დიდმა ბრიტანეთმა ერთ დღეში რუსული სამხედრო დაზვერვის – გრუ-ს 305 თანამშრომელი გაშიფირა, პასპორტის მთელი მონაცემებით და ტელეფონის ნომრებით, თან, ეს ყველაფერი რუსეთის საგზაო პოლიციეს არც თუ ძნელად ხელმიწასვდომი მონაცემთა ბაზის მეშვეობით. ეს ინფორმაცია რუსული გამოცემებისთვისაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა და შეფასდა, როგორც უპრეცედენტოდ მასშტაბური ჩავარდა და შავი დღე რუსული სამხედრო დაზვერვისათვის.
4 ოქტომბერს ჰოლანდიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა გამოვლენილი გრუ-ს 4 აგენტის სახელი და გვარი, რომლებიც ჯერ კიდევ აპრილში ჰააგაში გამოაშკარავდა. ამის შემდეგ ორმა ბრიტანული გამოცემა, Belingcat და The Insider ავრცელებს ინფორმაციას გრუ-ს 305 თანამშრომლის შესახებ, რომელთა მონაცემები ნახეს რუსეთის საგზაო პოლიციის მონაცემთა ბაზაში.
ეს სწორედ ის გამოცემებია, რომლებმაც გაშიფრეს სკრიპალების მოწამვლის საქმეში ბრალდებული გრუ-ს ერთი ოფიცრის ნამდვილი სახელი, გვარი და მის მთელი ბიოგრაფია. ამჯერად კი გამოცემები წერენ, რომ მიაგნეს და გაშიფრეს გრუ-ს თანამშრომლების მონაცემები. ერთ დღეში გაიშიფრა, არც მეტი, არც ნაკლები - 305 რუსი აგენტი.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ერთ-ერთი რუსული სამხედრო ნაწილის მისამართზე, სამხედრო ნაწილი #26165-ზე, რომელიც ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებული გრუ-ს განყოფილებაა, დარეგისტრირებულია 305 თანამშრომლის ავტომობილი, რომელთა შორის არის ჰოლანდიის სადაზვერვო სამსახურის მიერ აპრილში გამოვლენილია და გაძევებული გრუ-ს ოფიცერი ალექსეი მორენეციც.
რუსი აგენტების გამოვლენა საგზაო პოლიციის შედარებით ადვილად ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის მიხედვით გახდა შესაძლებელი, სადაც ჩამოთვლილია სახელი და გვარები, პასპორტის მონაცემებით და ტელეფონის ნომრებით და მათგან ბევრია, ვისაც სამუშაო ადგილად სწორედ ის სამხედრო ბაზა აქვს მითითებული, რაც ჰოლანდიის მიერ უკვე გამოვლენილ გრუ-ს აგენტს - მორენეცს.
მედია წერს, რომ დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ სწორედ ეს სამხედრო ნაწილია მხილებული ბოლო წლების ყველაზე სკანდალურ ჰაკერულ თავდასხმებში და უკვე მათი ვინაობა, სახელები, პასპორტის მონაცემები და ტელეფონის ნომრები - ყველაფერი გაიშიფრა.
ცნობისათვის, ალექსეი მორენეცი ჰოლანდიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ აპრილში გააძევა დანარჩენ სამ რუს მოქალაქესთან ერთად, რომლებიც, ჰოლანდიის მხარის მტკიცებით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წინააღმდეგ ჰაკერულ თავდასხმას ცდილობდნენ. თავდასხმის მცდელობა 13 აპრილს ჰააგაში მოხდა, ერთი თვის შემდეგ, რაც სოლსბერიში ქიმიური იარაღით მოწამლეს მამა-შვილი სკრიპალები და ერთი კვირის შემდეგ, რაც სირიაში ქიმიური შეტევა განხორციელდა. ეს ორგანიზაცია კი ამ საკითხებს იძიებდა. ჰოლანდიის ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაცხადა საჯაროდ, რომ გაძევებული რუსეთის 4 მოქალაქე გრუ-ს აგენტები იყვნენ.
ასევე ვარაუდია, რომ ჰოლანდიის სპეცსამსახურების მიერ გამოვლენილი აგენტებიდან ერთ-ერთი ნამყოფი იყო მალაიზიაში, სადაც ცდილობდა ინფორმაციის მოპარვას საერთაშორისო ჯგუფისგან, რომელიც მალაიზიის ბოინგის დონეცკში აფეთქებას იძიებდა. პლუს, მონაწილეობდა მალაიზიაში პროკურატურისა და პოლიციის კიბერთავდასხმაშიც.
ასევე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გრუ-ს 7 ოფიცერს წაუყენა ბრალი, მათგან 4 ჰოლანდიის მიერ გამოაშკარავებული აგენტია, სამს კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ბრალდება.
ბრიტანული „ინსაიდერი“ წერს, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში გაიშიფრა ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრემლის ჰაკერული ჯგუფი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურობდა და ამ ახალი გაშიფრული მონაცემებით დადგინდა, რომ ისინი სწორედ #26165 სამხედრო ნაწილის თანამშრომლებად ირიცხებიან.
ჰაკერების ამ ჯგუფის სამიზნე კი იყო თეთრი სახლი, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, ლატვიის ესტონეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. ასევე საინფორმაციო საშუალებების რედაქციები. ჰაკერების იგივე ჯგუფი თავს დაესხა დაესხა ათეულობით რუსი ჟურნალისტს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს.
რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმაზე განცხადებები გაკეთდა ევროკავშირში, ნატოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებაში. დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია, მოკავშირეების მხარდაჭერით, რუსეთს ადანაშაულებენ საომარი მოქმედებების დაწყებაში და საპასუხო სწრაფი რეაგირებაც დააანონსეს.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი მასშტაბური ჩავარდნა რუსულ დაზვერვას ჰქონდა 1982 წელს, როცა ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს დაახლოებით 200-ზე მეტი მაშინდელი სუკ-ის, პირველი სადაზვერვო სამმართველოს აგენტურა, რაც ლეგალური რეზიდენტურაა და მაშინაც ეს დიდი სკანდალი იყო და დიდი სკანდალია ახლაც.
ექსპერტის ვარაუდით, დიდი ალბათობით, ახლა უფრო ლეგალური სადაზვერვო სტრუქტურის წარმომადგენლები არიან, თუმცა, ამის მიუხედავად, „ეს ძალიან სერიოზული ჩავარდნაა ნებისმიერი სპეცსამსახურების დონეზე“.
გარდა ამისა, მაისაიას თქმით, „თუ მათი იდენტიფიცირება პასპორტებით მოხდა, ეს არ ნიშნავ,ს რომ ისინი სხვა სახელებითაც არ მოქმედებენ“.
„ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის. სულ მცირე 3-დან 5 წლამდეა საჭირო, რომ ახალი აგენტი მოამზადო და შეგზავნო სხვა ქვეყანაში. ბრიტანელებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ამდენად, ამას პასუხი აუცილებლად მოჰყვება.
„ეს ფაქტობრივად დიპლომატიური ომის გამოცხადებაა. რეზიდენტები ბრიტანელებსაც ჰყავთ რუსეთში და რუსებსაც ჰყავთ ბრიტანეთში. ამიტომაც ახლა ამას აუცილებლად მოჰყვება სარკისებური დარტყმა რუსეთის მხრიდან და ბრიტანელი რეზიდენტების გამოვლენაც, რომლებიც მუშაობენ ბრიტანული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლობების საფარ ქვეშ და დიდი ალბათობით, ვიღაცებს გააძევებენ,“ - აღნიშნავს მაისაია.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ არ არის გამორიცხული რუსეთი აგრესიულ ნაბიჯებზეც, აქტიურ დივერსიულ ქმედებებზე გადავიდეს და დასავლეთის ქვეყნებში ცნობილი ადამიანებზე, ლიდერებზე თავდასხმების მცდელობები კიდევ ვნახოთ.