დაარსების დღიდან Acer მაღალტექნოლოგიური სექტორის ნოვატორი კომპანიაა. იმისათვის, რომ თავისი მისია შეასრულოს და ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ბარიერი დაძლიოს, კომპანია აწარმოებს უახლეს, მარტივ და საიმედო ტექნიკას, რომელმაც სახელი მთელს მსოფლიოში უმოკლეს დროში გაითქვა.
პირველი ტაივანელი
1976 წელს ოთხმა მეგობარმა და თანამოაზრემ - სტენ შიმ, კაროლინ იემ, ჯორჯ ჰუანგმა და ფრედ ლიმ დაარსეს კომპანია Multitech, რითაც, შეიძლება თამამად ითქვას, საფუძველი ჩაუყარეს ტაივანის კომპიუტერულ წარმოებას. კომპანიამ, რომელის Acer-ის წინამორბედი გახლდათ, თავისი მოღვაწეობა პროექტირებითა და Hong Ya Training School-ის აკადემიაში ტაივანელ ინჟინერთა მომზადებით დაიწყო.
80-იანი წლების დასაწყისში, პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე ძირითადად მხოლოდ ძალიან ძვირი და უზარმაზარი გამომთვლელი მანქანები არსებობდა. მსოფლიო ბაზარი მოუთმენლად ელოდა ხელმისაწვდომი პერსონალური კომპიუტერის გამოჩენას, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნილების შესაბამისი იქნებოდა. ინტეგრალური მიკროსქემების ტექნოლოგიების სფეროში მიღწეული წარმატებების წყალობით Multitech-მა შეძლო კომპაქტური ელექტრონული კომპონენტების შექმნა. შედეგად, გამოუშვა Micro-Professor - წიგნის ოდენა მიკროკომპიუტერი, რომელიც 100 ამერიკული დოლარი ღირდა, ანუ, ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო.
Micro-Professor-ს წილად დიდი მოწონება ხვდა. იგი ძალიან პოპულარული გახდა და დიდი რაოდენობით იყიდებოდა. ამ წარმატებამ Multitech-ს საშუალება მისცა ახალი პროექტები განეხორციელებინა და შეექმნა ახალი კომპიუტერი, რომელიც IBM-ის სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. ასე რომ, მომავალი წარმატებისათვის მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო.
პროგრესირებადი ნოვატორი
1987 წელს Multitech-ს სახელი გადაერქვა და Acer ეწოდა. ახალი სახელწოდება ბევრი სხვა ვარიანტიდან იქნა არჩეული. გარდა იმისა, რომ სიტყვა Ace-ის - „პროფესიონალი“ შესატყვისია, ლათინურად Acer „ენერგიულსა“ და „აქტიურს“ ნიშნავს. ახალი ლოგოტიპი კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანების მიერ ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვას სიმბოლიზირებდა. ამ იდეამ გამოხატულება Acer-ის შემდგომ მისიაში ჰპოვა, რომელიც ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ბარიერის დაძლევაში მდგომარეობს.
90-იანი წლების დასაწყისიდან გასული საუკუნის ბოლომდე Acer უდიდეს ყურადღებას უთმობდა თავის მთავარ მომართულებას - გამომთვლელი ხელსაწყოების წარმოებას. ახალ ათასწლეულს კომპანიის გარდაქმნა და სახეცვლილება მოჰყვა. 2000 წლიდან მწარმოებელი კომპანია და Acer-ის მარკით პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გამტანი კომპანია ერთმანეთისაგან სულ უფრო დამოუკიდებელი ხდებოდნენ. ჰოლდინგური სტრუქტურის განვითარებას და ახალ საინვესტიციო სტრატეგიას Acer-ის შემდგომ ევოლუციაში დიდი როლი უნდა შეესრულებინა.
Acer-მა თავისი ძალისხმევა საკუთარი სავაჭრო ნიშნის პოპულარობის გაზრდისაკენ მიმართა. ამასთან, გარკვეულწილად შეცვალა პრიორიტეტები და აქტიურად დაიწყო ჩინური, ინდური და ამერიკული ბაზრების დაპყრობა. ეგზომ მასშტაბური და პერსპექტიული ბაზრების სამომხმარებლო რესურსის მოპოვებამ კომპანიას ახალი ტექნოლოგიების შესაქმნელად მნიშვნელოვანი ფინანსური საფუძველი შეუქმნა.
Acer-ის სწრაფი გაფართოვების შედეგი გახდა კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რეორგანიზაცია. 2002 წელს მისი ევროპული, აფრიკული და ახლო აღმოსავლური განყოფილებები გაერთიანდა და შეიქმნა Acer EMEA. მისი წარმომადგენლობები გაიხსნა დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში, აღმოსავლეთ ევროპის ძირითად ბაზრებზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკასა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
კომპანიის წარმატების საფუძველი დახვეწილი მარკეტინგული სტრატეგია, გლობალური სტრუქტურების სწორი მართვა, მთელს მსოფლიოში კლიენტთა მომსახურების ეფექტური სტრატეგია და ნოვატორული, მომგებიანი, სტაბილური ბიზნეს-მოდელია, რომელიც საუკეთესო სავაჭრო პარტნიორებთან მუშაობას ითვალისწინებს. შედეგად, Acer მსოფლიო ბაზარზე თავის წილს ყოველწლიურად ზრდის და ნოუთბუქების გაყიდვების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მხრივ მესამეა.