[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
კომპანია ConocoPhillips ერთ-ერთი წამყვანი ნავთობ და გაზმომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 109,1 მილიარდ დოლარს აღწევს და მსოფლიოს უდიდეს ნავთობკომპანიათა ათეულში შედის. ConocoPhillips-ის წარმატების მთავარ საფუძველს მდიდარ ისტორიულ გამოცდილებასთან და წარმატებით განხორციელებულ გარიგებებთან ერთად უახლესი ტექნოლოგიების გამუდმებით დანერგვა წარმოადგენს.
ConocoPhillips ორი კომპანიის: Conoco Inc-ის და Phillips Petroleum Company-ის შერწყმის შედეგად 2002 წლის 30 აგვისტოს წარმოიქმნა. ამ უმნიშვნელოვანესი გარიგების განხორციელებამდე ორივე მათგანი დამოუკიდებლად ვითარდებოდა, იფურჩქნებოდა და მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ლიდერობისაკენ ისწრაფვოდა.
აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ
Conoco Inc დაარსდა 1875 წლის ნოემბერში, როგორც აშშ-ს დასავლეთით ნავთობის ერთ-ერთი პირველი მიმწოდებელი. კომპანიის დამაარსებელი ისააკ ელდერ ბლეიკი ხედავდა, რომ იუტას შტატის მცხოვრებნი კვლავ სანთლების გამოყენებას ამჯობინებდნენ, რადგან ნავთი ძალიან ძვირი ღირდა და გადაწყვიტა აღმოსავლეთიდან საწვავის შემოტანა დაეწყო. ასე დაარსდა კომპანია Continental Oil and Transportation Company.
ბლეიკმა ბიზნესი ორი ცისტერნა საწვავის შეძენით დაიწყო, მაგრამ საქმე ძალიან მალე კარგად წაუვიდა და რამდენიმე წლის შემდეგ უკვე კალიფორნიაში პირველი ნავთობსადენის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ამასთან, იგი გამუდმებით სიახლის დანერგვისაკენ ისწრაფვოდა, კერძოდ, სწორედ მისი დამსახურება გახლავთ ისეთი რევოლუციური და საინტერესო გამოგონებები, როგორებიცაა ბენზოლი, საპოხი ზეთი, სამედიცინო მალამო და საღეჭი რეზინა. 1909 წელს კომპანიამ დასავლეთში პირველი ავტოგასამართი სადგური ააშენა.
1928 წელს განხორციელდა Continental Oil-ის და Marland Oil-ის შერწყმა. შედეგად, შეიქმნა ახალი კორპორაცია Continental Oil Compani, შემოკლებით, Conoco, რომლის სათავო ოფისში პონოკა სითიში მდებარეობდა და რომელსაც ამერიკის 30 შტატში 3 ათასამდე ჭაბურღილი და კიდევ მეტი სავაჭრო წერტილი ეკუთვნოდა.
გასული საუკუნის 30-იან წლებში კომპანიას მძიმე დროება დაუდგა, რომელიც 1929 წლის სექტემბერში აშშ-ს საფონდო ბირჟის კრიზისით დაიწყო. ამ რთულ პერიოდში ერთობ წარმატებული აღმოჩნდა მარკეტინგული პროგრამა „ჯენტლმენები ბრინჯაოს ამჯობინებენ“, რომლის თანახმადაც მძღოლები უფასოდ იღებდნენ ინფორმაციას იმ გზების შესახებ, რომლებზეც Conoco-ს ავტოგამასართი სადგურები მდებარეობდა.
მეორე მსოფლიო ომისას Conoco აქტიურად თაგამშრომლობდა აშშ-ს ხელისუფლებასთან. ომის დასრულების შემდეგ კი კომპანიის მოღვაწეობის არეალი კონტინენტს გასცდა: Conoco აქტიურ მუშაობას შეუდგა ლიბიაში, საუდის არაბეთში, დასავლეთ გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში. მოკლედ, Conoco მილიარდიანი აქტივების მქონე მსოფლიო კორპორაციად იქცა.
1981 წელს Conoco კომპანია DuPont-მა 7,4 მილიარდ დოლარად შთანთქა და თავის შვილობილ სტრუქტურად აქცია. ეს იმ დროისათვის აშშ-ს ისტორიაში განხორციელებული სარეკორდო გარიგება იყო. ასე გაგრძელდა 1997 წლამდე, როცა Conoco-ს თავკაცის არჩი დანემის მცდელობით კომპანიამ კვლავად დამოუკიდებლობა მოიპოვა.
2002 წელს კი იმავე დანემის თავკაცობით განხორციელდა 17 მილიარდ დოლარად ღირებული გარიგება, რომლის შედეგად კომპანიები Conoco და Phillips Petroleum გაერთიანდნენ და წარმოიშვა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია ConocoPhillips.
სიახლეთა დამნერგავი
Phillips-ის ისტორია 1905 წელს დაიწყო, როცა ამერიკელმა ძმებმა ფილიპსებმა პირველი ჭაბურღილი შეიძინეს. 1917 წელს მათ კომპანია Phillips დააარსეს და ბიზნესის გაფართოვებას აქტიურად შეუდგნენ. ათი წლის შემდეგ ისინი ბენზინს უკვე 10 ათასამდე ავტოგასამართ სადგურზე ყიდდნენ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Phillips-ს სხვადასხვაგვარ გამოგონებაზე 15 ათასზე მეტი პატენტი ეკუთვნის. მათ შორის გახლავთ ისეთი რევოლუციური სიახლეები, როგორებიცაა ბუნებრივი აირის სახლების გასათბობად და კომუნალური საჭიროებებისათვის გამოყენება (1929 წელი), პირველი მულტიფაზური ნავთობსადენის მშენებლობა (1931), “ცივი” სინთეტიკური კაუჩუკის გამოგონება (1944), ღია ზღვაში პირველი ჭაბურღილის გაკეთება (1947), პოლიეთილენის პლასტიკისა და ფირის მასობრივი წარმოების დაწყება (1951), ნებისმიერ ამინდში გამოსადეგი საავტომობილო ზეთის დამზადება (1954).
აღსანიშნავია, რომ Phillips პირველი ნავთობკომპანია იყო, რომელსაც აშშ-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალიასკაზე ბურღვის დაწყების ნებართვა მისცა. 1955 წელს Phillips-მა ღია ზღვაში ბურღვის მხრივ რეკორდი დაამყარა - ნაპირიდან 40 მილი. 1965 წელს პირველმა Phillips-მა განახორციელა იუტას შტატში მდებარე აშშ-ს ეროვნულ პარკში გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოები. 1969 წელს კომპანიამ ნავთობი ჩრდილოეთის ზღვაში აღმოაჩინა.
სანამ Conoco-სთან შერწყმა მოხდებოდა, Phillipს-მა რამდენიმე მეტად საინტერესო გარიგება განახორციელა. კერძოდ, შეიძინა ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიები: ARCO Alaska Inc, Chevron Chemicals და Tosco Corporation. მოკლედ, თანდათანობით აყვავდა და გაიფურჩქნა.
მონსტრის აღმასვლა
Conoco-ს და Phillips-ის გაერთიანებიდან სამიოდე წლის შემდეგ შექმნილმა კომპანიამ მეტად მნიშვნელოვანი გარიგება განახორციელა, რომელმაც მას უმსხვილეს ნავთობკომპანიათა მსოფლიო რეიტინგში მეცხრედან მეექვსე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა. კერძოდ, 2005 და 2006 წლების გასაყარზე ConocoPhillips-მა 35,6 მილიარდ დოლარად ნავთობმომპოვებელი კომპანია Burlington Resources შეიძინა. ეს გარიგებაც არჩი დანემმა განახორციელა და შემდეგ გადადგა კიდეც.
შედეგად, დღეისათვის ConocoPhillips, რომლის შტაბ-ბინა ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარეობს, პრაქტიიკულად ყველა კონტინენტის 50-მდე ქვეყანაში მოღვაწეობს. ყოველდღიურად კომპანია დაახლოებით 6 ათასამდე ტონა ნავთობს მოიპოვებს.
კომპანია ოთხი მიმართულებით მოღვაწეობს: ნავთობის გეოლოგიური დაზვერვა, მოპოვება, გადამუშავება და მიწოდება, ბუნებრივი აირის მოპოვება, გადამუშავება და მიწოდება, ქიმიკატებისა და პლასტმასის წარმოება და ახალი ტექნოლოგიების შექმნაში ინვესტირება. ConocoPhillips-ის ოფიციალურად დეკლარირებული მიზანი „ენერგიის მთელს მსოფლიოში მიწოდებისათვის მორალური ძალის მიღწევა“ გახლავთ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის ამჟამინდელი თავკაცი ჯეიმს მალვა თავს არჩი დანემის იდეურ მემკვიდრედ თვლის, გამორიცხული არ არის, ConocoPhillips-მა ახლო მომავალში კიდევ არაერთი ხმაურიანი გარიგება განახორციელოს და ენერგიის მიწოდების თავისი მორალური ძალა კიდევ უფრო გაზარდოს. ეს კომპანია ხომ გამუდმებით სრულყოფისაკენ ისწრაფვის.
ConocoPhillips-თან დაკავშირებული ბოლო სიახლე კი ის გახლავთ, რომ კომპანია ორ დამოუკიდებელ, სატელიტურ კომპანიად დაშლას აპირებს. კერძოდ, მოხდება ერთი მხრივ, გადამუშავებისა და მარკეტინგის და, მეორე მხრივ, დაზვერვისა და მოპოვების ბიზნესების დაცალკავება. დენემის თქმით, ეს იქნება მის მიერ განხორციელებული ბოლო სერიოზული მარკეტინგული სვლა, რის შემდეგაც იგი გადადგება. ამ დაყოფამ, რომელიც 2012 წელს დასრულდება, კომპანიის აქციები უკვე გააძვირა.