? მაგრამ პოზიცია იქნებოდა ლოგიკური.
ახლა ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ოღონდ ხმები მოიპოვონ და ფრაგმენტულად უჩნდებათ პუნქტები იმისა, რას აფინანსებენ და რას არა. არ არის ერთიანი, გამართული სისტემა, კონცეფცია იმისა, როგორ მოიქცევა „ევროპული საქართველო“. „ნაციონალური მოძრაობა“ კი არც მაგაზე იწუხებს თავს.
როგორ ფიქრობთ, სიძულვილის ასეთი მაღალი დონე, რასაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქვს ადგილი, რას აძლევს ოპონენტებს? მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის მიმართ არ არის აღფრთოვანება ამომრჩევლებში, ასეთი აგრესიული და ბინძური კამპანიის ფონზე აგრესია იმატებს ოპონენტების მიმართ...
– რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან ნაციონალების მიმართაც გაიზრდება აგრესია. ამ ნაბიჯების შედეგად, იქნება უარყოფითი დამოკიდებულება. საზოგადოებას ჯერ კიდევ ცუდი დამოკიდებულება აქვს ამ პარტიის მიმართ. ხედავს ამომრჩეველი რას ნიშნავს როდესაც პოლიტიკა ღალატობს ზნეობას. ოღონდ ერთი არის – თქვენ იკითხეთ რატომ? – მათ სხვანაირად არ შეუძლიათ. მათ არ აქვთ რაიმე ჩანაფიქრი, რომ ასეთი აგრესიული კამპანიით რაღაცა შედეგს მიიღებენ, უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლიათ და ეს არის მთელი პრობლემა. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იმის, რომ ასეთი აგრესიულები არიან, სწორედ ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ არააგრესიულად მოქმედება. შესაბამისად, ისინი აგრესიულები იქნებიან მერეც, რა თქმა უნდა, თუკი მოვლენ ხელისუფლებაში.
როდესაც კეთდება მოწოდება, რომ ზურაბიშვილი არის მოღალატე, რომ დაისჯება მისი ამომრჩეველი, ეს ალბათ არის ამომრჩევლის მიზანმიმართული რადიკალიზაცია. იგივე სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის არჩევა არის სახელმწიფოს ღალატი. ამას ამბობს ადამიანი, რომლის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ რა მნიშვნელობა აქვს ჯიბეში რუსული პასპორტი ედება თუ არა, რადგან სულით რუსია. საერთოდ ამ ორგანიზაციის მხრიდან რამდენად სწორად არის გათვლილი ფრაზა – მოღალატე და რაზეა ეს გათვლილი? იყიდის დასავლეთი, რომელიც კარგად იცნობს ზურაბიშვილს და მის მოღვაწეობას საქართველოში? იგივე, რუსული ჯარის გაყვანას ისინი არ თვლიან ზურაბიშვილის დამსახურებად, ამბობენ, რომ ხელშეკრულების ვადა გადიოდა და უნდა გასულიყო, მაშინ, როდესაც რუსეთი ხელშეკრულებებს არ ცნობს, მთავარია მას რა უნდა...
– სწორი აქცენტია, რადგან ჩვენ გვინახია, რომ რუსეთს უკაცრავად, მაგრამ ფეხებზე დაუკიდებია ხელშეკრულებები. ახლაც მაგას ვჩივით, რომ 2008 წელს ნაკისრ ხელშეკრულებას არ ასრულებსო და რა, იმ ხელშკრულების არშესრულება გაუჭირდებოდა? ამიტომ, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ჩემთვის არადამაჯერებელია ამ კუთხიდან კამათი. ბევრი დეტალია კიდევ, რომელიც ემატება იმ მოსაზრებას, რომ ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის ჯარები გაეყვანა საქართველოდან, მაგრამ თქვენ რასაც კითხულობთ – რატომ? ვიმეორებ, სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამ პარტიას არ შეუძლია სხვანაირად, აგრესიის გარეშე არ შეუძლიათ, ეს მათი სავიზიტო ბარათია.
მათ პოზიციას აქვს თავისი ლოგიკა, კერძოდ, მათ არ აინტერესებთ დიდი ჩანაფიქრები, თუნდაც რამოდენიმე ხმაც რომ გამოგლიჯონ ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, ეს შედეგის მომტანი იქნება მათთვის, რადგან სხვა არაფერი შეუძლიათ შემოგვთავაზონ. კანდიდატად რომ შემოგთავაზებენ ადამიანს, რომელიც საკამოდ ადვილად შეიძლება დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, რაზეა ლაპარაკი. რესურსები არ აქვთ, არც იდეები არ აქვთ, ამიტომ მოქმედებენ ისე, როგორც შეუძლიათ.
იგივე ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანას მართავს კრიმინალური კლანი, რომელიც ძარცვავს საკუთარ მოსახლეობას, ეწევა ბიზნესის რეკეტს, დევნის თავისუფალ სიტყვას და გეგმავს ნარკოტიკების მასშტაბურ წარმოებას ქვეყანაში – ამ ლოგიკას შეიძლება გაჰყვეს ამომრჩეველი, ან იგივე დასავლეთი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება ძირითადად დასავლეთისთვის კეთდება და მეორეხარისხოვანია ქართველი ამომრჩეველი...
– ამ შემთვევაში განაცხადი ქართველი ამომრჩევლისთვისაც კეთდება, რადგან ხმები ჭირდებათ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ ადამიანებთან დიალოგში ნებისმიერი ასეთი პოზიცია იქნება მხარდაჭერილი. ამ რიტორიკით მომხრეების რაოდენობა არ გაიზრდება, მაგრამ თავის მომხრეებს შემოიკრებენ და იქნებიან კმაყოფილი. თუ აღმოჩნდება, რომ ბევრია, მერე სხვა სცნერაზე გადავლნენ, დაიძახებენ, რომ აი, ქუჩაში რამდენია და რახან ვერ გავიმარჯვეთ ე.ი. არჩევნები გაყალბდაო. ასე რომ, ეს რაუნდი კიდევ წინ გვაქვს.
ამ დაპირისპირების ფონზე სოციალურ ქსელში გაჩნდა ასეთი შეფასება, რომ ოპოზიციური კანდიდატებიდან ყველაზე პოზიტიურია დავით უსუფაშვილი და, რომ, სწორედ, მისი ამოხაზვა იქნება სწორი არჩევანი. ამ აგრესიულმა კამპანიამ უსუფაშვილის როლი რამდენად გაზარდა? არის ასეთი შეფასებაც, რომ მან როგორც პოლიტიკოსმა აჩვენა, რომ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს პატიოსანი და არ იყოს კორუფციაში გარეული...
– კორუფციაში არ არის გარეული, მაგრამ პოლიტიკაში არ არის გადასარევი. მარტო კორუფცია ხომ არ არის ამ ქვეყანაზე, პოლიტიკაც ხომ უნდა იცოდეს ადამიანმა, როცა პოლიტიკასთან აქვს საქმე. როდესაც „რესპუბლიკელების“ ლიდერი იყო უსუფაშვილმა, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკელებმა გვანახა, რომ პარტნიორობა მათ ვერ შეძლეს, პრეტენზიულები იყვნენ და ფაქტიურად რესპუბლიკელების გამო დაიშაკა კოალიცია. როცა პოლიტიკოსს იმის გათვლა არ შეუძლია, რა არის მისთვის მომგებიანი და არამომგებიანი, სწორად გათვლის რა არის ქვეყნისთვის მომგებიანი და არა?
რასაც უსუფაშვილი იძახის – ყველანი კარგები ვიყოთ, დაახლოებით ასეთია მისი გზავნილი, კარგია, რომ ვიყოთ კარგები, მაგრამ როგორ უნდა ვიყოთ კარგები, როგორ უნდა შეიცვალოს ეს ვითარება, ამის მოდელი უსუფაშვილს არ აქვს. ამდენად, ის პოლიტიკურად პროდუქტიული ვერ იქნება. ვერ მიიღებს საკმარის რაოდენობას, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ყოველთვის დაბალი რეიტინგი აქვს. ამიტომ მეეჭვება, რომ მოსახლეობისთვის მიმზიდველი გახდეს დავით უსუფაშვილის კანდიდატურა.