დღევანდელი წერილი-მოგონების მთავარი გმირები გამოჩენილი ქართველი მწერლები იქნებიან. ისტორიამ მათ შესახებ არაერთი მოგონება შემოგვინახა. ზოგიერთი მათგანი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია და დღეს ამ „დანაკლისის“ ნაწილობრივ აღდგენას შევეცდებით.
ილიკო ორბელიანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა იყო. მაგრამ ბავშვობიდან თანშეზრდილსა და თანატოლ დედის ძმას მისი მეგობარი უფრო ეთქმოდა. ერთ კლასში სწავლობდნენ და ერთ მერხზე ისხდნენ.
გენიალური პოეტი თანამედროვეთა შორის კვიმატი ენით იყო ცნობილი. ბარათაშვილის მწარე ენის ადრესატი და მისი ოინების „მთავარი გმირი“ ილიკო ორბელიანი არაერთხელ გამხდარა. ერთხელ თბილისელი ლამაზმანების გარემოცვაში მყოფი ილიკო ისე გააპამპულა, რომ გამწარებულმა ბიძამ საყვარელი დისწული დუელში გამოიწვია. ამით ბარათაშვილს კიდევ ერთი ოინის მოწყობის საშუალება მისცა, რომელშიც პოეტმა მთელი მისი სამეგობრო ჩართო. გადაწყვიტეს, დამბაჩები ფუჭი ტყვიებით დაეტენათ. დანარჩენი კი პოეტის ფანტაზიას მიანდეს.
დაინიშნა დუელის დღე. „სეკუნდანტებმა“ თავიანთი ადგილი დაიკავეს. ხოლო დუელანტი ნათესავები ბარიერთან დადგნენ. ილიკომ დისწულს განგებ ააცილა. გაისმა სროლის ხმა და ბარათაშვილი მოცელილივით დაეცა. ილიკო ორბელიანი ახლაღა მოეგო გონს. თავში ხელი იტაცა, – ნუთუ შეცდა?! მიწაზე უძრავად მწოლიარე დისწულს მივარდა. ცრემლმომდგარი გულში იკრავდა „უსულო ცხედარს“. თუმცა გარეგნულად სისხლის კვალს ვერსად ამჩნევდა. ხელით უსინჯავდა მთელ სხეულს. უცებ ხელი ბარათაშვილის ქურთუკის ჯიბეზე მოუხვდა და ყურში ჩაესმა: „ჯიბიდან ხელი აიღე, შიგ ქიშმიში მიყრია და არ ამომაცალო“. ჯერ გაოგნდა ილიკო, შემდეგ თვალგახელილი და მოცინარი ბარათაშვილი რომ დაინახა, სიხარულისგან ატირდა, ხოლო როდესაც მის სმენას ირგვლივ მყოფთა ხარხარი მისწვდა, მიხვდა, რომ მორიგი ოინის მსხვერპლი გახდა. ხელი ხმალზე იტაცა და ალბათ, მართლა მოკლავდა, რომ არ გაეკავებინათ.
ვაჟა-ფშაველას ძალიან უყვარდა დროსტარება. ვაჟას დარად არც ილია იყო გულგრილი დროსტარების მიმართ. ილიაობაზე ყველას თავისთან ეპატიჟებოდა ხოლმე საგურამოში, თან წესად ჰქონდა, მისი ოჯახიდან ფზიზელი არავინ უნდა გამოსულიყო. ერთ-ერთ ილიაობაზე ვაჟა-ფშაველაც მოხვედრილა და შეზარხოშებულა თუ არა შინ წასვლა მოუნდომებია – ვაჟამ სმაში ზომა იცოდა. ვინ არ მიუსვა ილიამ, რომ დაეთროთ, მაგრამ ფშაველი რის ფშაველი იყო, სიტყვას რომ გადასულიყო. წასასვლელად გამზადებული ვაჟა გარეთ გამოსულა და რას ხედავს: არყით აყროლებული ცხენი ფეხზე ვეღარ დგას. ტორტმანებს.
გულიანად გაუცინია პოეტს და უთქვამს: მე რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო... და იმ ღამეს საგურამოში დარჩენილა.
ერთხელ აკაკი წერეთლის მამას შავი ქვისა და მარგანეცის მოპოვებით დაინტერესებული ფრანგები ეწვივნენ. მათ მიწის ყიდვა სურდათ. როსტომ წერეთელმა კარგად მიიღო სტუმრები, უმასპინძლა, მაგრამ როცა საქმე მიწის გადაფორმებაზე მიდგა, არაფრით საბუთს ხელი არ მოაწერა. ეს პროცედურა მას დამამცირებლად მიაჩნდა: „ხელს ვერაფერზე მოვაწერ, სიტყვა ვუთხარი, ულვაშზე ხელი გადავისვი და მეტი რაღა საბუთი უნდათ?“ – გაიძახოდა გაბრაზებული თავადი.
პაოლო იაშვილი ყოველთვის რუსთაველის გამზირის გავლით ბრუნდებოდა სახლში მწერალთა კავშირიდან. პიონერთა სასახლეს რომ გაუსწორდებოდა, გვერდს არასდროს უქცევდა ერთ გრძელთმიან მოხუცს, რომელიც ტროტუარზე იჯდა, წინ უზარმაზარი ქუდი ედო და მოწყალებას ითხოვდა.
– როგორ გიკითხოთ, დიდო პოეტო, რით გაგვახარებთ, ახალი შედევრი ხომ არ შეგიქმნიათ? – ჰკითხავდა მოხუცი პაოლოს და გაუღიმებდა.
პაოლო, მოხუცს ყოველთვის ვერცხლის მონეტას უგდებდა ქუდში, შემდეგ ახალ ან რომელიმე ძველ ლექსს წაუკითხავდა და ასე აგრძელებდა გზას. ერთ დღეს მოხუცთან მისულ პოეტს მოწყალების მთხოვნელმა მორიგი ფრაზა უთხრა. პაოლომ ჯიბეები მოიჩხრიკა, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდა. დიდი პოეტი შეწუხდა. წამით ჩაფიქრდა. შემდეგ მოხუცს გვერდით მიუჯდა. წინ მისი უზარმაზარი ქუდი დაიდო და ასეთ ფრაზას ამბობდა: მოწყალება გაიღეთ ღარიბი პოეტისთვისო... გამვლელ-გამომვლელებმა, რომლებმაც იცნეს პოეტი, ათ წუთში ვერცხლის მონეტებით აავსეს უზარმაზარი ქუდი. პაოლომ ეს ქუდი პატრონს დაუბრუნა. თავად კი პიონერთა სასახლის კიბეებზე დადგა და ერთი საათის განმავლობაში, საკუთარ ლექსებს უკითხავდა მოწყალების გამღებ მოქალაქეებს. ეს იმპროვიზებული პოეზიის საღამო იმით დასრულდა, რომ თბილისელებმა სახელოვანი ქართველი პოეტი მქუხარე ტაშით გააცილეს შინ.
ერთხელ, ერთ ბოჰემურ სუფრაზე კალმის კორიფეები – კონსტანტინე გამსახურდია და გოგლა ლეონიძე მოხვდნენ. წითელ ღვინოსა და ნაირ-ნაირ კერძებს, სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერებიც ახლდა თან, რომლებსაც დიდებულად ასრულებდნენ მოქეიფე მომღერლები. გამსახურდია კი მეგრული სიმღერების დროს თავადაც ღიღინებდა... შუა ქეიფისას შემთვრალმა გოგლა ლეონიძემ გამსახურდიას უთხრა:
– კოწია, მეგრელები ასეთი ლაღი, მხიარული ხალხი ხართ, სიმღერები კი ნაღვლიანი გაქვთ. ჩვენ, კახელებს ყველა ოხერმა გადაგვიარა, მაგრამ ჩვენი სიმღერები ბევრად მხიარულია თქვენზე. რატომ, რას გლოვობთო?
კონსტანტინე გამსახურდიამ თვალი თვალში გაუყარა დიდ პოეტს და მიუგო:
– იმას ვგლოვობთ და იმიტომ გვაქვს ნაღვლიანი სიმღერები, გოგლა, ძმაო, რომ თქვენ ყველა ოხერმა გადაგიარათო...
ცნობილი სახალხო მთქმელი, ალექსი ჭინჭარაული, ერთხელ განათლების სამინისტროს მოსაცდელში თავის რიგს ელოდა. თუმცა, იქ მასზე ადრე ერთი მოკლეკაბიანი, დეკოლტირებული გოგონა შევიდა და... არა და აღარ გამოვიდა უკან. შეწუხებულმა ჭინჭარაულმა კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, მოსაცდელი დატოვა. მინისტრს კი ბარათი დაუტოვა ექსპრომტად, სადაც ეწერა:
„განათლების დირექტორო,
ვის გიხმობენ „პრასვეტიტელს“,
დღისით, მზისით „პასეტიტელს“,
რატომ იღებ ასე ტიტველს.“
ცნობილი დაღესტნელი პოეტი რასულ გამზატოვი და ირაკლი აბაშიძე ახლო მეგობრები იყვნენ. ერთხელ ირაკლი აბაშიძე გამზატოვს მის მშობლიურ აულში ესტუმრა. რასულმა ის საკუთარი მანქანით წაიყვანა სახლში, გზაში კი მანქანა გაუფუჭდა. გამზატოვმა თავადვე შეაკეთა მანქანა, მაგრამ ხელები გვარიანად დაისვარა. რომ მივიდნენ, რასულს ცოლმა ჭიშკართან (წესისამებრ) ხელ-პირის დასაბანი წყალი, პირსახოცი და საპონი მიაგება ახალმოსულებს.
– საპონი არ მინდა, მხოლოდ წყალი დამისხი, – უთხრა გამზატოვმა ცოლს.
ირაკლი აბაშიძემ რომ გაქათქათებულ პირსახოცს შეავლო თვალი, მეგობარ მასპინძელს ჩვეულებრივი ენაკვიმატობით უთხრა:
– საპონი შენ კი არა, პირსახოცს უნდა, რასულ, ძმაოო...
ერთი მოქალაქე გადაეკიდა გალაკტიონს:
– იცი, მე ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?
– კი. ჰგავხარ, – დაუდასტურა გალამ.
– რითი ვგავარ?
– სიმაღლით.
– კიდევ?
– სიგანით.
– კიდევ, კიდევ?
– წვერ-ულვაშით.
– მაშ, ლექსებს მეც ვწერ და რაღა მაკლია ილია ჭავჭავაძეობამდე?
– ტყვია – შუბლში! – უპასუხა გალაქტიონმა.
ერთხელ მწერალთა კავშირში წითელი აგიტატორი მივიდა, რომელიც ათეისტურ ლექციას ატარებდა და ასე ამტკიცებდა ღმერთის არარსებობას:
– დაფას ხომ ხედავთ? – ჰკითხა ათეისტმა მწერლებს.
– დიახ, – იყო პასუხი.
– ესე იგი, ის არსებობს, – ბრძნულად დაასკვნა ათეისტმა და შემდეგ შეკითხვაზე გადავიდა:
– ღმერთს ხედავთ?
– არა, – იყო პასუხი.
– ესე იგი, ის არ არსებობს, – თქვა ათეისტმა.
ნოდარ დუმბაძემ, რომელიც მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო, ათეისტს სიტყვა გააწყვეტინა და მწერლებს ჰკითხა:
– ჩვენ სტუმარს ხედავთ?
– ვხედავთ, – იყო პასუხი.
– მის ტვინს?
– ვერა, – უპასუხეს მწერლებმა.
– ესე იგი, მას ტვინი არ აქვს, – იუმორით დაასკვნა ნოდარმა.