ინგუშეთის პარლამენტის წევრთა ნახევარი მომიტინგეების მხარეს გადავიდა

ინგუშეთის პარლამენტის წევრთა ნახევარი მომიტინგეების მხარეს გადავიდა

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში დაწყებული სახალხო მღელვარებები უვადო მიტინგში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ღამეს ადგილობრივი პარლამენტის შენობასთან ათენებენ და მანამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ მეზობელი ჩეჩნეთისათვის მიწების გადაცემის გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

ამის პარალელურად ინგუშეთის პარლამენტის წევრთა ნაწილი საპროტესტო აქციას შეუერთდა. ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტში ამ საკამათო ინგუშურ-ჩეჩნური შეთანხმების რატიფიცირებისას კენჭისყრის შედეგები გაყალბდა.

ინგუშეთის პარლამენტი 32 დეპუტატისაგან შედგება. ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს ამ შეთანხმების რატიფიცირებისას სხდომას მხოლოდ 25 პარლამენტარი ესწრებოდა. ფარული კენჭისყრის შემდეგ ბიულეტენების დათვისას აღმოჩნდა, რომ 17-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ამ შეთანხმებას, 3 წინააღმდეგი იყო, 5-მა კი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.

დღეს კი პარლამენტის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს ოფიციალური მონაცემები ყალბია. კერძოდ, ჩეჩნეთისათვის მიწის გადაცემის წინააღმდეგ 13 დეპუტატმა მისცა ხმა, 1-მა საერთოდ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, კიდევ 4-მა კი ბიულეტენი შეგნებულად დააზიანა. შესაბამისად, შეთანხმების მომხრე მხოლოდ 7 დეპუტატი იყო.

ეს მონაცემები აქციის მონაწილეებს ინგუშეთის პარლამენტის წევრმა ზაკრი მამილოვმა გააცნო. მისი თქმით, პარლამენტარებმა პროკურატურას მიმართეს და იმის გამოძიებას ითხოვენ, თუ ვინ გააყალბა კენჭისყრის შედეგები. მოგვიანებით მან ჟურნალისტებს წარუდგინა პარლამენტის წევრთა საგანგებო მიმართვა, სადაც 16 დეპუტატი ადასტურებს, რომ კენჭისყრისას ამ შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა.

პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის მასშტაბურ დაპირისპირებას გამორიცხავს.

„მე როგორც ვხედავ, გარკვეული ძალები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ეს დაპირისპირება  მოხდეს. სიმართლე რომ გითხრათ, ამ შემთხვევაში ორივე მხარე გარკვეულწილად დამნაშავეა. ის მიწები, რომელზეც ინგუშები პრეტენზიას გამოთქვამენ, არის საერთო და ყოველთვის იყო. 1934 წლის რუკებით ჩეჩნეთს ეკუთვნოდა. 

რაც შეეხება ხალხის განწყობასა და სადავო ტერიტორიაზე გავითარებულ მოვლენებს, არეშიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, ხოლო ხალხი კი ხელისუფლების ქმედებებითაა საკმაოდ აღიზიანებული:

„ამ სადაო ტერიტორიებზე არაფერი ხდება. დაახლოებით ნახევარი არის დაუსახლებელი, ზოგისთვის ეს არის ათვისებული სახნავი მიწები, ზოგისთვის ეს არის საძოვარი, რომელსაც თავისად თვლიან და ა.შ. ბუნებრივია, ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ჯერჯერობით იქ ფიზიკური მოქმედება არ ხდება - ჩეჩნებმაც თავიანთი გზის გაყვანაც  შეაჩერეს.

„კენჭისყრის პროცესი გაყალბებული იყო. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ერთი შეხედვით, არალეგიტიმურია ეს ყველაფერი. მაგრამ რუსეთის პირობებში ყველაფერი ეს ფორმალობაა, ასეთი ფორმალობები საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენს, უბრალოდ, ინგუშმა დეპუტატებმა სახე შეინარჩუნეს და თავიანთი რეგიონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მისცეს ხმა. ხალხმა ესეც იცის და იმითაცაა გაღიზიანებული, რომ ატყუებენ“, - თქვა ექსპერტმა.

არეშიძემ განაცხადა, რომ  ჩეჩნებმა საკუთარი ტერიტორიის „გასწორება“ მოინდომეს, მაგრამ გამოსვლები არ არის მიმართული კადიროვის წინააღდეგ, ხალხი სხვა საკითხს  აპროტესტებს:

„ახლა კი კადიროვმა მოინდომა ამის გაკეთება. მართალია, დიდი ხანია ამის  თაობაზე საუბრობდა, მაგრამ მას ფორმალური მიზეზი მიეცა. იქ არის პატარა მონაკვეთი, საიდანაც ჩეჩნები შედიოდნენ თავიანთ ტერიტორიაზე, ის შეჭრილია ინგუშურ ტერიტორიაში და ამის ჩამოჭრა მოინდომეს ჩეჩნებმა, რათა თავიანთი ტერიტორია გაესწორებინათ და ყველა მხრიდან ყოფილიყო შესვლა შესაძლებელი. სწორედ ამას მოჰყვა დაძაბულობა. 

„გარკვეულწილად ორივე მხარეა დამნაშავე, მაგრამ კადიროვის ადგილზე, მე არ გავამწვავებდი სიტუაციას, რადგან ინგუშები და ჩეჩნები, პრინციპში, ერთი ერია. 

„თუ ვინმესთან შეიძლება, რომ ინგუშებს შეტაკება მოუხდეთ, მხოლოდ ე.წ. როსგვარდიასთან, რომელთაც ადრეც ჰქონდათ კონფლიქტი. მოგეხსენებათ, რომ ინგუშურმა „ომონმა“ არ გაატარა მიტინგის დასარბევად წამოსული როსგვარდიელები და კინაღამ  სისხლისღვრა მოჰყვა ამას. 

„მე მგონია, რომ გარკვეულწილად მოსკოვი ჩაერევა და შეასრულებს ერთგავრი მედიატორის როლს. არ არის გამორიცხული, რომ უკან გამოიწვიონ ის საზღვრის გამყოფი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს ორივე რეგიონის ხელმძღვანელებმა“, - განუცხადა არეშიძემ „რეზონანსს“.