[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
ევროპაში არსებული კრიზისი რეგიონის ქვეყნებს აიძულებს მდგომარეობის გამოსასწორებლად გზები აქტიურად ეძებონ. 2013 წლიდან ევროს ზონაში შეიქმნება მუდმივი ფინანასური მექანიზმი, რომელსაც ფინანსური სტაბილურობის ფონდი დაერქმევა და მისი მთლიანი მოცულობა 700 მილიარდი ევრო იქნება. ფონდში აკუმულირებული თანხა ერთიანი ვალუტის მოქმედების ზონის წევრი ქვეყნების დახმარებას მოხმარდება. ევროპული ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.
ფინანსური სტაბილურობის ფონდის შექმნის იდეა გასული წლის გაზაფხულზე გაჩნდა. შემდეგ დაიწყო მისი დეტალების განხილვა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტანციაში. გარდა ამისა, ცხადია, ფონდის შექმნა-არშექმნის საკითხი წყდებოდა ალეანსის წევრი ყველა ქვეყნის მთავრობებში.
მოკლედ, მსჯელობა ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა. ფინანასური სტაბილურობის ფონდის დაარსების დოკუმენტს მხარი დაუჭირა 17 ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა: ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ბელგიის, ჰოლანდიის, ლუქსემბურგის, სლოვაკეთის, სლოვენიის, მალტის, საბერძნეთის, კვიპროსის, ესტონეთის და ფინეთის.
როგორც შეთანხმდნენ, ევროზონის ქვეყნები ფონდში 80 მილიარდ ევროს ე.წ. „ცოცხალი ფულით“ შეიტანენ. დანარჩენი თანხა წარმოდგენილი იქნება საბაზრო რესურსების გარანტიებით და ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ვალდებულებებით, შეიტანონ დამატებითი კაპიტალი საჭიროების შემთხვევაში.
ფონდში განსაკუთრებით დიდ თანხებს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკები – გერმანია, საფრანგეთი და იტალია შეიტანენ. კერძოდ, ევროზონის სტაბილურობისათვის გერმანია 190 მილიარდ ევროს გაიღებს, საფრანგეთი 142,7 მილიარდ ევროს, იტალია კი 125,4 მილიარდ ევროს.
ფონდში თანხას შეიტანს ის სამი ქვეყანაც, რომლებსაც ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დახმარება ეწევა. კერძოდ, ირლანდია ფონდში შეიტანს 11,1 მილიარდ ევროს, საბერძნეთი 19,7 მილიარდ ევროს, პორტუგალია კი 17,6 მილიარდ ევროს. ყველაზე მცირე წილს, 0,5 მილიარდ ევროს კი ფონდში მალტა შეიტანს. ქვეყნები ფონდში სახსრებს ხუთი თანაბარი ტრანშით, ხუთი წლის განმავლობაში გადარიცხავენ. პირველი გადარიცხვა 2013 წლის 2 იანვარს უნდა განხორციელდეს.
ფონდიდან სახსრების გამოყოფა ბევრად დაბალი საპროცენტო განაკვეთით განხორციელდება, ვიდრე ეს სხვა დამფინანასებლების მიერ დღეს ხდება. ამასთან, ფონდს შესაძლებლობა ექნება მეორად ბაზარზე შეიძინოს მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციები. მაგრამ, ამასთან, ამა თუ იმ ქვეყანას ფონდიდან თანხა მხოლოდ გარკვეული ეკონომიკური მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ გამოეყოფა.
ახალ ფონდს შესაძლებლობა ექნება ამჟამად არსებული დროებითი ინსტიტუტების ვალდებულებები გადაიბაროს, მათ შორის, რასაკვირველია, პრობლემების მქონე ქვეყნების კრედიტებიც. სავარაუდოდ, ფონდი განთავისუფლებული იქნება მისი აქტივების, შემოსავლების, საკუთრების, ოპერაციების და ტრანზაქციების პირდაპირი გადასახადებისაგან. ფონდის შტაბ-ბინა ლუქსემბურგში განთავსდება, მისი განყოფილება კი ბრიუსელში გაიხსნება.
როგორც ცნობილია, ევროს ზონის კრიზისი მთავარ მიზეზად ანალიტიკოსები საერთო მარეგულირებელი ისტიტუტების არარსებობას თვლიან. ევრო არასრულფასოვან ვალუტად მიიჩნევა, რადგან, მართალია, არსებობს საერთო ევროპული ცინტრალური ბანკი, მაგრამ არ არსებობს საერთო ფინანასთა სამინისტრო. მოგეხსენებათ, ამას წინათ ამგვარი ინსტიტუტის შექმნის შესახებ სერიოზული საუბარი უკვე დაიწყო.
ახალი ფონდი ინტეგრაციის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამასთან, მან ხელი უნდა შეუშალოს ევროპის ფენებად დაყოფას და მსხვილი კრედიტორი ქვეყნის, როგორიცაა გერმანია, ჰეგემონიის დამყარებას. ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ გერმანია კრიზისიდან მოგებული რჩება, რადგან ყველაზე მეტი კრედიტები გასცა, რაც თავისი პირობების კარნახის საშუალებას აძლევს.
თავისთავად ცხადია, ახალი ფონდი ვეღარაფერს უშველის საბერძნეთს, რომლის დეფოლტი გარდაუვალია. მაგრამ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საბერძნეთის დეფოლტი უკონტროლოდ არ განხორციელდეს. ამასთან, დეფოლტისაგან დასაცავია კიდევ ბევრი ევროპული ქვეყანა.
საინტერესოა, რომ ფონდის შემქმნელებს გამორჩათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რა მოხდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე ქვეყანა ფონდში თანხის შეტანაზე უარს იტყვის. ქვეყნებში ხომ არჩევნები ტარდება, მოდის ახალი მთავრობები და ვინ იცის, როგორი იქნება რომელიმე ახალი მთავრობის პოზიცია. მაგალითად, გერმანიაში სულ უფრო კარგავს რეიტინგს ანგელა მერკელის პარტია და თუ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და ახალი მთავრობა ფონდს მთავარ დონორს დააკარგინებს, მაშინ მის არსებობას აზრი აღარ ექნება.
ასე რომ, ევროპელ ეკონომისტებს უფრო მნიშვნელოვანი და მყარი ინსტიტუტების შექმნა მართებთ, რომ ევროზონა კატასტროფისაგან იხსნან.